ბაჩანა ხორავამ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გრძელდება 23 წლამდე მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით იასპარეზა სიგრძეზე მხტომელმა ბაჩანა ხორავამ - დამოუკიდებელი საქართველოს "სპორტის დედოფალს" მან ამ ასაკში პირველი მედალი მოუტანა.

ქართველი ათლეტი ტალინში 7.97 მეტრზე გადახტა და მესამე ადგილი დაიკავა - მეორე ადგილზე გასულ რადეკ იუშკას (ჩეხეთი) სამი სანტიმეტრით ჩამორჩა. 8.14 მეტრით ჩემპიონობა ფაბიან ჰეინლიმ (გერმანია) მოიპოვა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ხორავამ ევროპის ჩემპიონატის ლიცენზია ბაქოში, აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატში მოიპოვა, სადაც 8.01 მეტრი დასძლია. მანვე ბაქოში პირველ ევროპულ თამაშებში 7.64 მეტრით ყველას
აჯობა და თამაშების რეკორდიც დაამყარა.

აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატზე დაიმსახურა ტალინის საგზური სამმხტომელმა ლაშა თორღვაიძემ 16.58 მეტრით. მას რომ ეს შედეგი ბალტიისპირეთშიც ეჩვენებინა, მესამე ადგილზე გავიდოდა. ესტონეთის დედაქალაქში ლაშა 16.33 მეტრზე გადახტა, რაც მხოლოდ მე-4 ადგილისთვის ეყო. კვარცხლბეკზე ადგილები კი ასე განაწილდა: 1. დმიტრი ჩიჟიკოვი (რუსეთი, 17.05), 2. გიორგი ცონოვი (ბულგარეთი, 16.77), 3. ილია პოტაპცევი (რუსეთი, 16.46).

ხვალ კოლუმბიაში 1998-99 წლებში დაბადებულ მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. ქართველთაგან ამ შეჯიბრებაში გიორგი მუჯარიძე (ბირთვი), თემურ აბულაშვილი (ბადრო) და საბა კურდღელია (სიგრძეზე ხტომა) იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული