დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან

AutoSharing Option
მშვილდოსანთა მორიგი წარმატების შესახებ მკითხველმა უკვე იცის: აპრილის ბოლოს ქალებმა პოლონურ ლეგნიცაში ევროპის "დიდ პრიზზე" გუნდური შეჯიბრება მოიგეს. თან ამას გადახალისებული შემადგენლობით მიაღწიეს, ფინალში კი რუსები დაამარცხეს.

აქ ერთი უცნაურობა ის იყო, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაზ ფუტკარაძემ "ოჯახური როქი" გააკეთა: გუნდურში არ დააყენა შვილი, ციკო ფუტკარაძე და მის ნაცვლად მეუღლე - ხათუნა ნარიმანიძე შეიყვანა. არადა, საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგებით მესამე მონაწილედ ფუტკარაძე უნდა შესულიყო.

საბედნიეროდ, როქი გამართლებული აღმოჩნდა. ქალების გარდა, საინტერესო იყო ვაჟთა გუნდის გამოსვლაც, სადაც ძირითადი შემადგენლობა უკვე გამოიკვეთა.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მშვილდოსნებმა საქართველოს თასის პირველი ეტაპიც ჩაატარეს, ოთხშაბათს კი ისინი სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მიიღო, მიულოცა წარმატება და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ჩატარებული ტურნირებისა თუ უახლოესი გეგმების შესახებ თამაზ ფუტკარაძე გვესაუბრება.

- პოლონეთში წარმატებას საკმაოდ სახეცვლილი გუნდით მიაღწიეთ, თუმცა ქალებთან ერთად ვაჟებსაც ჰქონდათ დადებითი მომენტები. როგორ აფასებთ მათ გამოსვლას?
- ევროპის "დიდი პრიზით" სეზონიც გაიხსნა, ჩვენ კი ქალთა ნაკრებში მართლაც გვქონდა გარკვეული ცვლილებები - ხათუნა ნარიმანიძეს და ქრისტინე ესებუას დაემატნენ ახალგაზრდებიდან წლეულს გადმოსული ციკო ფუტკარაძე და ნანა მახარაძე. მახარაძე 26 წლისაა, ადრე ისროდა, მაგრამ მერე გათხოვდა, შვილი შეეძინა, რომელიც ახლა ოთხი წლისაა და მანაც ისევ განაახლა ვარჯიში. ის აქამდე ანტალიაშიც გვყავდა წაყვანილი, სადაც ჩვენმა ქალებმა მხოლოდ ფინალი დათმეს თურქებთან, მან კი გუნდში კარგად იმუშავა.

ამიტომ ახლა პოლონეთშიც დავაყენეთ შემადგენლობაში. იქ ნარიმანიძეს შედარებით ცუდი შედეგი ჰქონდა, მაგრამ ვარჩიეთ, ფუტკარაძეს დაესვენა და შედეგმაც არ დააყოვნა. მოვუგეთ იტალიის ძლიერ გუნდს. მართალია, მათ შეცვლილი შემადგენლობა ჰყავდათ, მაგრამ იტალია მაინც იტალიაა და თან პირადში მედალოსანი ჰყავდათ. გოგოებმა კარგად ისროლეს. მახარაძემაც გაგვიმართლა იმედები, კარგად ჩაერთო გუნდში, კარგად ისროლა და მისი ყვითელში მოხვედრილი ისრები ძალიანაც წაგვადგა.

ვაჟებიც კარგად გამოვიდნენ და პირველად აღმოჩნდნენ მეოთხე ადგილზე. მათ ერთი შეხვედრა მოიგეს, მერე კი ჯერ ნახევარფინალში დამარცხდნენ უკრაინასთან, ბრინჯაოსთვის შეხვედრა კი იტალიასთან წააგეს. თუმცა კარგად იბრძოლეს და მხოლოდ 2-3 ქულით წააგეს. იტალიამ 58-58 ქულა გაარტყა, ასეთებთან ბრძოლა კი ძნელია. მაგრამ არც ჩვენი ბიჭებისგან არ ველოდი ასეთ მედგარ ბრძოლას. იმედია, მომავალშიც ასე გააგრძელებენ. ივნისის დასაწყისში ანტალიაში მსოფლიოს თასის მეორე ეტაპი გვაქვს, მესამე - ამერიკაშია და მეოთხე - ბერლინში. ანტალიაში 4-4 ქალი და ვაჟი მიგვყავს.

აქვე უნდა ვთქვა, რომ ლეგნიცაში ძალიან ცუდი ამინდი იყო - წვიმა, ქარი, სიცივე. ძალიან ციოდა. იმდენად, რომ შესარჩევის ბოლო სერიებში მსროლელებს სიცივისგან ხელები სტკიოდათ და დაბალი შედეგებიც დაფიქსირდა. მაღალი შედეგები მხოლოდ ჩრდილოური ქვეყნების წარმომადგენლებს ჰქონდათ. მაგალითად, საკვალიფიკაციო შეჯიბრება ესტონელმა რეენა პარნატიმ მოიგო და მათი მწვრთნელი გვეხუმრებოდა, ზამთარში ჩვენთან ჩამოდით სავარჯიშოდ და მიეჩვევითო.

- ქალებში რუსებთან ფინალური შეხვედრა როგორ წარიმართა?
- აქ ცოტა უცნაური სიტუაცია შეიქმნა - ერთ სერიაში ჩვენმა მსროლელმა ბოლოს 4-იანი გაარტყა, იმათმა კი საერთოდ ააცილა. მაგრამ ეს კიდევ არაფერი, რუსთა იმავე სპორტსმენმა მესამე სერიაშიც ააცილა და ბოლოს მწვრთნელი ეხუმრებოდა, ქართველებს ხომ არ მოუსყიდიხარო. თუმცა, სპორტია, სროლაა და ხდება ასეთებიც, მე კი ქალების კმაყოფილი ვარ, ასე კარგად რომ შეერწყნენ ერთმანეთს. როცა სპორტსმენს ნაკლები პრობლემები აქვს - დაოჯახებულია, ხელფასი აქვს, ეს შედეგებსაც ეტყობა. მახარაძესაც დავუნიშნეთ ხელფასი, დანარჩენ გოგოებს და ბიჭებს კი გავუზარდეთ, რამაც ენთუზიაზმი გამოიწვია. კარგი ამინდი რომ ყოფილიყო, შედეგებიც უფრო მაღალი იქნებოდა.

ინვენტარიც მივიღეთ უკვე ამერიკიდან, რომელიც ფედერაციამ იმ პრემიებით შეიძინა, ლიცენზიების მოპოვებისთვის რომ დაგვერიცხა სახელმწიფოსგან. იმ თანხის ნაწილი ინფრასტრუქტურაზე, ნაწილი კი სახეობის განვითარებაზე დაიხარჯა. ახლა იარაღის 30 კომპლექტი შევიძინეთ, რაც ახალგაზრდებსაც დაურიგდება, ვინაიდან ჭაბუკებს წლეულს ოქტომბერში მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადის შესარჩევი შეჯიბრება ელოდებათ და იმისთვის უნდა მოემზადონ. იქ მონაწილეობას 2001-2003 წლებში დაბადებულები მიიღებენ და, იმედია, მიზანსაც მივაღწევთ. ბიჭები უფრო მეტად არიან მზად, აი, გოგოების მოძლიერება გვჭირდება უფრო მეტად.

- გუნდურში ფუტკარაძე რატომ შეცალეთ - გამოუცდელობის გამო ვერ ენდეთ?
- კი, ეგ მიზეზი იყო და ვარჩიეთ ნარიმანიძის დაყენება. ამაზე პრეტენზია არც ციკოს ჰქონია. სხვათა შორის, იქ პირველად გვქონდა ოჯახური საუბარი ამ თემაზე. ზოგადად, ოჯახში მშვილდოსნობაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ სასტუმროში რომ დავბრუნდით, მოგვიწია ამაზე საუბარმა - რა ვქნათ, ვინ დავაყენოთ გუნდში-თქო. ციკომ თავისით გვითხრა, აჯობებს, დედამ ისროლოს, რადგან მეტი გამოცდილება აქვს, მე არ ვისვრიო.

ფუტკარაძე საქართველოს ჩემპიონიც გახდა, პოლონეთიდან დაბრუნებიდან სამ დღეში კი საქართველოს თასის პირველი ეტაპიც მოიგო - საკვალიფიკაციოშიც გაიმარჯვა და საბოლოოდაც.

თან ორივე ფინალში ნარიმანიძეს მოუგო. შეიძლება ვინმემ იფიქროს, დედა უთმობსო, მაგრამ ციკოს არ სჭირდება ეს და ისეთი ბრძოლა იყო, რომ იტყვიან, დედა შვილს არ აიყვანს ხელშიო. ციკომ მოუმატა, კარგად ვარჯიშობს, დამჯერია, ხოლო ვინც იჯერებს, შედეგსაც აღწევს. ამას იმავე ნანა მახარაძეზეც ვამბობ - ანტალიაში წავიყვანეთ, სადაც ძველი ინვენტარით აჩვენა შედეგი. თუმცა შეპირებული ვიყავით, რომ რადგან მანამ ვერ მოვასწარით, იქიდან დაბრუნებულს ახალ ინვენტარს მივცემდით. დაპირებაც შევასრულეთ, შეკრებაზე იარაღიც მოვურგეთ და პოლონეთში კარგადაც ისროლა, გაზარდა შედეგი, ჩვენგან მეორე იყო. მჯერა, რომ კიდევ უფრო მოუმატებს.

საქართველოს თასზეც მესამე იყო. მან, ფუტკარაძემ და ნარიმანიძემ გადალახეს ფედერაციის მიერ ქალებისთვის დაწესებული საერთაშორისო კვოტა - 630 ქულა. ესებუამ ვერ გადალახა, მაგრამ დებულებით, მწვრთნელს აქვს ერთი სპორტსმენის დამატების უფლება და ამიტომ ანტალიაში ისიც მიგვყავს. სხვათა შორის, ამავე პრინციპით ვაჟებშიც ვამატებთ ერთ მონაწილეს. მათთან კვოტა 640 ქულაა, ზურაბ მესტვირიშვილს კი 2 ქულა დააკლდა იქამდე. თუმცა ის საქართველოს ჩემპიონია, თასის პირველი ეტაპიც მოიგო და შანსს ვაძლევთ, შრომას არ ვუკარგავთ არავის.

- ფაქტია, რომ ორივე გუნდში გაჩნდა კონკურენცია.
- საბედნიეროდ, მართლაც გაჩნდა, თუმცა ჯერ - უფრო ქალებში. ვაჟებში გამოიკვეთა სტაბილური შემადგენლობა, თუმცა იქაც ახალგაზრდები უფრო მოინდომებენ, რომ შეავიწროონ ლიდერები. ახალგაზრდები კარგად მოდიან.

თუმცა ვაჟები ძველი ისრებით ისროდნენ - მეცოდებოდნენ, რომ ვუყურებდი. სამწუხაროდ, ზემოხსენებულმა ინვენტარმა ჩამოსვლა დააგვიანა და აქამდე ვერ მოვუსწარით მათ. ამერიკულ ფირმას რომ ვეკითხებოდით შეფერხების მიზეზს, გვეუბნებოდნენ, რომ იარაღი თბილისშია ჩამოსული, მაგრამ ფოსტამ თურმე ვერ გვიპოვა ჩვენს მისამართზე (!). დღეს, მინისტრთან შეხვედრაზე რომ ვიყავით, მაშინ დაურეკეს ლეკვეიშვილს, თქვენი ინვენტარი სად მოგიტანოთო. არადა, 20 დღეა, თბილისშია ჩამოტანილი.

- იულია ლობჟანიძე რას აპირებს?
- არაფერი არ ვიცი - გათხოვების შემდეგ არ გვიკავშირდება და ტელეფონიც შეცვალა. ასე რომ, ვერ დავუკავშირდით. არც სოციალურ ქსელებში ეხმიანება გოგოებს. ფედერაციის გენერალურ მდივან დავით ლეკვეიშვილს უფრო აქვს მასთან კონტაქტი და როგორც მისგან ვიცი, ბავშვს ელოდება.

- დაბოლოს, თუ იგეგმება ახალი ცენტრების გახსნა, მასობრიობის გაზრდა, მატერიალური ბაზის მოწესრიგება?
- ბათუმში ანგისას სასროლეთზე ვაუმჯობესებთ პირობებს: ფედერაციის სახსრებით კაპიტალური შენობა გავაკეთეთ - ორსართულიანი, 230 კვადრატული მეტრის შენობაა. მალე დასრულდება მისი კეთილმოწყობა. სამზარეულოც გვექნება და ახლა საპირფარეშოებია მოსაწყობი, მათ შორის - პარასპორტსმენებისთვისაც. სასტუმროც იქვე ახლოს შევარჩიეთ, ტრასპორტირება იაფი რომ დაგვიჯდეს.

სხვა რაიონებს რაც შეეხება, ჩემი ინფორმაციით, ჯგუფის გახსნას აპირებენ მარნეულში. ასევე უნდათ მშვილდოსნობის აღორძინება ასპინძაში, სადაც თასის მესამე ეტაპი ისედაც გვაქვს დაგეგმილი. მეორე ეტაპი ქუთაისში გაიმართება, სადაც ახალგაზრდებიც მოდიან - ბათუმში თასზე ორი ახალი სპორტსმენიც ჰყავდათ ჩამოყვანილი ასაკობრივ გუნდში. ინვენტარითაც ყველას ვეხმარებით და ახალ წლამდე კიდევ შევიძენთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული