დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
აგვისტოს ბოლოს იოლი სამუშაო მივიღე - ლას ვეგასში სასტუმრო "ალადინში" მიმიწვიეს საჩვენებელ საკრივო გამოსვლებში მონაწილეობისთვის.

ეს იყო მარტივი და სასიამოვნო სამუშაო. მომცეს კარგი კოსტიუმი და გადამიხადეს იმისთვის, რომ მემუშავა სპეციალურ ოთახში, სადაც საკრივო რინგი იყო მოწყობილი.

სასტუმროში ათასობით ადამიანს შეეძლო ენახა - როგორ ვმუშაობდი სპარინგებზე ან მძიმე საკრივო მსხალთან. მქონდა უფასო კვება, ყველაფერი, რასაც მოვისურვებდი. მოქმედების სრული თავისუფლება მომცეს. ყველა ჩემს მეგობარს დავურეკე:

- მოდით ჩემთან. აქ ერთი თვის განმავლობაში ვიქნები. შეგიძლიათ შეუკვეთოთ ყველაფერი, რაც გსურთ. ყველაფერი
"ძუკნას" ხარჯზეა, ზანგო.

"ძუკნას" სასტუმროს ვეძახდი. ამით ვცდილობდი, სუტენიორის მენტალიტეტი მომერგო. იმ დროს ქალაქში იყვნენ ბობი ბრაუნი (ამერიკელი რეპერი და მოცეკვავე, "გრემის" პრემიის ლაურეატი) და ის კარინ სტეფანსთან (ამერიკელი მსახიობი, მოდელი, მწერალი) ერთად ჩემთან დავპატიჟე.

კარინს "სუპერგოგონას" მეტსახელით იცნობდნენ. იმ პერიოდში ის და ბობი ერთმანეთს ხვდებოდნენ. კარინთან ადრეც მქონდა ფლირტი, ამიტომაც ვფიქრობდი, რომ ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო. ის იმ გოგონათა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელთა ხშირად დაპყრობა არ გამოდის, მაგრამ თუ მიზანს მიაღწევ, ყველაფერი, უბრალოდ, ძალიან კარგადაა.

მაგრამ ბობის მასთან დაკავშირებით სერიოზული მიზნები ჰქონდა, თუმცა მე ეს არ მესმოდა. კარინი თავის მამასთან და რამდენიმე მეგობართან ერთად მოვიდა. პირველები გამოცხადდნენ და მათ სამეფო დახვედრა მოვუწყვე. უკვე შემდეგ მოვიდა ბობი. ჰოლში ვიყავი, როცა შემოვიდა და ლიფტით ერთად ვიმგზავრეთ. ჩვენ დანახვაზე ყველა ჭკუიდან გადადიოდა.

იქ ერთი წყვილი იყო და ცოლმა ვერ მოითმინა და წამოიყვირა: "ჯანდაბა! ეს ხომ მაიკ ტაისონი და ბობი ბრაუნია! ორი ზანგი ერთად!" ყველამ იცოდა, რომ ორივენი გარშემო მყოფებს მხოლოდ პრობლემებს ვუქმნიდით.

მინდოდა, ბობის ოდნავ დაესვენა და მოდუნებულიყო ჩემთან. კარგი იყო მასთან დროის გატარება, რადგან როცა უიტნიზე (1992-2007 წლებში ბობი ბრაუნი მომღერალ უიტნი ჰიუსტონის ქმარი იყო) იყო დაქორწინებული, ცოლი არასოდეს აძლევდა ჩემთან ურთიერთობის საშუალებას, თუმცა უიტნის ამის გამო ვერ დავადანაშაულებდი.

სადღაც იმ პერიოდში პრობლემები შემექმნა კოკაინის შეძენასთან დაკავშირებით. ეს არ იყო გამოწვეული ლას ვეგასში ნარკოტიკის დეფიციტით, არამედ იმით, რომ დილერებს არ სურდათ ჩემთვის საქონლის მოცემა. დილერები ცნობილები არიან დაგვიანებებით, მე კი არ შემეძლო მათი ლოდინი. ასე რომ, ნარკოტიკს სხვა გზებით ვშოულობდი.

ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლემები გეტოში დამეწყო. ჯერ ერთი, აღარ მიშვებდნენ ვესტ-საიდის ბარების ტუალეტებში. შემდეგ ჩემ მომსახურებაზე ნარკოდილერებმა თქვეს უარი. "წადი, ივარჯიშე, მაიკ. გვინდა, რომ შენ ივარჯიშო", - მეუბნებოდნენ ისინი. ეს ბიჭები ჩემთან ერთად გაიზარდნენ ლას ვეგასში, მრავალი წლის განმავლობაში მათთან ერთად ვატარებდი დროს და არ უნდოდათ - ჩემი საბოლოო დაცემისთვის შეეწყოთ ხელი.

ჩვეულებრივ, ამ ბიჭებს, როცა პატარები იყვნენ, ინდაურის ხორცს ვურიგებდი და გრძნობდნენ, რომ ჩვენ მართლაც გვქონდა რაღაც საერთო. ამიტომაც, შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, დავიწყე თეთრებთან ურთიერთობა ლას ვეგასის ბულვარის დაწესებულებებიდან. კაზინოს თანამშრომლები, შვეიცარები კლუბებში - ისინი ყველანი ერთმანეთში კავშირში იყვნენ.

მთელი ამ დროის განმავლობაში, სასტუმრო "ალადინში" ვიყავი და მონაწილეობას ვიღებდი საჩვენებელ გამოსვლებში. ერთ დღეს ერთ ბიჭს დავურეკე და საკუთარ ნომერში ნარკოტიკი შევუკვეთე. მათ პორცია ვიღაც სოფლელ ზანგს გამოატანეს. ძალიან აღგზნებული იყო - როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ ჩემთან და ბევრ გოგოსთან ერთად გართობა მოუწევდა. მზად იყო კომპანიის სული და გული გამხდარიყო. ეგონა, ჩვენ მასთან ვალში ვიქნებოდით ამ კოკაინის გამო. გავუღე კარი და შემოვუშვი.

- მოიტანე, რაც საჭირო იყო? - ვკითხე მე.
- დიახ. სად არიან დანარჩენები?

- მეტი არავინაა. აქ მხოლოდ მე ვარ, ზანგო, - ვუპასუხე მე. - შენ ნარკოტიკს ყიდი, ხომ? ჰოდა, მომყიდე, შენი დედაც!

და პაკეტი ხელიდან გამოვგლიჯე.

- არ გინდა, მაიკ, - თქვა მან. - შენ ჩემპიონი ხარ. გვიყვარხარ, მაიკ.
- ახლა ცოტას გავივარჯიშებ და აქედან გაგაგდებ!

კარი გავაღე და უცებ ამ ნაბიჭვარმა კოკაინის პაკეტს ხელი სტაცა და გაიქცა, თან დამიძახა: "წადი, შენი! ივარჯიშე, მაიკ!" გამოვეკიდე. მსუქანი და გაბრაზებული ვიყავი, არაფერი მეცვა, გარდა წელზე შემოხვეული პირსახოცისა.

- დაბრუნდი, ნაბიჭვარო! მოგკლავ!

კარგ ფორმაში იყო და გამექცა. მართლაც მზად ვიყავი, მისთვის ჭკუა მესწავლებინა. ვინ ჰგონია თავი? ფლორენს ნაიტინგეილი (მოწყალების და და ბრიტანელი საზოგადო მოღვაწე)?

უფრო თბილი ურთიერთობა დავამყარე ნარკოდილერების იმ მცირე რაოდენობასთან, რომლებიც ჯერჯერობით აგრძელებდნენ ჩემთვის საქონლის მოწოდებას. ერთხელ დახმარებისთვის ერთ-ერთმა ასეთმა დილერმა მომმართა.

- მომისმინე, მაიკ, ხომ არ შეგიძლია დამეხმარო? სთხოვე ნიანგს, რომ ჩემი ფული დამიბრუნოს. მე ხომ მას მთელი კოკაინი მივეცი!

რადგან მან ასეთი რამ მითხრა, ე. ი. მართლაც ცუდად ჰქონდა საქმე. ვიცოდი, რომ ეს ბიჭი სუსტი იყო და კარგად მესმოდა - თუ მან ნიანგს ვერ აიძულა ნარკოტიკებისთვის ფულის გადახდა, მაშინ აღარც მე მომიწევდა მისთვის ფულის მიცემა.

- რა თქმა უნდა, დაველაპარაკები ნიანგს, მანამდე საქონელი მომეცი! - და კოკაინი პირდაპირ ხელიდან გამოვტაცე.
- ო-ო, მეგობარო, ბოსი მომკლავს! მას ფული უნდა დავუბრუნო! - დაიწყო წუწუნი.

- შენმა ბოსმა ეს ფული სხვა ზანგს უნდა წაართვას, - ვთქვი მე.
- არა, მეგობარო, ფული შენგან უნდა მივიღო.

- მაშინ უთხარი შენს ბოსს, რომ მოვიდეს ჩემთან და ფულზე დამელაპარაკოს. მომისმინე, შენ შემაჩვიე ნარკოტიკებს და ახლა ფული გინდა დამციცლო, ნაბიჭვარო? თან უკვე კაიფში ვარ შენი კოკაინისგან, ზანგო!

ერთხელ საერთოდ არ მქონდა ფული კოკაინისთვის და სამერლინის რაიონში გავემგზავრე, სადაც კოკაინის მეფეები ცხოვრობდნენ. მათ დიდ და მდიდრულ სახლებში ვხვდებოდი, საათობით გვქონდა ურთიერთობა, ფოტოებს ვიღებდი მათთან, ვპოზირებდი მათთვის. შემდეგ, როცა ბოლოს და ბოლოს საქმე მოლაპარაკებებამდე მივიდა, მათ სპექტაკლი მოვუწყვე. ფასი დამისახელეს და განვრისხდი.

- რა? მართლა გინდა ეს ნაგავი მომყიდო, ძმაო? მთელი დღე ერთად ვერთობოდით და ახლა გინდა, რომ ამ ნაგავში ფული გადაგიხადო?
- კარგი, წაიღე! - მეუბნებოდნენ ბოლოს.

კოკაინი - ნამდვილი სატანაა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. როცა საქმე ქალებს ეხება, ყოველთვის შოვინისტი ვარ. მაშინაც კი, როცა ნულზე ვიყავი, არასოდეს ვაძლევდი საშუალებას, ჩემი ვახშმის ფული გადაეხადათ.

მაგრამ, როცა დოზისთვის ფული მინდოდა და შევამჩნევდი, რომ ჩემს მეგობარ გოგონას ფული დაუვარდა, მომენტს დაველოდებოდი, თანხას ავიღებდი და ჯიბეში ვიტენიდი. იმ მომენტში საშინელი გრძნობა მქონდა. არ მინდოდა სატანასთან თამაში, მაგრამ მას ეს უნდოდა. და ეს თამაში მხოლოდ მისი სურვილით შეიძლებოდა დასრულებულიყო. სხვანაირად არა.

(გაგრძელება იქნება)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული