დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
2005 წლის ნოემბრისთვის უკვე ბოლო წერტილამდე მივედი. ლოს ანჯელესში გავემგზავრე 50 cent-ის (ამერიკელი რეპერისა და მსახიობის, კერტის ჯექსონის სასცენო ფსევდონიმი) ალბომის პრემიერაზე. კოკაინისგან ძლიერი კაიფის ქვეშ ვიყავი. იქ რობინი დამხვდა.

შესაძლოა, მან დაინახა, ჩვენების წინ როგორ დავრბოდი წინ და უკან, გოგონებს ვეტორღიალებოდი და უბრალოდ, სულელურად ვიქცეოდი.

როცა ჩვენება დასრულდა, საკუთარი ადგილიდან წამოვდექი და აღმოვაჩინე, რომ რობინი ჩემ გვერდით იდგა. გადამეხვია, მე ვაკოცე. მასთან სექსის იმედი მქონდა, მაგრამ მან, უბრალოდ, თქვა: "ტფუ!" და წავიდა.

დამტოვა თუ არა, შევბრუნდი და ნაომი კემპბელი
გამომეცხადა. მან თბილად ჩამიკრა გულში. ცხადია, დამინახა, როგორ ვეხვეოდი რობინს და, ალბათ, გაიფიქრა: "მაიკი არ უნდა ეხუტებოდეს ამ ძუკნას. როგორ შეიძლება ასე მოიქცეს მას შემდეგ, რაც მის გამო მთელი ეს სიბინძურე გაიარა?"

ნაომი ჩემი მკლავებიდან გათავისუფლდა და თვალებში ჩამხედა:

- მაიკ, ამბობენ, რომ ძალიან ბევრ ნარკოტიკს იღებ. უნდა გაჩერდე, თორემ მთელ შენს ცხოვრებას დაღუპავ.

გაცოფებული იყო და სერიოზულად დამტუქსა, თან რამდენიმე აბზაცი წამიკითხა "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კოდექსიდან". ნაი-ნაი (ნაომი კემპბელის მეტსახელი) ყოველთვის გულწრფელად წუხდა ჩემ გამო და პირიქით. ის ერთგული მეგობარი იყო.

მაგრამ მე ყური არ ვუგდე მის რჩევას და ვაგრძელებდი ნარკოტიკების მიღებას. ამ ეტაპზე, შემდეგი მომენტის დაზუსტება მინდოდა: თუ კოკაინის კაიფის ქვეშ ხარ და გვერდით გოგონები არ გყავს, მაშინ ეს სრული კაიფი არ არის. ან თუ გვერდით გოგონა გყავს, მაგრამ არ გაქვს კოკაინი - ესეც არ არის სრული სიამოვნება. საუკეთესო ვარიანტია, როცა ერთიც გაქვს და მეორეც. მაგრამ ჩნდებოდა კითხვა - მოქმედებს თუ არა კოკაინის მიღება სექსზე? თუმცა, ეს პრობლემა არ იყო, რადგან სწორედ ამისთვის არსებობს "სიალისი" და "ვიაგრა".

სადღაც იმ პერიოდში ისევ დავიწყე ნიანგთან ურთიერთობა. მან დაასრულა ბრძოლისთვის რომელიღაც მოკრივის მომზადება და მზად იყო, საღამოებზე ჩემთვის გვერდი დაემშვენებინა. ერთხელ ლას ვეგასში ჩემს სასტუმრო ნომერში ვიყავით ცნობილ პორნოვარსკვლავთან და მის ბოიფრენდთან ერთად. ყველაფერი ისე მოვაწყვეთ, რომ ქალი ჩვენთან ნომერში სექსისთვის მოვიდა. როგორც კი შემოვიდნენ, მე და ნიანგმა ქალის გახდა დავიწყეთ. ბოიფრენდი თანახმა იყო, რომ მის გოგოსთან სექსი გვქონოდა, თუმცა, შიშვლები დაგვინახა თუ არა, ბოლო მომენტში გადაიფიქრა.

- არა, გთხოვ, არ გააკეთო ეს! - დაუყვირა თავის მეგობარს.
- რა ემართება შენს მეგობარს? - ვკითხე გოგოს. - მეგონა, რომ ამ ყველაფერს მშვიდად აღიქვამდა.

- არა, არა! უბრალოდ, ორალური სექსი იკმარეთ! - შეგვეხვეწა ის.
- არა, მეგობარო, გვინდა ბოლომდე ვისიამოვნოთ! - ვუთხარი მე.
ბიჭმა ქვითინი დაიწყო და პორნოვარსკვლავი წამოდგა.

- ასე არ შემიძლია. ჩვენ მივდივართ, - თქვა მან და ორივენი წავიდნენ.
ნიანგი გაუმაძღარი იყო. ყოველთვის, როცა გოგოსთან მხედავდა, უნებლიეთ გახდას იწყებდა.

- ნიანგო, ეს ხომ ჩემი ქალია! - ვეუბნებოდი მას. - ასე რომ, ახლა არ გამოვა.
- ბოდიში, ბოდიში! - აღიარებდა თავის შეცდომას.

ახალი 2006 წლის აღსანიშნავ საღამოზე, მე და ნიანგი ფინიქსში ვიყავით. იქ დენის როდმანი და ჩარლზ ბარკლიც (ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელები) იყვნენ. საღამოს ბოლოს ლამაზი გოგონა შევამჩნიე. ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი გოგო, ვისაც კი ოდესმე შევხვედივარ. მსახიობი იყო და ისეთ ცნობილ ადამიანებთან გაუტარებია დრო, როგორიც ჩარლი შინია.

ნიანგის გვერდით იდგა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, სინამდვილეში მასთან ერთად იყო თუ არა. დავიჭირე მისი მზერა და ვკითხე: "ვისთან ხართ?" მიპასუხა, რომ ნიანგთან ერთად. "ეს საინტერესოა", - გავიფიქრე მე.

იმ სახლში მივიყვანეთ, რომელიც ფინიქსში ვიყიდე. ორივეს გვქონდა მასთან სექსი, მაგრამ ისეთი ძლიერი კაიფის ქვეშ ვიყავით, რომ ერექციის მხრივ, არაფერი გამოგვივიდა. სასწრაფოდ 24-საათიან პორნომაღაზიას მივაშურეთ და რაღაც ბინძური პორნოფილმები ვიყიდეთ.

ამანაც ვერ გვიშველა. ისეთი იმედგაცრუება ვიგრძენით! ეს იყო ქალის საუკეთესო ნიმუში, მე კი არაფრის გაკეთება არ შემეძლო. მე და ნიანგი ვგავდით ორ პატარა ბიჭს შობის დღესასწაულზე, რომლებიც არასაკმარისად ძლიერები აღმოჩნდნენ საჩუქრების გასახსნელად. ძალიან გაბრაზებული ვიყავი საკუთარ თავზე იმის გამო, რომ "სიალისი" არ მოვიმარაგე.

ფინიქსში სახლის შეძენა მოვახერხე, რადგან, პერიოდულად მიჩნდებოდა ფული, რომელიც პირდაპირ ჩემს კრედიტორებს არ უვარდებოდათ ხელში. ასე მაგალითად, იაპონურმა კომპანიამ 800 ათასი დოლარი მომიტანა - სათამაშო ავტომატ "პატინკოში" ჩემი გამოსახულების გამოყენებისთვის. და დამატებით 100 ათასი მომცა იმისთვის, რომ ჩემს გამოსახულებას შავის ნაცვლად, სხვა ფერის სპორტული ტრუსები ჩააცვა.

ასე რომ, ჩემი საღამოები მალე ფინიქსში გადავიტანეთ. იქ დიდ დროს ვატარებდი შელი ფინკელთან, ამიტომაც მჭიდრო კავშირები გამიჩნდა შეძლებულ ადამიანებთან. ფინიქსში საღამოების მოსაწყობად ნაკლები შესაძლებლობაა, ვიდრე ლას ვეგასში, მაგრამ ზოგიერთ ასპექტში, ყველაფერი გაცილებით შთამბეჭდავი და ექსცენტრიკულია. ფინიქსი მშვიდ ქალაქს ჰგავს, მაგრამ ღამღამობით, სექსუალურად აღგზნებულ პატარა გოგოს ემსგავსება. წვეულებები იქ უმაღლესი კლასისაა. ყველა ერთობა ბინებში ან დიდი სასტუმროს ლუქსებში.

ამგვარ საღამოებზე ბევრი ექიმი გავიცანი. ერთ-ერთი მათგანი იყო პლასტიკური ქირურგი, რომელმაც საკუთარ ოფისში ჩემი მიწვევა დაიწყო. დამსვამდა ერთ-ერთ გამოსაკვლევ ოთახში, ერთ მხარეს დამიდებდა კოკაინს, მეორე მხარეს - მარიხუანას, მაგიდაზე - "ვიაგრას".

- ეი, დოკ, მე მგონი, არ ვარ კარგად. არ მომწონს ჩემი მდგომარეობა, ცუდად ვგრძნობ თავს, - ვუთხარი ერთხელ.

- ნუ ნერვიულობ, ახლა ყველაფერს მოვაწყობ, - თქვა მან და მეორე ოთახში გავიდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ წვეთოვანი მოიტანა და ნემსი ვენაში შეიყვანა.

- ახლავე შვებას იგრძნობ, - თქვა მან.

- ეს რა არის? - ვიკითხე მე.

- მორფინი, - მიპასუხა მან.

ეს პლასტიკური ქირურგი არანორმალურივით ერთობოდა. ერთხელ მარტო მიდიოდა საკუთარი მანქანით და თან კოკაინს იღებდა, რის გამოც ამობრუნდა. წინა შუშიდან გარეთ გადავარდა, ბუჩქებში ჩავარდა და სახე დაიზიანა.

ამ ინციდენტიდან ცოტა ხანში, სახლში მივაკითხე და ვერ ვიცანი, როცა კარი გამიღო.

- შენს სახეს შეხედე, მეგობარო! - წამოვიძახე მე. - ასე სად გალამაზდი?

მთელ სახეზე კანი აგლეჯილი ჰქონდა, მეგონა, სისხლის ნიღაბი ეკეთა. გაუმართლა, რომ პროფესიით პლასტიკური ქირურგი იყო.

ფინიქსში იმ დონეზე ავიწყვიტე, რომ ჰალუცინაციები დამეწყო. ერთხელ მანქანით მივდიოდი. საჭესთან ჩემი თანაშემწე დერილი იჯდა. ჩემი ერთი ნაცნობის სახლს მივუახლოვდით და დერილს ვუთხარი: "შეხედე! ამდენი ხალხი ხელს გვიქნევს!" არადა, იქ არავინ იყო, უბრალოდ, ქარი ტოტებს არხევდა.

2006 წლის ივლისში, გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებს მორიგი ვიზიტი ჰქონდათ ჩემთან. წინა საღამოს წვეულებაზე ვიყავი და როცა მომდევნო დღეს ჩემს სახლთან სწრაფი რეაგირების სპეციალური ჯგუფი დავინახე, უკანა კარისკენ გავიქეცი, მაგრამ ისინი იქაც დამხვდნენ.

- მისტერ ტაისონი? თქვენთან გასაუბრება გვინდა, ჩემპიონო.
"ჯანდაბა! - გავიფიქრე მე. - ნეტავ გუშინ ვის უკანალს წავავლე ხელი?"

- გვაინტერესებს, რა ურთიერთობა გაქვთ ამ ჯენტლმენთან. მას დეილ ჰაუზნერი ჰქვია, - მითხრა ერთ-ერთმა აგენტმა და ფოტო მიჩვენა.

ფოტოს დავხედე. მასზე მე და დეილი ვიყავით გამოსახულები და მეგობრულად ვართმევდით ხელს.

- იცნობთ ამ ადამიანს? ის ჟურნალისტი და ფოტოგრაფია, რომელიც კრივის სამყაროს ამბებს აშუქებს, - თქვა აგენტმა.

- დიახ, მახსოვს ეს ადამიანი. ის ჩემთან სპორტდარბაზში მოდიოდა ხოლმე. იქ კიდევ რამდენიმე მექსიკელი მოკრივე ვარჯიშობდა და მათ დეილის შეურაცხყოფა დაიწყეს.

"გაეთრიე აქედან, ცისფერო! - უთხრა მას ერთ-ერთმა მექსიკელმა. - ჩემპიონი არ აპირებს შენთან საუბარს".

მაგრამ მუსულმანური თვე რამადანი მიდიოდა, ამიტომაც ჟურნალისტი დავიცავი. მექსიკელებს ავუხსენი, რომ ახლა მშვიდობის დროა და თითოეულმა საკუთარ საქმეს უნდა მიხედოს. ამიტომაც მას ინტერვიუზე დავთანხმდი. შევწუხდი, რომ ასეთი სახით შეურაცხყოფა მიაყენეს. არ მინდოდა მისთვის დისკომფორტის შექმნა.

- არა, არა, თქვენ მას მოეწონეთ, მისტერ ტაისონ, - განაცხადა გამოძიების ფედერალური სამსახურის აგენტმა. - მას ის რვა ადამიანი არ მოეწონა, რომელიც სიცოცხლეს გამოასალმა; აგრეთვე, ის 19 ადამიანი, რომლებსაც ესროლა.

როგორც აღმოჩნდა, პოლიცია იძიებდა ჰაუზნერისა და მისი მეგობრის საქმეს. მათ არიზონაში, ავტომობილიდან სროლა ატეხეს. კარგია, რომ ის მექსიკელები გავაჩერე და ამ ბიჭის მიმართ პატივისცემა გამოვიჩინე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სპორტდარბაზთან დამიდარაჯდებოდა და ტყვიას დამახლიდა.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული