დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
XIV თავ
ერთხელ, ცხრა წლის ასაკში, ჩემზე უფროს ბიჭთან ერთად ძარცვაში მივიღე მონაწილეობა. მან მიბრძანა, ფანჯარაში გავმძვრალიყავი და კარი შიგნიდან გამეღო. მაშინ ბევრი რამ მოვიპარეთ: დიდი ტელევიზორი, შესანიშნავი სტერეოაპარატურა, რამდენიმე პისტოლეტი და ფული.

იმ ბიჭს ბუ ერქვა. მიცნობდა, როგორც კარგ და გონიერ პარტნიორს. ის ჩემი დახმარებით იტყუებდა ოთახში ბიჭს, რომელსაც პატარა ბიჭებთან სექსი უნდოდა. და იქ მეგობრებთან ერთად სცემდა და ფულს ართმევდა მას.

იმ ქურდობის შემდეგ ბუმ თავის სახლში წამიყვანა ვიღაც მოხუც შავ ქალბატონთან. საერთოდ, ეს ქალი უნამუსო და საზიზღარი ძუკნა
იყო, მაგრამ გაცნობისას ძალიან კეთილი და ყურადღებიანი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. იქ უამრავი ბიჭი დამხვდა, რომლებსაც ჰეროინი ჰქონდათ მიღებული.

ბევრი მათგანი იატაკზე უგონოდ იწვა. ბუმ ქალს ფული მისცა და სანაცვლოდ, რაღაც თეთრი ფხვნილით სავსე კონვერტი გამოართვა. ბუს თვალს ვერ ვაშორებდი, როცა ფხვნილი კოვზზე დაყარა და სანთებელით გააცხელა. როცა ამ ნაგავს ბუშტუკები გაუჩნდა, შპრიცი ამოიღო და სითხე შეიწოვა. შემდეგ ხელი გადაიხვია და ის იყო, ვენაში უნდა შეეყვანა, რომ უცებ ჩემკენ შემობრუნდა.

- შებრუნდი, პატარავ! - მითხრა მან.

ბუნებრივია, ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად მომინდა ჰეროინის გასინჯვა. და როცა ასაკით უფროსმა, უკვე ჩამოყალიბებულმა ნარკომანმა მიმითითა - უარი მეთქვა ნარკოტიკზე, პასუხად გავიფიქრე: "რატომ? მათთვის ხომ შეიძლება?"

ახალგაზრდობაში, ერთხელ მართლაც გავსინჯე ჰეროინი. მოვწიე და ამის შემდეგ თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი. გული ამერია. ამ ნარკოტიკისთვის ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისი იყო, რომ ჰეროინის მიმართ სურვილი გამქრობოდა. როცა ამ ნარკოტიკზე დამოკიდებულს ვუყურებდი, მასში ამ ნაგვით მოწამლულ სულს ვხედავდი. და იოლი წარმოსადგენი იყო - ბოლოში რაც გელოდა.

11 წლიდან დავიწყე კოკაინის შეძენა და ყნოსვა, ხოლო სპირტიანი სასმელი ბავშვობაში გავსინჯე. საერთოდ, ლოთების საპატივცემულო დინასტიიდან მოვდივარ. როგორც წესი, დედაჩემი "თანდერბერდს" ან "გორდონსის" ჯინს მაძლევდა, რომ დროზე დამეძინა.

10 წლის ვიყავი, როცა მეგობრებთან ერთად ვყიდულობდი ძლიერ ღვინოს, "მედ დოგ 20/20"-ს, რომს "ბაკარდი 151"-ს, ალკოჰოლურ კოქტეილს "ბრას მანკის" - იაფფასიან სასმელებს, რომლებიც ნაწლავებს ხვრეტდა. თან ვეწეოდით მარიხუანას, ჰაშიშს და ოპიუმსაც კი. ერთხელ, ახალგაზრდობაში ცოტა ლსდ-ც გავსინჯე.

და ამ ნარკოტიკის კაიფში, საქურდავად წავედით, მაგრამ ბევრი არაფერი გამოგვივიდა. ქალს ჩანთა გამოვტაცეთ, ხარხარი დავიწყეთ და გავიქეცით, შემდეგ ყვირილით: "პოლიციელები! პოლიციელები! აი, ისინი!" ისევ ხარხარით მანქანის ქვეშ დავიმალეთ.

ერთი ორწლიანი პერიოდისა და ციხეში ყოფნის გარდა, სასმლისთვის თავი არ გამინებებია. და ეს არც ყოფილა გასაკვირი, რადგან ჩემი მისაბაძი პიროვნებები, რომელთა შესახებაც ბევრს ვკითხულობდი, გამოუსწორებელი ლოთები იყვნენ: მიკი უოკერი, გარი გრები. ჩემი გმირები თეთრი ირლანდიელი ლოთები იყვნენ - ბიჭები, რომლებიც ბარებში სეირნობდნენ, სვამდნენ და მხიარულობდნენ, იმ დროს, როცა მათი მეტოქეები დარბოდნენ და სახტუნაოთი მუშაობდნენ.

სასმელმა ჩემი ხასიათის ყველაზე უარყოფითი მომენტები გამოავლინა. როცა ვთვრებოდი, საერთოდ ფეხებზე მეკიდა სხვა ადამიანების გრძნობები. ზედიზედ ვჩხუბობდი ყველასთან, პოლიციელებთანაც კი. ყველა, ვინც მიცნობდა, ასე ამბობდა: "ნუ აძლევთ მაიკს დალევის საშუალებას. შეგიძლიათ მარიხუანა მისცეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სასმელი".

მოვწევდი თუ არა მარიხუანას - ბედნიერი ვიყავი. მზად ვიყავი მეტირა და ყველასთვის ფული დამერიგებინა. ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ არ მთხოვდნენ, რომ მარიხუანის კაიფი შემეწყვიტა. ამ დროს ვბრაზდებოდი, ამიტომაც ერჩივნათ - კაიფში ვყოფილიყავი. ამ დროს მესმოდა ჩემი მისამართით ასეთი კითხვები: "დარწმუნებული ვარ, არ გჭირდება ის მდიდრული "პორშე"?

ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბევრი კოკაინის მოხმარება დავიწყე, ის იყო, რომ ჩემი საკრივო კარიერის განმავლობაში ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ვგრძნობდი. ზოგიერთი ჰოკეისტი იმავეს მიყვებოდა. ის, ვინც ასეთი ტკივილს განიცდის, ვერ შეძლებს ვერავისთან ნორმალურად ურთიერთობას.

ის დაჭრილი ლომივითაა. ხოლო, როცა ცხოველი დაჭრილია, მას შეიძლება სხვა ცხოველები დაესხან თავს. აი, სწორედ ასე ვგრძნობდი თავს ტკივილის დროს - დაუცველი და შეშინებული ვიყავი. და ასეთი გრძნობისგან რომ გათავისუფლდე, კოკაინი უნდა მიიღო. ოთახში მარტო ხარ, კოკაინთან ერთად, გინდა, რომ შენთან იყოს ქალი, რადგან თავს დამნაშავედ გრძნობ იმის გამო, რომ ნარკოტიკს იღებ. ხოლო, როცა ქალთან ერთად ხარ, დანაშაულის გრძნობა ქრება.

კოკაინის მიღების მხრივ, პრობლემა არ მქონია, მაშინაც კი, როცა ფული საერთოდ არ მქონდა. ვიცნობდი უამრავ მსხვილ ნარკომოვაჭრეს - ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ისინი ბავშვები იყვნენ და მათ მიმართ სიყვარულს გამოვხატავდი.

ახლა ისინი მულტიმილიონერები გახდნენ, დიდ კლუბებს ფლობენ. და როცა ერთმანეთს ვხვდებოდით, ჩემ მიმართ პატივისცემას იჩენდნენ. მე კი ისე ვეპყრობოდი, თითქოს ისევ პატარა ბიჭები იყვნენ. უბრალოდ, ვამბობდი: "მინდა ერთ ადგილას წასვლა, მომეცით პატარა პაკეტები". ან შემეძლო შევხვედროდი სრულიად უცნობ ადამიანს, რომელიც ნარკოდილერს იცნობდა. და ისინი ერთმანეთში მოილაპარაკებდნენ: "მიეცი მაიკს კოკაინი ჩემს ხარჯზე".

როცა კოკაინის მიღებას იწყებ, უცებ აღმოაჩენ, რომ ის, ვისაც მთელი ცხოვრება იცნობდი და მასზე ეჭვს ვერ აიღებდი, ასევე იღებს ამ ნარკოტიკს. ერთხელ ერთ ძალიან ცნობილ ადამიანთან ერთად ვსვამდი და უცებ მითხრა:

- შემთხვევით, ცოტა ფხვნილი არ გაქვს?
- რა?

ვცადე სიფრთხილე გამომეჩინა. ჯანდაბა, საიდან გაიგო, რომ ნარკოტიკს ვიღებდი?

- რა თქმა უნდა, ცოტა მოიძებნება. მაგრამ საიდან გაიგეთ? - ვკითხე მე.
- მაიკ, ვინც ამით არის დაკავებული, იმასაც გაიგებს, ვინ ერთობა კოკაინით, - მიპასუხა მან. - ჩვენ გვყავს ასეთი ლოკატორი.

როცა კოკაინი გაქვს, შუაღამით გართობის დროს, შეიძლება უდაბნოში აღმოჩნდე და უცებ შენ წინ გაჩნდეს მეძავი საცურაო კოსტიუმში. ჩემს ქალებს ისე მოსწონდათ კოკაინი, როცა ნარკოტიკს მათ საპატივცემულოდ ვარქმევდით სახელებს. როცა ვინმეს კოკაინი მოუნდებოდა, კითხვას ასე სვამდა: "სად არის ეს თეთრი ძუკნა?", "მინდა ეს მეძავი". ასევე, კოკაინს ვუწოდებდით "ბლონდის" ან "თეთრ გოგონას".

პირველი სერიოზული შეხება კოკაინთან მაშინ მქონდა, როცა თან წამოვიღე ნახევარი კილოგრამი ფხვნილი.

იმდენი იყო, რომ "გასაყიდ" კატეგორიაში გადიოდა, მაგრამ ფეხებზე მეკიდა, უბრალოდ, მინდოდა სხვებისთვის დამერიგებინა და ყველა ჩემი მეგობარი კაიფით ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ნებისმიერთან მივდიოდი და ვთავაზობდი: "არ გინდა დაყნოსვა?" თანხმობას მეუბნებოდნენ ისინიც, ვისზეც ამას ვერ ვიფიქრებდი.

საინტერესო მომენტია - ყველა ეს ნაბიჭვარი ჩემს კოკაინს ყნოსავდა და შემდეგ ჩემს საქონელზე კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა. ან გამოჩნდებოდა ბიჭი, რომელიც უცებ ექსპერტი ხდებოდა. ის რამდენიმე რიგს დაყნოსავდა, ცხვირს მოხდენილად მოიწმენდდა, ჭკვიან სახეს მიიღებდა და ამბობდა: "შემიძლია უკეთესი შემოგთავაზო".

ხანდახან გხვდებოდნენ ბიჭები, რომლებსაც ერთი სული ჰქონდათ - როდის გაგასინჯებდნენ საკუთარ კოკაინს.

- მაიკ, მზად ხარ გასინჯო ეს ნაგავი? ცხადია, მზად ხარ, - შემომთავაზა ერთ-ერთმა. - კეთილი იყოს შენი მოსვლა ქალაქში, სახელად "ნეტარება"!

მან რამდენიმე ბილიკი გამიკეთა და ისინი დავყნოსე.

- ნამდვილი "პერუული ბურბუშელაა"! ("პერუული ბურბუშელა" - ნარკოსლენგზე ნიშნავს კოკაინის ძალიან სუფთა ფორმას) - თქვა მას ისეთი სიამაყით, თითქოს "ლაფიტ-როტშილდის" ღვინის ბოთლი გახსნა.

და ის მართალი იყო. ეს ნაგავი იმდენად კარგი იყო, რომ თვალები ორბიტაზე ამივიდა.

მაკბრაიდის ბრძოლის შემდეგ სრულიად დათრგუნული ლოს ანჯელესში მეგობრებთან ერთად ვერთობოდი. სწორედ ამ დროს, ტელეფონმა დარეკა. ეს იყო ჯეფ გრინი - ჩემი ახალი მეგობარი.

ერთი შეხედვით, ნაკლებად დასაჯერებელი იყო, რომ მეგობრები ვიყავით. ჯეფი ებრაელი ბიზნესმენი იყო, რომელმაც უძრავი ქონების ბაზარზე თამაშით მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, მე კი ვიყავი მოკრივე-მუსულმანი, ვინც თითქმის მილიარდი დოლარი დახარჯა მეძავებზე, ავტომობილებზე და სასამართლო გარჩევებზე. ერთმანეთს შევხვდით ჩვენი საერთო მეგობრის წყალობით. და მან დაიწყო სიარული ჩემს ევროპულ ბრძოლებზე, მე კი მასთან ერთად მოგზაურობა დავიწყე მთელ მსოფლიოში - მისი იახტის მეშვეობით.

- ეი, მაიკ, შემომიერთდი სენ-ტროპეში ჩემს იახტაზე. თვითმფრინავს გამოგიგზავნი, რომელიც საფრანგეთში ჩამოგიყვანს, იქ კი ჩემი ბიჭი დაგხვდება და იახტასთან მოგიყვანს.

ჯეფს ეშინოდა, კრივიდან წასვლის შემდეგ დეპრესიაში არ ჩავვარდნილიყავი და გადაწყვიტა, რომ წვეულებები და მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალებთან ურთიერთობა სწორედ ის იყო, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა.

იქამდე, სანამ გზას გავუდგებოდი, ზიპს დავურეკე იმის გასაგებად, ჩემთან ერთად ხომ არ წამოვიდოდა.

- არა, მეგობარო, არ შემიძლია, - მიპასუხა მან. - რომელიღაც ზანგმა მესროლა და მინდა გავარკვიო, რატომ.

- ზიპ, გავფრინდეთ! კერძო თვითმფრინავს გვაძლევენ, მთელ ხმელთაშუა ზღვას იახტით შემოვივლით.

- ეს ყველაფერი სისულელეა, მეგობარო. მესროლეს. ვიღაცამ უნდა მიიღოს ტყვია. ტყვია ტყვიის პასუხად.

- ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ იქ, სადაც კაცობრიობის ისტორიაში საუკეთესო გოგონები იქნებიან, შენ კი იმაზე მელაპარაკები, რომ ვიღაცამ ტყვია უნდა მიიღოს! მათ არ აინტერესებთ - ნარკომანი ხარ თუ გაკოტრებული. იქ უმაღლეს დონეზე მოგემსახურებიან, - ვცადი დაყოლიება.

მაგრამ ზიპი ჯიუტად იმეორებდა, რომ შური უნდა ეძია.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული