გაბრიელა ხვედელიძე - სეზონის მაჟორული ფინიში

AutoSharing Option
უკვე გაუწყეთ, რომ ქართველმა მხატვრულმა ტანმოვარჯიშემ გაბრიელა ხვედელიძემ (მწვრთნელი ბელა კობალაძე) ბელგრადში ახალგაზრდა სპორტსმენთა საერთაშორისო ტურნირზე ორი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეჯიბრებაში 15 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის რუსები, რომლებსაც სპორტის ამ სახეობაში საერთაშორისო სარბიელზე მოწინავე პოზიციები უკავიათ. ხვედელიძემ მრავალჭიდში ყველა მათგანი ჩამოიტოვა და 98,667 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

გამარჯვებულს 1,250 ქულით ჩამორჩა იულია ბრავიკინა (რუსეთი). 96,950 ქულით მესამე ადგილი რუმინელ ლუიზა ფილიორიანუს ერგო. ცალკეული საგნების მიხედვით ადგილები ასე განაწილდა:

ბურთი. 1. გაბრიელა ხვედელიძე (23,900), 2. ლუიზა ფილიორიანუ
(23,525), 3. იულია ბრავიკინა (23,508).
რგოლი. 1. ოლგა ბელკოვა (რუსეთი, 24,900), 2. გაბრიელა ხვედელიძე (24,642), 3. ლუიზა ფილიორიანუ (24,308).
გურზები. 1. იულია ბრავიკინა (25,575), 2. გაბრიელა ხვედელიძე (25,375), 3. ლუიზა ფილიორიანუ (24,467).
ბაფთი. 1. იულია ბრავიკინა (25,520), 2. გაბრიელა ხვედელიძე (24,750), 3. ლუიზა ფილიორიანუ (24,650).

"ბელგრადის საერთაშორისო ტურნირში პირველად ვიასპარეზე. ყველაფერი შესანიშნავად იყო ორგანიზებული. ძლიერი კონკურენტები მყავდა.

მათ შორის - 6 რუსი, რუმინელი ფილიორიანუ და მოლდოველი ნიკოლეტა დულგაჰერუ, რომელიც წლეულს ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობდა და ბურთით ვარჯიშში ფინალურ ეტაპზე მედლებისთვისაც კი იბრძოდა.

მართალი გითხრათ, ასე კარგად თუ გამოვიდოდი, არ მეგონა, რადგან წლევანდელი ევროპის პირველობის შემდეგ, სადაც გუნდურსა და გურზებით ვარჯიშში ბრინჯაოს მედლები მოვიპოვე, არსად მიასპარეზია, მაგრამ ჩემს მწვრთნელ ბელა კობალაძესთან ერთად ყველაფერი გავაკეთე წარმატებისთვის.

ამ სეზონში, თანაც ამ პროგრამით, ჩემი ბოლო შეჯიბრება იყო და ძალიან მინდოდა, მაჟორული ფინიში მქონოდა.

მომავალი წლისთვის ახალ პროგრამას ვამუშავებთ, რომელსაც, ალბათ, გაისად თებერვალში ტარტუს საერთაშორისო ტურნირ "მის ვალენტინზე "გამოვცდი", - მითხრა ბელგრადიდან დაბრუნებულმა ხვედელიძემ.

"გაბრიელას წარმატებამ ჩვენც ძალიან გაგვახარა, - ჩაერია საუბარში საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ფიქრია ფანქველაშვილი. - სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სპორტული ფორმა შეინარჩუნა. მტკიცე ხასიათისა და სტაბილური ტანმოვარჯიშეა. მომავალშიც არაერთხელ გაგვახარებს".

- მხატვრულ ტანვარჯიშში მოსალოდნელ ცვლილებებზე რას იტყვი?
- ყოველი ოლიმპიადის შემდეგ ჩვენს სახეობაში, ჩვეულებრივ, პროგრამები და შეფასების წესები იცვლება. საერთაშორისო ფედერაციიდან უკვე მივიღეთ შესაბამისი საბუთები და მითითებები, რომელთა მიხედვით ყველა საგანში ახალი ვარჯიშები გვექნება, რათა მომავალი წლისთვის საფუძვლიანად მოვემზადოთ.

უფროსებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები გველის. ეს შეჯიბრებები 2013 წელს, შესაბამისად, უკრაინასა და ავსტრიაში გაიმართება. ახალგაზრდებში ევროპის მესამე პრიზიორი სალომე ფაჟავა გაისად უკვე უფროსებში იასპარეზებს.

მასთან ერთად ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად ელვირა ზუკაკიშვილი, მედეა გათენაძე, ლია ცეცაძე და სალომე შავდათუაშვილი იბრძოლებენ.

რაც შეეხებათ ახალგაზრდებს, გაბრიელა ხვედელიძისა და სოფიკო ფარულავას მონაწილეობით შეგვეძლო ჯგუფურში კარგი ნაკრები ჩამოგვეყალიბებინა, რომელიც ევროპის პირველობაზე აუცილებლად მედლისთვის იბრძოლებდა, მაგრამ ამ ეტაპზე ვარჩიეთ, რომ ორივე სპორტსმენმა 2013 წელს მხოლოდ ინდივიდუალურში აიმაღლონ ოსტატობა, გრან პრის ტურნირებსა და მსოფლიოს თასის ეტაპებზე მოსინჯონ ძალები, რათა 2014 წელს უფროსებში გადანაცვლებისას მეტი საშეჯიბრო გამოცდილება ჰქონდეთ და სხვა ქართველ ტანმოვარჯიშეებთან ერთად 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის წარმატებით იბრძოლონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული