მეორე დღე - ვერცხლით

AutoSharing Option
საქართველოს ჭაბუკმა სპორტსმენებმა ტაეკვონდოში ორი წლის წინათ ევროპის პირველობაზე ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. თბილისის სპორტის სასახლეში კი ჩვენებმა მსგავს წარმატებას ასპარეზობის პირველ დღეს მიაღწიეს - როგორც გაუწყეთ, მესამე ადგილი ბექა ქავთარაძემ დაიკავა.

გუშინ ჩვენი ნაკრების წევრმა არშაკ კირაკოსიანმა კვარცხლბეკზე ერთი საფეხურით მაღლა აინაცვლა. 41 კილოგრამი წონითი კატეგორიის პირველ წრეში არშაკმა ერევნელ სურენ ენგიბარიანს სძლია დამაჯერებლად - 1:5, მერე ბულგარელი ალექსანდრ გეორგიევი დაამარცხა, ნახევარფინალში ფრანგ ალექსანდრ ფჩამს აჯობა და გადამწყვეტ პაექრობაში რუსეთის გუნდის წევრ მიხეილ ცქიმანაურს დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში ესპანელი
ადრიან ხიმენეს დოს სანტოსი დაჯაბნა. ოქროსთვის პაექრობაშიც იგი უძლეველი აღმოჩნდა და თბილისელი კირაკოსიანი ვერცხლის მედალს დააჯერა.

ახლოს იყო მედალთან სოსო ქვარცხავაც (45 კგ), რომელმაც ზედიზედ ორი ორთაბრძოლა მოიგო: ჯერ გერმანელ მეჰმეთ იორულმაზს დააყრევინა ფარ-ხმალი, მეორე წრეში სომეხ ჰენრიკ ბადალიანს აჯობა. ნახევარფინალში გადასასვლელი დაძაბული პაექრობა კი დათმო პოლონელ ალბერტ მილერთან, რომელმაც შემდეგ ფინალშიც გაიმარჯვა ბულგარელ დანიელ ტურნოვთან და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

გუშინ სპორტის სასახლის ტატამი გოგონებმაც მოსინჯეს ორ წონით კატეგორიაში. 37 კილოში საქართველოს სპორტულ ღირსებას ლიკა ტორონჯაძე იცავდა. მისი პირველი წრის სამრაუნდიანი პაექრობა ინდრა გრიინთან, ფაქტობრივად, სახელბურთო ანგარიშით დამთავრდა: 21:19 გაიმარჯვა გრიინმა, რომელმაც შემდეგ ყველა მეოქე იოლად დაჯაბნა და ოქროს მედალი დაიმსახურა. 41 კილოში ხატია მეჩითიშვილი სტარტზევე დამარცხდა ფინელ ლოთა ლინასთან და შეჯიბრებას გამოეთიშა. ამ წონაში უძლიერესი იყო პოლონელი პატრიცია ადამკიევიჩი. ფინალში მან ხორვატ ანამარია პეტროვიჩს მოუგო.

კვარცხლბეკი
37 კგ (გოგონები)
1. ინდრა გრიინი (ბელგია)
2. ჩერალდ ლუნგერშაუსენი (გერმანია)
3. ოლგა კოშელიოვა (რუსეთი)
3. გიგდემ სისეკი (თურქეთი)

41 კგ (გოგონები)
1. პატრიცია ადამკიევიჩი (პოლონეთი)
2. ანამარია პეტროვიჩი (ხორვატია)
3. ემილი ვატსონი (დიდიბრიტანეთი)
3. იუდით ასენსიო როდრიგესი (ესპანეთი)

41 კგ (ბიჭები)
1. მიხეილ ცქიმანაური (რუსეთი)
2. არშაკ კირაკოსიანი (საქართველო)
3. ადრიან ხიმენეს დოს სანტოსი (ესპანეთი)
3. ალექსანდრ პჩამი (საფრანგეთი)

45 კგ (ბიჭები)
1. ალბერტ მილერი (პოლონეთი)
2. დანიელ ტურნოვი (ბულგარეთი)
3. ხავიერ ვისენტე რამოსი (ესპანეთი)
3. სერგეი ლუპეტა (რუსეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული