რობერტ შავლაყაძეს დაკარგული ოლიმპიური ოქროს მედლის ასლი გადასცეს

AutoSharing Option
ფოტოზე: პაატა ნაცვლიშვილი, რობერტ შავლაყაძე, ლერი ხაბელოვი
მარადიული ქალაქის ოლიმპიური სტადიონი დუღდა და გადმოდუღდა. სიმაღლეზე ხტომის სექტორთან უამრავმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი ხუთგზის მსოფლიოს რეკორდსმენის, ჩიკაგოელ კენგურუდ მონათლული ჯონ თომასის მორიგი გამარჯვების საყურებლად. ქომაგებს სურდათ, ახლოდან ენახათ თავიანთი კერპი. ოკეანისგაღმელს ჟურნალისტებიც მოსვენებას არ აძლევდნენ: სურათებს უღებდნენ და რედაქციებში ინფორმაციებსაც კი გზავნიდნენ ამერიკელზე, როგორც მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონზე. თომასიც წინასწარ იღებდა მილოცვებს.

ეს იყო 1960 წლის პირველ სექტემბერს.

27 წლის რობერტ შავლაყაძეს იმ დღეს ნერვიც არ ასტოკებია. ფავორიტებმა შეჯიბრება 190 სანტიმეტრი სიმაღლით დაიწყეს.
არც 195 სანტიმეტრზე გადებულ თამასას დაუბრკოლებია ისინი. ქართველმა მძლეოსანმა ორივე სიმაღლეზე უარი თქვა და იქვე, სარბენ ბილიკებზე სპრინტერთა შეჯიბრების საყურებლად შებრუნდა.

- რობერტ, რას შვრები? - უყვიროდა ტრიბუნიდან საკავშირო ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ დიაჩკოვი. შავლაყაძეს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია - თავისი "შპარგალკით" მოქმედებდა. მთავარი მეტოქეები 2 მეტრზე რომ ავიდნენ, მაშინ გამოიყენა პირველი ცდა. მერეც წარმატებით დაძლია 203, 206, 209, 211 სანტიმეტრი...

რობერტ შავლაყაძემ სიმაღლეზე ხტომაში ამერიკელთა ჰეგემონიას ჯერ კიდევ 1959 წელს ფილადელფიაში, აშშ-ის და საბჭოთა კავშირის მძლეოსანთა ტრადიციული "გიგანტთა მატჩისას" შეურყია ტახტი, პირველი ადგილი რომ დაიკავა. და აი, ერთი წლის შემდეგ სასწაულის მოლოდინში ბობოქრობდა "ფორო იტალიკო".

ჯონ თომასი, რომელმაც ოლიმპიადამდე თვე-ნახევრით ადრე მსოფლიო რეკორდი (222) დაამყარა, ასევე, მელბურნის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ჩარლზ დიუმასი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ვიქტორ ბოლოშოვი და ევროპის რეკორდსმენი ვალერი ბრუმელი (217) საკუთარ თავებს აღარ ჰგავდნენ.

შავლაყაძე კი, ქომაგთა გასაკვირად, ყველა სიმაღლეს პირველსავე ცდაზე იღებდა. ბოლოს 216 სანტიმეტრზე გადებულ თამასას გადაევლო და ოლიმპიური რეკორდით ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

მეორე დღეს იტალიურ გაზეთებში დაიბეჭდა: "სიმაღლეზე ხტომის ოქროს წიგნში დღემდე არ იყო არც ერთი ევროპელის სახელი. დღეს თბილისელმა რობერტ შავლაყაძემ ახალი ფურცელი ჩაწერა ამ მატიანეში"...

სახელოვანმა ქართველმა მძლეოსანმა ოლიმპიური ოქროს მედალი ქართული სპორტის მუზეუმს გადასცა. გარკვეული დროის შემდეგ ძვირფასი ჯილდო, სამწუხაროდ, უკვალოდ გაქრა.

ორიოდე დღის წინ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი შინ ეწვია რობერტ შავლაყაძეს, რომელიც ბოლო დროს ჯანმრთელობის გაუარესებას უჩივის. სეოკ-ის თავკაცმა მას მუზეუმიდან დაკარგული ოლიმპიური ოქროს მედლის ასლი გადასცა, რომელიც ჩვენების თხოვნით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაამზადა.

ამ საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები - ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი და ჟურნალ "ოლიმპიელის" რედაქტორი პაატა ნაცვლიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული