ტაეკვონდო: ქართველებს კორეელები დააკვალიანებენ

AutoSharing Option
წლეულს, ოქტომბრის მიწურულს, ბელორუსის დედაქალაქი მინსკი ტაეკვონდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრებები ქალთა (49, 57, 67 კგ და მძიმე წონა) და ვაჟთა (58, 68, 80 და მძიმე წონა) ოთხ-ოთხ ოლიმპიურ წონაში გაიმართება. ამ ორთაბრძოლებისთვის მონდომებით ემზადება საქართველოს ნაკრები, რომელსაც დახმარებას კორეელი სპეციალისტები გაუწევენ.

გუშინ სასპორტო კომპლექს "არენა 1"-ში ქართველი მწვრთნელებისთვის აზიელმა პროფესიონალებმა პირველი თეორიული და პრაქტიკული სემინარი გამართეს. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე დაესწრნენ.

საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციამ ოთხი
კორეელი სპეციალისტი მსოფლიოს ფედერაციის დახმარებით ჩამოიყვანა. აზიელები ჩვენს ქვეყანაში 40 დღე დარჩებიან და, მწვრთნელების გარდა, ქართველ სპორტსმენებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაუტარებენ, გამოცდილებას გაუზიარებენ. მოწვეული სტუმრები თბილისის შემდეგ საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლებენ - ჯერ ბახმაროში ჩავლენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ფიზიკურ მომზადებას გაივლის, მოგვიანებით ქობულეთს ეწვევიან და საქართველოს კადეტთა ნაკრებს 13 დღის განმავლობაში მოამზადებენ.

- ტაეკვონდო, მოგეხსენებათ, ოლიმპიური სახეობაა და 2020 წლის ტოკიოს თამაშებისთვის სპორტსმენთა მოსამზადებლად კორეელ სპეციალისტთა დახმარება დიდ სამსახურს გაგვიწევს, - გვითხრა ტაეკვონდოში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ბაბუაძემ. - პერსპექტიული სპორტსმენები გვყავს და მათ დასაოსტატებლად ასეთი ზრუნვა შედეგს აუცილებლად მოგვიტანს.

წლეულს კორეაში მსოფლიოს ჩემპიონატზე 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში მერაბ შუკაკიძემ ზედიზედ სამ მეტოქეს აჯობა და რვა საუკეთესოში შესასვლელი ორთაბრძოლა იორდანელ ოლიმპიურ ჩემპიონ აჰმად აბუგჰაუშთან წააგო და მეცხრე ადგილზე გავიდა, სამაგიეროდ, ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად სოლიდური სალიცენზიო ქულები აიღო. მერაბს ყოველგვარი მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ იაპონიის ოლიმპიადაზე მოხვდეს.

ბოლო ორი თვის განმავლობაში საერთაშორისო ტურნირებზე რამდენიმე ქართველმა სპორტსმენმა იყოჩაღა: უფროსებში ლიკა ტორონჯაძემ (49 კგ) გერმანიისა და სლოვაკეთის შეჯიბრებები მოიგო, ბადრი პაქსაშვილმა სლოვაკეთში მე-2 ადგილი დაიკავა, 17 წლის შალვა ჩერტკოშვილმა (58 კგ) სლოვაკეთში თანატოლთა შორის ყველას აჯობა და საუკეთესო მებრძოლის პრიზიც დაიმსახურა. ამავე ასაკში გიგა გამხიტაშვილი (55 კგ) გერმანიის ტურნირზე იყო პირველი.

ევროპის ჩემპიონატამდე ინტენსიურ საწვრთნელ შეკრებებს გავივლით, მერე ორ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირშიც მოვსინჯავთ ძალებს პოლონეთსა და ლატვიაში, მინსკში გასამგზავრებლად გუნდსაც საბოლოოდ მერე დავაკომპლექტებთ.

ჩვენთვის ყველა ტურნირზე აღებულ თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს იაპონიის თამაშებისკენ გზის გასაკვალავად და საამისოდ არაფერს დავიშურებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული