ტანვარჯიში პრიორიტეტული ხდება

AutoSharing Option
ქუთაისში დამთავრდა სპორტულ ტანმოვარჯიშეთა საქართველოს ღია ჩემპიონატი, რომელშიც მასპინძლებთან ერთად თბილისელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ, სულ - 45 ქალ-ვაჟი.

საასპარეზოდ უნდა ჩამოსულიყვნენ ბათუმელი და ერევნელი ტანმოვარჯიშეები, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით მათ ეს ვერ შეძლეს.

პირველობაზე გოგონათა ნაკლებობა იგრძნობოდა, განსაკუთრებით - უფროს ასაკში. მაგალითად, სპორტის ოსტატის პროგრამით მხოლოდ მასპინძელმა ნატალია ძიძიგურმა მოსინჯა ძალები და, ცხადია, პირველობაც მას ხვდა. ოსტატობის კანდიდატის პროგრამით კი ორი სპორტსმენი გამოდიოდა. ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ბესიკ გამსახურდიამ გვითხრა, რომ უმცროს ასაკში მონაწილეთა ბევრად მეტი რაოდენობა იყო. მათ შორის ის
გოგო-ბიჭები გამოირჩეოდნენ, რომლებსაც 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში მოუწევთ ქვეყნის სპორტული ღირსების დაცვა.

- საქართველოს ღია ჩემპიონატი, რომელიც ქუთაისში იმერეთის რეგიონული ფედერაციის ინიციატივითა და ადგილობრივი მერიის ხელშეწყობით გაიმართა, ჩვენთვის წლის შემაჯამებელი შეჯიბრება იყო, - გვითხრა ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჩიქობავამ. - დაძაბულმა ორთაბრძოლებმა ბევრი ახალი პერსპექტიული სპორტსმენი წარმოაჩინა.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო გოგონებში მაგდა რობაქიძე, ვაჟებში ბიძინა სიჭინავა და იოანე ჯიმშელეიშვილი, საბა აბესაძე, გეგი მარგველანი და ლაშა წიქორიძე, რომლებიც 1998-2002 წლებში არიან დაბადებული. ვიმედოვნებთ, ბევრი მათგანი 2015 წლის თბილისის ოლიმპიურ ფესტივალში იასპარეზებს. ასეთივე მოსაზრების არიან მსოფლიოს ჩემპიონი რუსუდან სიხარულიძე და საქართველოს ვაჟთა ნაკრების მწვრთნელი ამირან ბერიანიძე. ქალბატონ რუსუდანს ამერიკაში სამწლიანი კონტრაქტი დაუმთავრდა და სამშობლოში დაბრუნდა.

2012 წლის იანვრიდან იგი, სავარაუდოდ, საქართველოს ქალთა ნაკრებს ჩაუდგება სათავეში. ქუთაისში ჩატარებულმა შეჯიბრებამ საშუალება მოგვცა, რეალურად შეგვეფასებინა ჩვენი შესაძლებლობები და გაგვერკვია, ქვეყნის მასშტაბით სპორტულ ტანვარჯიშში რა პოტენციალი გაგვაჩნია. აქედან გამომდინარე დავსახავთ სახვალიო გეგმებს, გავზრდით ჩვენი სახეობის გეოგრაფიას საქართველოში.

იმედია, მიმბაძველები გამოუჩნდებიან სახელოვან სპორტსმენს ზაზა აბრამაშვილს, რომელმაც ხაშურში საჯარო სკოლის ბაზაზე საფუძველი ჩაუყარა ბატუტზე მხტომელთა კლუბს. ასეთი კერები უნდა მომრავლდეს ქართლში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, მოკლედ - ყველა რეგიონში. ეს აუცილებელია თუნდაც ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად, თანაც ნაკრებში მოსახვედრად კონკურენცია გაიზრდება. ენთუზიასტებს ჩვენგან მხარდაჭერა არ მოაკლდებათ.

- საამისოდ ბაზებია საჭირო.
- გეთანხმებით. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, 2012 წელს ტანვარჯიშული დარბაზების კეთილმოწყობა და ინვენტარის შეძენა პრიორიტეტული იქნება.

2015 წლის ფესტივალთან დაკავშირებით აქტუალური გახდა თბილისში ტანვარჯიშული სასახლის აშენება, რომლის პროექტის შექმნაზე სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა დიდი ჯგუფი მუშაობს. გაზაფხულისთვის პროექტი მზად იქნება. იმ დროისთვისვე დედაქალაქის ცენტრალურ უბანში შეირჩევა ის ადგილი, სადაც აშენდება სასახლე, რომელიც არა მარტო ტანვარჯიშს, არამედ სპორტის სხვა სახეობებსაც მოემსახურება.

- თქვენ ბატუტი ახსენეთ. როგორ შეაფასებთ ბირმინგემში ჩვენი მხტომელების გამოსვლას?
- ვიმედოვნებდით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლუბა გოლოვინა და თენგიზ კოშკაძე ლონდონის ოლიმპიადისთვის იბრძოლებდნენ. კოშკაძემ ზედ შეჯიბრების წინ ფეხის ტრავმა მიიღო და ექიმებმა ასპარეზობის უფლება არ მისცეს. გოლოვინა კი მცირედი შეცდომის გამო მე-12 ადგილით დაკმაყოფილდა. თუმცა გაისად, 13 იანვარს, მას შანსი ეძლევა, ლონდონის საგზური მოიპოვოს. რაც შეეხებათ ახალგაზრდებს, 17-18-წლიანებში კაკაშვილმა და გოგაშვილმა იყოჩაღეს - სინქრონულ ხტომებში ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ორი სპორტსმენი ინდივიდუალურსა და ერთი წყვილიც სინქრონულ ხტომებში ფინალში იყო, რაც დიდ წარმატებად მიგვაჩნია.

- სამომავლო შეჯიბრებებზე რას იტყვით?
- მომავალ უქმეებზე მოსკოვი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის მიხეილ ვორონინის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. იმ შეჯიბრებაზე ნოდარ ლიონიძე მრავალჭიდში იასპარეზებს, მიხეილ ხარაბაძე კი მხოლოდ ტაიჭზე მოსინჯავს ძალებს.

წლების განმავლობაში მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა შორის დაპირისპირება სუფევდა. ახლა სიტუაცია, ფაქტობრივად, დარეგულირდა. ნელი სალაძესა და ელისო ბედოშვილს ჰყავთ ერთი კარგი ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა, რომელიც სამი თვით მოსკოვში მიემგზავრება დედასთან და იქ განაგრძობს ვარჯიშს.

სალომე, ასევე გაბრიელა ხვედელიძე, თამუნა კობალაძე (მწვრთნელი ბელა კობალაძე), სოფო ფარულავა (მწვრთნელი ლუბა სერგოვანცევა) და ლიზა ბაქრაძე (მწვრთნელი თინათინ ნადირაშვილი) თებერვალში ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ. მათგან საუკეთესო მოსკოვის გრან პრიზე გამოვა. მარტის ბოლოს ეროვნული ჩემპიონატი გვაქვს დაგეგმილი. ორი-სამი მედალოსანი მაის-ივნისის მიჯნაზე ნიჟნი ნოვგოროდში იუნიორთა ევროპის პირველობაზე იბრძოლებს ჯილდოებისთვის, მანამდე კი - აპრილის ბოლოს თბილისში მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირს გავმართავთ, რომელშიც 10-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები იასპარეზებენ.

ასე რომ, მომავალი წელი დაძაბული და საინტერესო ღონისძიებებით აღსავსე იქნება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქუთაისის მერიას და მის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი თევდორაძეს, იმერეთის ტანვარჯიშულ სახეობათა რეგიონულ ფედერაციას (ზაურ ჭელიძე) საქართველოს ღია ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადავუხადო. ვფიქრობ,ქუთაისი სპორტის სხვადასხვა სახეობაში შემაჯამებელ შეჯიბრებათა ეპიცენტრად იქცევა.

კვარცხლბეკი
გოგონები
სპორტის ოსტატის პროგრამით. ნატალია ძიძიგური (ქუთაისი).
ოსტატობის კანდიდატის პროგრამით. 1. ნინო მახვილაძე (ქუთაისი), 2. ჯენა გოდაბრელიძე (თბილისი).
უფროსების I თანრიგი. 1. მაგდა რობაქიძე (ქუთაისი), 2. ნინო გომარელი, 3. ნანა ჩაკვეტაძე (ორივე - თბილისი).
უფროსების II თანრიგი. 1. ქრისტინე მორჩაძე, 2. მარი ვარდანიძე, 3. თამარ გელდიაშვილი (სამივე - ქუთაისი).
მოზარდთა I თანრიგი. 1. მარიამ ფერაძე, 2. ანა მარია აკოფაშვილი, 3. ნინო ჩქარიაული (სამივე - თბილისი).

ვაჟები
სპორტის ოსტატის პროგრამით. 1. ნოდარ ლიონიძე (ქუთაისი), 2. მურმან მაღრაძე (თბილისი), 3. მიხეილ ჟორჟოლიანი (ქუთაისი).
ოსტატობის კანდიდატის პროგრამით. 1. ბიძინა სიჭინავა, 2. იოანე ჯიმშელეიშვილი (ორივე - თბილისი), 3. ლაშა გურეშიძე (ქუთაისი).
უფროსების I თანრიგი. 1. ლაშა წიქორიძე , 2. გეგი მარგველანი (ორივე - ქუთაისი), 3. ლევან სხილაძე (თბილისი), მიხეილ ლაშხია (ქუთაისი).
მოზარდთა I თანრიგი. 1. დემეტრე ბარბაქაძე, 2. დავით მეზურნიშვილი, 3. ლუკა ბარბაქაძე (სამივე - თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული