უკრაინელი რძალი საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრებში

AutoSharing Option
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელმა ზაზა ნადირაძემ შარშან კანოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა - ნახევარფინალში გავიდა და ფინალში მოსახვედრად იქ წამის მეასედი დააკლდა.

რადგანაც სამი ათეული წლის შემდეგ ქართველი ნიჩბოსნის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის შანსი გაჩნდა, ნიჩბოსნობისა და კანოეს ეროვნულმა ფედერაციამ (პრეზიდენტი ბეჟან ხურციძე, გენერალური მდივანი ვიტალი გრძელიშვილი) ყველაფერი იღონა, ნადირაძე დეკემბერში უკრაინის დედაქალაქში რომ გაეგზავნა, რათა მსოფლიოს უძლიერეს სპორტსმენებთან წვრთნის საშუალება ჰქონოდა.

ქართველი სპორტსმენი კიევში უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელის - ალექსანდრ ბაკანიჩევის ხელმძღვანელობით ემზადებოდა. სწორედ მასპინძლისაგან შეიტყო, რომ მისი ერთ-ერთი შეგირდი,
უკრაინის ნაკრების წევრი ვლადა კოსიცკა ნოემბერში ქართველთა რძალი გამხდარა.

21 წლის კოსიცკამ , ბაიდარაში მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულმა და პრიზიორმა, ორადგილიანი ბაიდარათი უკრაინის ჩემპიონმა, შარშან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მე-8 ადგილი დაიკავა, თუმცა ლონდონის საგზური ვერ მოიპოვა, რადგან გადამწყვეტ ეტაპზე სახელოვანმა თანაგუნდელმა ოსიპენკო-რადომსკამ აჯობა და ოლიმპიური ლიცენზიაც მას ერგო.

და აი, ჩვენებურზე დაქორწინების შემდეგ ვლადასაც მიეცა იმედი და საქართველოს ოლიმპიურ დელაგაციასაც გაუჩნდა შანსი, ლონდონში წამსვლელთა რიგები კიდევ ერთი წევრით გაზარდოს, ოღონდ, ეს მაშინ მოხდება, თუ კოსიცკა 16-17 მაისს პოზნანის სალიცენზიო ტურნირშიც წარმატებით იასპარეზებს. იმ შეჯიბრებაზე ზაზა ნადირაძეც მოსინჯავს ძალებს. შეგახსენებთ, რომ მცხეთელი კანოისტი საქართველოს პირველობების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორია. შარშან საშემოდგომო ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც მცხეთასთან მტკვარზე გაიმართა, ზაზამ ერთადგილიანი კანოეთი 200 და 500 მეტრზე პირველი ადგილები დაიკავა, შემდეგ მინგეჩაურის საერთაშორისო რეგატაში, სადაც მასპინძლებთან ერთად უკრაინელი, რუსი და თურქი სპორტსმენები გამოდიოდნენ, ჩვენებური სამჯერ ავიდა კვარცხლბეკზე - ერთხელ პირველი, ორჯერ კი მესამე ადგილები ერგო.

ამჟამად ვლადა და ზაზა ბაკანიჩევთან ერთად წახკაძორში (სომხეთი) ორკვირიან საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან. საერთო-ფიზიკური მომზადების შემდეგ ისინი კიევში გაემგზავრებიან და სამი თვის განმავლობაში იქ ივარჯიშებენ. საშეჯიბრო გამოცდილების მისაღებად ტურნირებშიც გამოვლენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ოლიმპიური ჩემპიონის - იულია რიაბჩინსკაიას მემორიალური რეგატა იქნება, რომელსაც აპრილში დნეპროპეტროვსკი უმასპინძლებს. იქ მსოფლიოს უძლიერესი ნიჩბოსნები მოიყრიან თავს.

- მათთან პაექრობა და ძალთა გამოცდა საქართველოს ნაკრების წევრებისთვის სტიმულიც იქნება და ოსტატობის ზრდის საშუალებაც, - გვითხრა ვიტალი გრძელიშვილმა, - ორივე სპორტსმენი შრომისმოყვარეა, გათავისებული აქვთ პასუხისმგებლობა და მოვალეობაც, ამიტომ მომავალი ბატალიებისთვის მონდომებით ემზადებიან. გვჯერა, რომ ჩვენი სპორტსმენების გარჯა უკვალოდ არ ჩაივლის - ლონდონის ოლიმპიადის საგზურის გარეშე არ დარჩებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული