ოქროს გეოგრაფია გაიზარდა

AutoSharing Option
სპორტულ ტანვარჯიშში მედლების მორიგი სამი კომპლექტი გათამაშდა.

გამარჯვებულთა გეოგრაფია გაიზარდა - თუ წინა სამ დისციპლინაში ჩინელმა, უნგრელმა და რუმინელმა სპორტსმენებმა იყოჩაღეს, ამჯერად ლონდონის ოლიმპიადის ოქროს მედლები სამხრეთ კორეაში, რუსეთსა და ბრაზილიაში გაემგზავრება.

ვაჟთა შორის ბჯენით ხტომებში ფავორიტი რუსი დენი აბლიაზინი იყო, რომელსაც 3 აგვისტოს 20 წელი შეუსრულდა. მან კვალიფიკაციაში ყველას აჯობა. მისი უმთავრესი კონკურენტი 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ჰაკ სეონ იანგი მეორე იყო.

ფინალში რუსმა და კორეელმა ადგილები გაცვალეს. იანგმა 16.533 ქულით სამხრეთ კორეას სპორტულ ტანვარჯიშში პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
აბლიაზინმა 16,399 ქულა დაიმსახურა. ბრინჯაოს მედალი კი უკრაინელ იგორ რადილოვს ერგო, რომლის აქტივში 16,316 ქულაა.

ვაჟთა პაექრობა ქალებმა ნაირსიმაღლის ორძელზე ვარჯიშით შეცვალეს. აქ ფავორიტებად დიდიბრიტანელი ელიზაბეტ ტვედლი, ჩინელი კესინ ჰე და რუსი ვიქტორია კომოვა განიხილებოდნენ. ყველას კი მეორე რუსმა, ალია მუსტაფინამ აჯობა. მან თითქმის უშეცდომოდ შეასრულა ვარჯიში, რისთვისაც მსაჯებმა 16,133 ქულა არგუნეს.

მუსტაფინას ვერაფრით დაეწია ჩინელი ჰე, რომლის მონაგარი 15,933 ქულა იყო. ბრიტანელი ტვედლი 15,916 ქულით ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ერთ-ერთი ფავორიტი კომოვა კი მეოთხე იყო.

ყველასთვის მოულოდნელად უხეიროდ იასპარეზა მრავალჭიდის ჩემპიონმა, ამერიკელმა გაბრიელე დუგლასმა - ის 14,900 ქულით მე-8 ადგილზე გავიდა.

ანალოგიურად განვითარდა მოვლენები ვაჟთა შორის რგოლებზე ვარჯიშში. აქ 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებული, უმთავრესი ფავორიტი, ჩინელი იიბინგ ჩენი 15,800 ქულით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მას ერთი მეათედით გაუსწრო ბრაზილიელმა არტურ ნაბარეტე ძანეტიმ, რომელმაც კვალიფიკაციაში მე-4 შედეგი აჩვენა.

ბრინჯაოს მედალი კი იტალიელ მატეო მორანდის ნადავლი შეიქნა - მისი შეფასება 15,733 ქულაა.

კაცები

რგოლები

1. არტურ ნაბარეტე (ბრა) 15.900
2. იიბინ ჩენი (ჩინ) 15.800
3. მატეო მორანდი (იტა) 15.733
4. ალექსანდრ ბალანდინი (რუს) 15.666
5. დენის აბლიაზინი (რუს) 15.633
6. ტომი რამოსი (კუბ) 15.600

ბჯენითი ხტომები
1. ჰაკ-სეონ იანი (კორ) 16.533
2. დენის აბლიაზინი (რუს) 16.399
3. იგორ რადივილოვი (უკრ) 16.316
4. ენრიკე გონსალესი (ესპ) 16.183
5. სამუელ მიკულაკი (აშშ) 16.050
6. ისააკ ბოტელა (ესპ) 15.866

ქალები
ნაირსიმაღლის ორძელი
1. ალია მუსტაფინა (რუს) 16.133
2. კესინ ჰე (ჩინ) 15.933
3. ელიზაბეტ ტვიდლი (ბრიტ) 15.916
4. იინან იაო (ჩინ) 15.766
5. ვიქტორია კომოვა (რუს) 15.666
6. ელიზაბეტ ზაიტცი (გერ) 15.266

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული