რობერტა გიბის ისტორია - პირველი ქალი, რომელმაც ბოსტონის მარათონი გაირბინა

AutoSharing Option
მეგობრები მას ბობის ეძახიან. შესაძლოა, სახელს მაინც აქვს გავლენა ბედზე. რობერტა დღეს 73 წლისაა. თუ მის რეზუმეს გადავავლებთ თვალს, ეფექტურ სიას მივიღებთ: ბობი გიბი იყო ცხენოსნობის ისტრუქტორი, მოქანდაკე, ადვოკატი, ასისტენტი ლაბორატორიაში, დაწერა წიგნი ინფლაციაზე, ეკონომიკაზე, გამოაქვეყნა საბავშვო ზღაპრები, დღემდე მუშაობს კინოსტუდიებში კონსულტანტად.

1966 წელს, ის მხოლოდ 23 წლის იყო. სასიამოვნო გამხდარი გოგონა. უყვარდა ჰიპებთან გართობა, სწავლობდა ბოსტონის ხელოვნების აკადემიაში, ატარებდა ტანსაცმელს, რომელიც მთლიანად ფარავდა მის ფიგურას, შიშველ ფეხზე უმცროსი დის "მოკასინები" ეცვა. სწორედ ასე გამოწყობილი, ბოსტონის სახელგანთქმული მარათონის სასტარტო ხაზთან
ახლოს მდებარე ბუჩქიდან მორბენლების ბრბოში გადახტა. ეს ლეგენდარული ნახტომი სასტარტო გასროლისთანავე მოხდა.

ამ ნახტომით მან დაარღვია ქალის ქცევის თითქმის ყველა ნორმა, რომელიც იმ დროს ამერიკულ საზოგადოებაში იყო გამეფებული. მაგრამ ბოსტონის ჯურღმულებიდან გამოსული გოგონასთვის, ამგვარი ქცევა დიდი ხანია ნორმა იყო - მისმა ბავშვობამ ბიჭების კომპანიაში ჩაიარა.

ბობი 1942 წელს დაიბადა - იმ დროს, როცა შეუხედავი ქალები უმნიშვნელო სამუშაოს თანხმდებოდნენ და ელოდნენ - როდის შეირთავდა ვინმე ცოლად. ლამაზი ქალები საერთოდ არ მუშაობდნენ - მამის ზურგიდან ქმრების კისერზე გადადიოდნენ. მაგრამ რობერტა ფემინიზმის მეორე ტალღის დროს დაიბადა - ჰიპისა და ცივი ომის ეპოქაში, რაც აუცილებლად წარმოშობდა უამრავ საკრალურ კითხვას განათლებული და ქუჩის ჩხუბებში გაზრდილი გოგონას გონებაში.

* * *
60-იან წლებში გავრცელებული იყო გასაოცარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ მამაკაცებისთვის ჩვეულებრივი დატვირთვები, ქალებისთვის სასიკვდილო იქნებოდა. ეს მოსაზრება ბოსტონის მარათონის 42-კილომეტრიან დისტანციასაც შეეხებოდა. ბობიმ პირველად ეს გარბენი 1964 წელს იხილა, მაგრამ არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ მორბენლებს შორის ქალები არ იყვნენ - ფიზიკური ამტანობის ლიმიტის გადალახვამ გოგონას გონება დაიპყრო. ეს მისთვის სუპერმიზანი გახდა: "მე გავირბენ ამას". მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ მიხვდა, რომ მისი ნაბიჯი სოციალურად მნიშვნელოვანი განცხადება გახდებოდა.

მან მზადება დაიწყო. მწვრთნელის, წიგნებისა და სპეციალური ფეხსაცმლის გარეშე: არც ერთი მამაკაცი არ გარისკავდა გოგონას მომზადებას მარათონისთვის, თუნდაც ფულის სანაცვლოდ, ხოლო ქალი მწვრთნელები, ბუნებრივია, არ არსებობდნენ. ბიბლიოთეკაში არ მოიძიებოდა სუსტი სქესისთვის შესაბამისი ლიტერატურა, ხოლო ქალებისთვის განკუთვნილი სპორტული ფეხსაცმლის გამოშვებამდე ჯერ კიდევ 20 წელს რჩებოდა. საყოველთაოდ გავრცელებული აზრიდან გამომდინარე, გოგონას მართლაც ეშინოდა, რომ 42-კილომეტრიან დისტანციას შეეძლო ის მოეკლა. ასე გახდა მარათონი მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ეს იყო საკუთარი თავის რწმენისა და საზოგადოებრივი სისულელისთვის პასუხის გაცემის საკითხი.

ბობი ყოველდღე უსინჯავდა ნიადაგს თავის ფიზიკურ შესაძლელობებს - სულ უფრო და უფრო მეტს დარბოდა. ექთნისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელები მალე ცვთებოდა. როცა მშობლები შვებულებაში გაემგზავრნენ, მამის ავტობუსი Volkswagen T1 გამოიყვანა და დასავლეთში წყნარი ოკეანისკენ გაემგზავრა. ავტობუსს გაჩერებაზე ტოვებდა, დარბოდა რამდენიც შეეძლო, უკან ბრუნდებოდა და გზას აგრძელებდა. დარბოდა კლდეებზე, მისისიპის გასწვრივ, უდაბნოებში, ჭაობებში... როცა გოგონამ დასავლეთ სანაპიროს მიაღწია, უკვე უპრობლემოდ შეეძლო 60 კილომეტრის გარბენა. და არ კვდებოდა. ის მზად იყო ბოსტონის მარათონისთვის.

მაგრამ ბოსტონის მარათონი არ იყო მზად მისთვის. ბობი გიბმა 1966 წლის თებერვალში გააგზავნა განაცხადი მონაწილეობაზე. თავად გარბენის დირექტორმა უპასუხა. "თქვენ ვერ მიიღებთ მონაწილეობას, რადგან ეს მამაკაცების შეჯიბრია. და თქვენ ფიზიკურად არ შეგიძლიათ გაირბინოთ 40 კილომეტრი", - წაიკითხა გოგონამ, რომელსაც უფრო დიდი დისტანციის დაფარვა შეეძლო.

* * *
მარათონის დღეს, მან აიღო ძმის "ბერმუდები" (სპეციფიური მოკლე შარვლები, მეორე მსოფლიოს ომის დროს, ბრიტანელი კოლონიალისტების ფორმა) აიღო, ჩაიცვა საცურაო კოსტუმი, ზემოდან პერანგი და სქელი კომბინეზონი კაპიუშონით და ბუჩქებში დაიმალა. მორბენლებში ნახტომიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ბობი მიხვდა, რომ გადახურდა - ზედმეტი ტანსაცმელი აშკარად ხელს უშლიდა. მაგრამ გახდას ვერ ბედავდა - ბობიმ არ იცოდა, რა რეაქცია მოყვებოდა ამას: მარტოდ მარტო ამდენ მამაკაც მორბენალს შორის, ტროტუარებზე - მოზეიმე ხაალხი, რომლებსაც პოლიცია აკავებდა... ის, უბრალოდ, შეიძლებლდა დაეპატიმრებინათ ან ბრბოდან ვიღაც დასხმოდა თავს. და მაშინ, მთელი ორწლიანი მომზადება, მთელი რისკი, მთელი ეს შიში ჯანმრთელობაზე წყალში ჩაიყრებოდა. და გაგრძელდებოდა მარათონის დირექტორის პირიდან შოვინისტური სტერეოტიპის ფრქვევა.

მაგრამ, ბობისთვის გასაკვირად, ყველაფერი 180 გრადუსით შემობრუნდა. მაისურებსა და მოკლე შარვლებში გამოწყობილი მორბენლებისთვის დიდი სირთულე არ ყოფილა იმის მიხვედრა, რომ უცნაურ ტანსაცმელში გამოწყობილი მორბენალი - გოგონა იყო. ბობიმ მაშინვე გაიფიქრა, რომ ვინმე სასწრაფოდ პოლიციას დაუძახებდა, მაგრამ მას უთხრეს - გაიხადე პერანგი და თუ ვინმე შენს შეჩერებას მოინდომებს, ერთ წამში მოვიგერიებთ. და ბობი გრძელი პერანგი მოიშორა.

ხალხში ძალიან მალე გავრცელდა ამბავი ქალი მორბენლის შესახებ. რობერტას უკვირდა, რომ მამაკაცები მხრებზე ხელს ურტყამდნენ, ქალები კი ტიროდნენ. როცა უელსლი კოლეჯთან ჩაირბინა, ყველა სტუდენტი ჩამწკრივდა ბობი გიბის მისასალმებლად. ფინიშზე კი მას უკვე ელოდა მასაჩუსეტსის გუბერნატორი ჯონ ვოლპე - სპეციალურად, რათა მისთვის ხელი ჩამოერთმია. ბობი მარათონის მონაწილეთა პირველ მესამედთან ერთად მივიდა ფინიშთან.

რობერტა დარწმუნებულია, რომ უკეთაც გაირბენდა: მისი მსუბუქი ფეხსაცმელი გაცვთა და ფინიშზე ფეხის ძირები ისე ჰქონდა დაზიანებული, რომ თითის წვერებზე დარბოდა. სტარტიდან ძალის ეკონომიაზე ფიქრობდა, რადგან ეშინოდა, რომ თავისი ტანსაცმლის გადამკიდე, დისტანციის შუაში დაეცემოდა.

ოფიციალურად ქალები მარათონში 1972 წლიდან ეწერებოდნენ, მაგრამ, როცა 1967 და 1968 წლების მარათონში მონაწილეობისთვის ბობიმ ძველ ილეთი გაიმეორა, დაინახა, რომ მის გარშემო უკვე ბევრი ქალი დარბოდა - ისინც წინასწარ არ ჩაწერილან და ნომერი არ მიუღიათ. ისინიც ბუჩქებიდან გამოხტნენ.

მაგრამ ყველა არ იზიარებდა სპორტის შესახებ თამამ შეხედულებებს. 1967 წელს, სტუდენტი კეტრინ სვიტცერი მოემზადა გარბენისთვის, მწვრთნელის დახმარებით ნომერი მოიპოვა და მასთან ერთად მირბოდა მთელი მარშრუტი - უნდოდა ეჩვენებინა მამაკაცთა და ქალთა თანასწორობა. როცა ეს "უმსგავსობა" ორგანიზატორმა ჯოკ სემპლმა დაინახა, გზაზე გავარდა და კეტრინს თავს დაესხა - მისთვის ნომრის ჩამოგლეჯას და გზიდან გადაგდებას ლამობდა, მაგრამ მწვრთნელის დარტყმის შემდეგ დაშოშმინდა.

ბობი გიბმა სულ ხუთ მარათონში მიიღო მონაწილეობა. მას არ აყენებენ მარგარეტ სენგერისა და ფემინიზმის სხვა ლეგენდების გვერდით. რობერტას გამარჯვებაც კი საკმაოდ ირონიული გახდა - ბოლომდე მან მიირბინა, მაგრამ მისმა სოციალურმა მესიჯმა მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ მიაღწია მიზანს. სამაგიეროდ, ბობი გიბის სითამამე გვარწმუნებს: ბრბო იშვიათად არის მართალი და მის მიერ დადგენილი წესების დარღვევამ, შეიძლება, მორალურ ტრიუმფამდე მიგვიყვანოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული