ნელი სალაძე: ვითარება მეტისმეტად სავალალოა!

AutoSharing Option
მოსკოვში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ნაკრები მეტისმეტად წარუმატებლად გამოვიდა. ერთეულთა თანრიგში ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ერთმა სპორტსმენმა, გაქართველებულმა ბულგარელმა ფილიპა სიმეონოვამ წარადგინა, რომელმაც მრავალჭიდში 48-ე ადგილი დაიკავა - 71,850 ქულა.

წარუმატებლად იასპარეზა ქართულმა გუნდმა ჯგუფურ ვარჯიშშიც (მწვრთნელი - თინათინ ნადირაშვილი). ჩვენი ტანმოვარჯიშეები (თეონა ხელაია, ქეთევან ასიტაშვილი, ირინე ხოფერია, რომინა ბოჟილოვა, მარტინა გროზევა) 29 გუნდს შორის 25-ე ადგილს დასჯერდნენ - 43,150 ქულა. შედეგად, საქართველოს ნაკრები გაისად მონპელიეში გასამართ ოლიმპიადის სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა.

ახალი დებულების თანახმად, მონპელიეში ლიცენზიისთვის მოსკოვში
გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის 24 საუკეთესო გუნდი იბრძოლებს. იქ კი ლიცენზიას ექვსი საუკეთესო ნაკრები მიიღებს. დარჩენლი ოთხი ლიცენზია კი 2012 წლის იანვარში გათამაშდება.
მეტად გართულებულია ლიცენზიის მიღების პროცესი ერთეულთა თანრიგშიც. მონპელიეში 15 ლიცენზია გათამაშდება. დარჩენილ ხუთი ლიცენზიისთვის ტანმოვარჯიშეები 2012 წლის იანვარში იბრძოლებენ.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საქართველო მხატვრულ ტანვარჯიშში ზედიზედ მესამე ოლიმპიადას გამოტოვებს. სპორტის ამ სახეობაში შექმნილი ვითარება საგანგაშოა, ერთ დროს მსოფლიოს ავანგარდში მყოფი ქართული სატანვარჯიშო სკოლა ამჟამად მაჩანჩალებს შორისაა.

შექმნილი ურთულესი სიტუაციის თაობაზე საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის პრეზიდენტ ნელი სალაძეს ვესაუბრეთ.

- საქართველოში მხატვრული ტანვარჯიში გადაშენების პირასაა. თუ სასწრაფოდ არ ვიმოქმედეთ, მალე გვიან იქნება.

- მაინც რამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე?
- უამრავი ფაქტორის დასახელება შეიძლება. ყველაფრის თავი და თავი შეგნებულად არაორგანიზებული მუშაობაა და ამ პირობებში შედეგების მიღწევა წარმოუდგენელია. მაგალითად, არ სრულდება კალენდარული გეგმა, ქაოტურად ტარდება საქართველოს ჩემპიონატი. ფედერაციას ჩვენი აკადემიისთვის ჩემპიონატის ჩატარების თარიღი ერთი კვირით ადრეც კი არ უცნობებია. როგორც წესი, ჩემპიონატი უნდა გაიმართოს ცალკეულ სახეობებსა და მრავალჭიდში. ცალკეულში საერთოდ არ ჩაუტარებიათ, მრავალჭიდი კი ერთ დღეში ჩაატიეს, რაც კატეგორიულად არ შეიძლება. მსაჯობა იყო არაობიექტური, ჩემპიონატში დაუშვეს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე გოგონა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის უფლება არ ჰქონდა.

- როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ მოსკოვში ინდივიდუალურ შეჯიბრებაზე ერთადერთი სპორტსმენი გვყავდა და ისიც ნატურალიზებული?
- ზოგადად, ნატურალიზაციის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ, თუ ვინმე ჩამოგყავს, ის ადგილობრივზე უკეთესი უნდა იყოს. ამ ბულგარელმა კი მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეტი რომ არ ვთქვათ, წარუმატებლად იასპარეზა. დარწმუნებული ვარ, იგივე და უკეთეს შედეგს ქართველიც აჩვენებდა. მაშ, რა საჭირო იყო ასეთსავე დონის უცხოელის ჩამოყვანა? ქართველი ტანმოვარჯიშეები ყოველთვის განთქმულები იყვნენ სილამაზით და ახლა ამის დემონსტრირებაც კი ვერ შევძელით. თანაც, ჩვენს გარდა, ჩემპიონატზე ყველა ქვეყანას სამი-ოთხი სპორტსმენი ჰყავდა, ჩვენ კი ეს უფლება არ გამოვიყენეთ.

როცა საქართველოში მხატვრული ტანვარჯიში ახალი შემოსული იყო, ჩვენი სპორტსმენები საკავშირო პირველობებზე მუდმივად აუტსაიდერები იყვნენ. საკუთარი თვალით ვუყურებდი, როგორ დასცინოდნენ ქართველ გოგონებს შეჯიბრებების დროს. საკუთარ თავს მიზნად დავუსახე, რომ ამ სამარცხვინო სიტუაციიდან გამოვსულიყავით და თავდაუზოგავი შრომით შევძელი ქართული ტანვარჯიშის უმაღლეს დონეზე აყვანა. ახლა კი მე და ჩემი აკადემიის პროფესიონალი მწვრთნელები, ინგა კიკვაძე, ელისო ბედოშვილი, ლალი დოლიძე, ნინო თევზაძე, ინესა მელაძე და სხვები ერთ პატარა დარბაზში ვართ გამომწყვდეული და წყალში იყრება ჩვენი შრომაც და ჩვენი გოგონების მონდომებაც.

- გამოსავალს რაში ხედავთ?
- უპირველეს ყოვლისა, ამ მდგომარეობაზე ვინმემ პასუხი უნდა აგოს. ჯერ კიდევ თავს ვიკავებ კონკრეტული დამნაშავეების დასახელებისგან, მაგრამ მალე ამასაც არ მოვერიდები. თუკი საქმე სამართლიანად არ გაკეთდა, მუდმივად მაჩანჩალები და მსოფლიოს დასაცინები ვიქნებით. წარმატებას წესიერება და სიმართლე განაპირობებს და დღეს ქართულ ტანვარჯიშში ამის უდიდესი დეფიციტია. მივმართავ და ვთხოვ ყველას, ვისაც ამის ნება და ბერკეტები გააჩნია: არანაირ პოსტს არ ვეპოტინები, უბრალოდ, მოგვეცითYსაშუალება, მე და ჩემი თანამოაზრეები ვემსახუროთ ჩვენს საქმეს და ქართული მხატვრული ტანვარჯიში გადარჩება.

დასაკარგი დრო აღარ გვაქვს, ვითარება მეტისმეტად სავალალოა!



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული