უხვი ნადავლით ბაქოდან

AutoSharing Option
სამ წელიწადში თბილისი ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ამ ღონისძიებისთვის მზადება, კარგა ხანია, დაიწყეს ჩვენმა მძლეოსნებმა.

1997-1999 წლებში დაბადებული გოგო-ბიჭებისთვის უკვე რამდენიმე ღონისძიება მოეწყო. გასულ უქმეებზე ქართველმა სპორტსმენებმა აზერბაიჯანის ღია პირველობაში იასპარეზეს.

შეჯიბრება დახურულ დარბაზში გაიმართა. "სპორტის დედოფლის" ექვს სახეობაში თანატოლებთან პაექრობისას სტუმრებმა 8 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ჩვენებურთაგან განსაკუთრებით გამოირჩა ზაურ ებრალიძე, რომელმაც 600 მეტრზე რბენაში (1.39,40) პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო 200 მეტრზე (26,68) მეორე ადგილს დაყაბულდა.

ებრალიძის მსგავსად, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ: თეონა მაჭარაშვილი
(60 მ, 8,07), მარიამ ჩაკაბერია (200 მ, 27,43), ლიდია ბერძენიშვილი (600 მ, 1.48,97), ქრისტინა ზოლოტუხინა (სიმაღლეზე ხტომა, 1,45), მარი ძაგნიძე (სიგრძეზე ხტომა, 4,85), დავით ჭედია (200 მ, 25,71), გიორგი მუჯარიძე (ბირთვის კვრა, 14,35).

ვერცხლის მედლები დაიმსახურეს მაკა სანიკიძემ (600 მ, 1.49,76), სალომე ფოცხვერაშვილმა (სიგრძეზე ხტომა, 4,52), მარი მწითურმა (სიმაღლეზე ხტომა, 1,35) და ნიკა ყაზარაშვილმა (სიგრძეზე ხტომა, 5,30); ხოლო თამარ მახარაძე (სიგრძეზე ხტომა, 4,26) და სანდრო ღამბაშიძე (600 მ, 1.41,10) მესამე ადგილებს დასჯერდნენ. დავით ლუკავამ სიგრძეზე ხტომაში (5,25) მე-4 ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული