რაკეტას მეორე ტრიუმფი

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე დასრულდა სნუკერისტთა პროფესიული ტურის (PTC) მეშვიდე ეტაპი, რომელსაც ინგლისის ქალაქი გლოსტერი მასპინძლობდა.

ტურნირის ტრიუმფატორი აღმოჩნდა მასპინძელი რონი ო'სალივანი, რომელმაც ახალ სეზონში უკვე მეორე შეჯიბრი მოიგო. პირველ გამარჯვებას მან ტურის პირველ ეტაპზე ჯერ კიდევ ივნისში მიაღწია.

ფინალში "რაკეტა" (ო'სალივანის მეტსახელი) უელსელ მეტიუ სტივენსს შეხვდა. გადამწყვეტ მატჩში ორივენი ღირსეულად გამოიყურებოდნენ. რონი სწორედ ისეთ ფორმას აჩვენებდა, რომელიც ასე მოენატრათ მის თაყვანისმცემლებს. პირველ და მეორე ფრეიმებში მან 95 და 76-ქულიანი ბრეიკები დააფიქსირდა და 2:0 დაწინაურდა. თუმცა სტივენსს დანებება არც უფიქრია და შემდეგი
პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა არ მისცა მეტიუს ანგარიშის გათანაბრების საშუალება და ოთხი ფრეიმის შემდეგ ანგარიში 3:1 იყო ინგლისელის სასარგებლოდ.

მეხუთე პარტია "სენჩური" ბრეიკით აღინიშნა მეტიუ სტივენსის შესრულებით - უელსელმა ერთ სერიაში 127 ქულა აიღო, მაგრამ მაინც ვერ შეაშინა ო'სალივანი, რომელმაც ყოველგვარი მღელვარების გარეშე აიღო გადამწყვეტ ფრეიმში 88 ქულა და ფინალი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

რონი ო'სალივანი გახდა პირველი სნუკერისტი სეზონში, ვინც PTC-ის ორი ეტაპი მოიგო. გლოსტერში მოგებული სრული თანხა მან კიბოსთან ბრძოლის ცენტრს გადაურიცხა.

PTC-ის მომდევნო ეტაპი 20 ოქტომბერს ირლანდიის ქალაქ კილარნიში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული