დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
იმავე დღეს ჰენკერსონთან, ჰენჩმენთან და ჩემს პირად მცველთან, რიკთან ერთად როდეო-დრაივზე მაღაზიებში გავიარეთ. გაკოტრების შესახებ განცხადება სრულიადაც არ ნიშნავდა იმას, რომ ფული საერთოდ არ მქონდა.

უბრალოდ, არ გამაჩნდა 100 მილიონი დოლარი, რომ ჩემი ვალები გამესტუმრებინა. სხვა მხრივ კი, შემეძლო ჩემი დანარჩენი საქმეები მეკეთებინა. პრესამ დიდი ხმაური ატეხა მაღაზიაში ჩემი მგზავრობის გამო, მაგრამ იქ ჟურნალისტთაგან ჩემთან არავინ მოსულა. ველაპარაკებოდი მუსულმანებს, რომლებსაც ძვირფასი ხარისხის ტანსაცმლის მაღაზიები ჰქონდათ, ვუჩვენებდი მათ ჩემს მუსულმანურ ბარათს ფასდაკლების იმედად:

- ძმაო, რას ფიქრობ იმაზე, რომ ეს სამიათასიანი
კოსტიუმი 1500 დოლარად მომყიდო? შენთვის ხომ ცნობილია ისლამის "ოქროს წესი": "უსურვე შენს ძმას იგივე, რასაც შენთვის ისურვებდი".

მომდევნო დღეს ყველა გაზეთი აჭრელებული იყო ჩემი ფინანსური მდგომარეობის წვრილმანი დეტალებით. ჩემი ვალი დაახლოებით 27 მილიონ დოლარს შეადგენდა, აქედან 17 მილიონი იყო დავალიანება ამერიკისა და ინგლისის საგადასახადო სამსახურის მიმართ.

კიდევ 10 მილიონი ეკუთვნოდა პირად დანახარჯებს, მაგალითად, თანხა, რომელიც განქორწინების თანახმად მონიკასთვის უნდა მიმეცა; აგრეთვე, ბანკების იპოთეკა, უამრავი სასამართლო გადასახადი... გაკოტრების გამო ისეთ საშინელ ხასიათზე ვიყავი, იმდენად გამოუვალ სიტუაციაში ვიმყოფებოდი, რომ გადავწყვიტე, საკუთარ სახლზე უარი მეთქვა.

- ამის დედაც! წაიღეთ ეს სახლი! - ვუთხარი ჩემს ადვოკატებს და მათ ის აუქციონზე გაიტანეს. იმ დროს სერიოზულად ვიჯექი ნარკოტიკებზე და სხვა არაფრის კეთება არ შემეძლო. უბრალოდ, დარბაზში ვვარჯიშობდი. არ მქონდა დაგეგმილი არანაირი ბრძოლა, მხოლოდ ვვარჯიშობდი და კაიფს ვიღები ნარკოტიკისგან.

ძალიან იოლად შემეძლო ახალ გარემოსთან შეგუება. შემეძლო მეცხოვრა ფუფუნებაშიც და ღარიბ უბნებშიც. ვიცნობდი ყველა სუტენიორსა და ნარკომოვაჭრეს და შემეძლო საკუთარი სიცოცხლით გარისკვა. მაშინაც კი, როცა ჯურღმულებში ვცხოვრობდი, 2000 დოლარის ღირებულების შარვალი და ფეხსაცმელი მეცვა. შეიძლებოდა ჯიბეში ხუთი ცენტიც არ მქონოდა, მაგრამ ისევ დავდევდი გოგონებს და ფლირტს ვაბამდი მათთან.

გარკვეული ხანი ფინიქსში შელისთან - ჩემი შვილის დედასთან გავატარე. ხანდახან მოდიოდა დეივ მელოუნი. საერთოდ უსახსროდ ვიყავი, ამიტომაც ვახშამზე ბურბუშელას და "ტვიზლერსის" კანფეტებს მივირთმევდით. ჩვენ არ გვქონდა ფული რაიმეს დასაგეგმად, ასე რომ, უბრალოდ, ეზოში ვისხედით და ჩემს მტრედებს ვაკვირდებოდით. იმ დროს ერთი წესი შევიმუშავე, რომელსაც პერიოდულად ვიყენებდი: საკუთარი ავტოგრაფისთვის 25 დოლარს ვიღებდი, რათა რაღაც პირველადი პრობლემა მაინც მომეგვარებინა. იმდენად ღარიბი ვიყავი, რომ ბიჭმა, რომელმაც საკრედიტო ბარათი მომპარა, ინტერნეტში დაიჩივლა, რომ ჩემი ბარათით ვახშმის გადახდაც კი ვერ შეძლო.

მაგრამ ამ სიტუაციასაც ჰქონდა თავისი უპირატესობა. აღმოსავლეთში დავბრუნდი, სადაც ჩემს მეგობართან, მარიო კოსტასთან ვატარებდი დროს. ის ჩემი ბრძოლების დროს პირველ რიგში იჯდა იმის სანაცვლოდ, რომ ჩემს მტრედებს უვლიდა და ინახავდა. ჯერსი-სიტიში მას რესტორანი და ბარი ჰქონდა. ერთ დღეს მე და ის უკანა ეზოში ვისხედით, სადაც მტრედები გვყავდა. ჩამეძინა. მარიო ჩუმად გამეცალა. ორი საათის შემდეგ ყვირილით გავიღვიძე: "მდიდარი ვარ! მდიდარი ვარ!" მარიომ მოირბინა და მკითხა:

- წესრიგში ხარ, ჩემპიონო?
- მდიდარი ვარ, მარიო, - ვთქვი მე. - არ მაქვს საათები, ფული, ტელეფონი, მაგრამ თავს მშვიდად ვგრძნობ. არავინ მითითებს: "მოდი აქ! წადი იქ! ეს გააკეთე!" მქონდა ავტომობილები, რომლებიც არასოდეს მიტარებია, ისიც კი არ ვიცოდი, სად იყო მათი გასაღები.

მქონდა სახლები, რომლებშიც არც კი მიცხოვრია. ყველა მძარცვავდა. ახლა კი არაფერი მაქვს. არავინ მირეკავს, არავინ მაწუხებს, არავინ მლანძღავს. და ეს სიმშვიდე მომწონს. ასეთი სიმშვიდე მხოლოდ იმათთვისაა, ვინც მდიდარია, მეგობარო.

ზოგიერთმა მეგობარმა სცადა ჩემი პრობლემების მოგვარება. ასე მაგალითად, ერიკ ბრაუნმა და მისმა ძმამ საკუთარი კომპანიიდან, CMX Productions-დან 50 ათასი დოლარი მომცეს. ოდესღაც, მე შემეძლო მათთვის რაღაცის გაკეთება, მაგრამ არასოდეს დასჭირვებიათ.

ამასობაში, ჩემმა მეგობარმა კრეიგ ბუგიმ აგვისტოში ჩემი პრობლემების მოსაგვარებლად მოლაპარაკებები დაიწყო კიკბოქსინგის სახეობის - K1-ის (შერეული ორთაბრძოლების სახეობა, სადაც დაშვებულია მუხლებით დარტყმა) ერთ-ერთ ორგანიზაციასთან. იმის გამო, რომ საცხოვრებელი არსად მქონდა, K1-ის ხალხმა ლოს ანჯელესის სასტუმრო "ბევერლი უილშირის" ლუქსში დამასახლა და ყველა ხარჯი გაიღო. დროული იყო, რადგან იმ დროისთვის, ლას ვეგასისა და მისი სამხრეთ გარეუბნების ყველა სასტუმრომ გამომაგდო.

სანაცვლოდ, მონაწილეობას ვიღებდი სარეკლამო აქციებში:

- მაიკ, ჰავაიზე დაგეგმილ ღონისძიებებში ბევრი მაყურებლის მოსაზიდად გვჭირდებით.

და ასე აღმოვჩნდი ჰავაის სამხრეთით. მომდევნო თვეში კიდევ სადღაც გავფრინდი. ჯერ 50 ათასი გადამიხადეს, შემდეგ 100 ათასი. ეს ფული ისე გამოვიმუშავე, რომ პრაქტიკულად, არაფერი გამიკეთებია. და იმის ნაცვლად, რომ ეკონომიურად მეცხოვრა და ანგარიშები გადამეხადა, შევიძინე "ასტონ მარტინ ვანკვიში" და "როლს როისის" კაბრიოლეტი. მყავდა ეს ორი ავტომობილი, მაგრამ არ ვიცოდი, სად წამეღო. ყოველ დღეს როდეო-დრაივზე საყიდლებზე მივდიოდი. მაღაზიიდან მაღაზიაში გადავდიოდი, სარკეში ვიხედებოდი და გონებაში წარმოვიდგენდი - როგორი სანახავი ვიქნებოდი, როცა საღამოს დროის გასატარებლად წავიდოდი. ჩავიცვამდი სამი ათასად ღირებულ შარვალს, ოთხიათასიან პერანგს და ა. შ. ამასთან, სრულიად ღატაკი ვიყავი.

"ბევერლი უილშირში" ყველა მიცნობდა. სასტუმროს ერთ-ერთ კონფერენც-დარბაზში რჩეულთათვის საღამოები იმართებოდა და იქ ყოველგვარი მოსაწვევის გარეშე შევდიოდი. მაგალითად, თუ იმართებოდა დებატები პალესტინა-ისრაელის თემაზე, აუცილებლად ვესწრებოდი. ცნობილი უსაქმური ვიყავი. ნომერში საღამოებს ვაწყობდი, ვუკვეთავდი სტეიკებს, ზღვის პროდუქტებს, ხიზილალას და შამპანიურს. სტუმრად ვიწვევდი ყველაზე ცნობილ ნარკოდილერებს, სუტენიორებსა და ქურდებს და მათთან კამათელს ვაგორებდი. ჯერ ვუგებდი, შემდეგ ლანძღვაზე გადავდიოდი:

- სულ ეს არის თქვენი ფული, ზანგებო? ჯანდაბა, მე მეგონა, რომ აქ ლოს ანჯელესში სოლიდური მოთამაშეები იყავით და ბადალი არ გყავდათ. აი, რა ხდება მაშინ, როცა ნამდვილ "რკინის მაიკთან" დაიჭერთ საქმეს. გეგონათ, უბრალოდ მოკრივე ვიყავი? მე ნამდვილი მოთამაშე ზანგი ვარ. ვერასოდეს მომიგებთ.

ამ ლუქსში ორი წელი ვიცხოვრე. ვერთობოდი, მარიხუანასა და კოკაინს ვიღებდი, გოგონებს ვმასპინძლობდი. ღამით კვების გამო წონაში ძალიან მოვიმატე.

აგვისტოში K1-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მათ გამოუშვეს პრეს-რელიზი აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ყოფილ მოთამაშესთან, ბობ საპთან ჩემი ბრძოლის შესახებ. საპი სიმაღლეში 6 ფუტი და 5 დუიმი იყო და 390 ფუნტს (შესაბამისად, 196 სმ და 176.9 კგ) იწონიდა. ის K1-ის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო. თუმცა მე არ ვაპირებდი კიკბოქსიორთან ჩხუბს.

- შესაძლოა, მართლაც კარგი სანახაობა გამოსულიყო, - ვუთხარი New York Times-ის ჟურნალისტს. - მაგრამ, მხოლოდ მარკიზ ქვინსბერის წესებით. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ვინმემ თავში ფეხი ჩამარტყას.

15 აგვისტოს, ლას ვეგასის სასტუმრო "ბელაჯოში" K1-ის დიდ ბრძოლებს დავესწარი. მას შემდეგ, რაც ბობ საპმა თავისი შეხვედრა მოიგო, მან რინგზე გამომიძახა და გამოწვევა მესროლა.

- მზად ვარ, ახლავე გავაკეთო ეს, - ყველას გასაგონად გამოვაცხადე. - ფორმა მომიტანეთ და დღეს საღამოსვე ვიჩხუბებ მარკიზ ქვინსბერის წესებით. კონტრაქტს ხელი მოაწერე, გოლიათო.

რესტლინგში სწორედ ასეთ სისულელეებს ლაპარაკობდნენ. მომწონდა ასეთი გამოსვლები.

"ბევერლი უილშირში" დასახლებიდან რამდენიმე კვირის თავზე, "ნევერლენდში" (რანჩო კალიფორნიაში, რომელიც 2008 წლამდე მაიკლ ჯექსონს ეკუთვნოდა, სადაც გასართობი პარკი ააშენა და კერძო ზოოპარკი გახსნა) მაიკლ ჯექსონს ვეწვიე. სასიამოვნო იყო მასთან გასაუბრება. იმ დროს, მეტად თავშეკავებული და მოკრძალებული იყო. მკითხა - რას ვსაქმიანობდი და ვუპასუხე, რომ უბრალოდ, ვისვენებდი.

- დასვენება კარგია. ძალიან კარგი, - მითხრა მან. - რაც შეიძლება, დიდი ხანი დაისვენე.

მაშინ არ ვიცოდი, რომ თურმე საერთოდ არ შეეძლო ძილი.

2004 წლის აპრილში, მოჰამედ ალისთან ერთად K1-ის ერთ-ერთ დიდ ღონისძიებას დავესწარი. კიდევ ერთხელ გამოაცხადეს იმის შესახებ, რომ კონტრაქტი გავაფორმე K1-ის წარმომადგენლებთან ბრძოლის გამართვაზე და ჩემი დებიუტი ამ ზაფხულს შედგებოდა. ერთ-ერთმა ვარსკვლავმა პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება ჩემთან შეხვედრას.

- შემეძლო დავთანხმებულიყავი კრივის წესებით ბრძოლას, - თქვა ჟერომ ლე ბანემ (ფრანგი პროფესიონალი კიკბოქსიორი, ცნობილი გახდა K1-ში გამოსვლებით). - მაგრამ, როგორც კი რინგზე აღმოვჩნდები, მაინც იმას გავაკეთებ, რაც ვიცი. კრივის წესები იმოქმედებს თუ არა, მაინც ფეხს დავარტყამ. ტაისონმა ერთხელ ყურზე უკბინა, დაე, ახლა გაიგოს 12 ზომის ფეხის გემო.

გიჟი უნდა ვყოფილიყავი, რომ ამ ურჩხულთან ბრძოლას დავთანხმებულიყავი. სასტუმროს ნომერში დაბრუნება და მოდუნება მერჩივნა.

ჩემი გაკოტრების პროცედურა გეგმის მიხედვით მიდიოდა. ივნისში დონ კინგმა საბოლოოდ მოაგვარა ჩვენი პრეტენზიები. მოსამართლემ უფლება მისცა, მხოლოდ 14 მილიონი დოლარი გადაეხადა. მან ისევ ყველა გააცურა. ვერ მივიღე უფლებები ჩემი ბრძოლების ჩანაწერებზე, საერთოდ არაფერი მერგო. მონიკა იყო პირველი, ვისი ვალიც გადავიხადე. 14 მილიონი დამიჯდა იურისტების მომსახურება.

არასახარბიელო მდგომარეობაში ვიყავი, ამიტომაც მომიწია შელისთვის დავალების მიცემა - მას ჩემთვის ბრძოლა უნდა მოეწყო. შელიმ არჩევანი ინგლისელ მოკრივეზე, დენი უილიამსზე შეაჩერა. კონტრაქტის თანახმად, 13 ივლისს, ლუისვილში უნდა მეჩხუბა. ადრე უილიამსი ბრიტანეთის ჩემპიონი იყო მძიმე წონაში და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ლამობდა. ბოლო ორი ბრძოლა მან ნოკაუტით მოიგო, მაგრამ, თავის დროზე, ჯულიუს ფრენსისთან დამარცხდა. ასე რომ, დიდად არ ვნაღვლობდი მომავალი ბრძოლის გამო.

ისევ უნდა მქონოდა ურთიერთობა პრესასთან. როცა ბრძოლამდე ორი კვირით ადრე ჟურნალისტებს შევხვდი, ჩვეულებრივ, ოპტიმისტური განწყობა მქონდა და საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი.

- მაიკ, ყველაზე მეტად გვაინტერესებს შემდეგი საკითხი: სად პოულობთ სულიერ სიმშვიდეს თქვენს ცხოვრებაში?

- არ ვიცი. გეთანხმებით, არ ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა. უნდა გესმოდეთ, რომ ყველაფერი დავკარგე. საერთოდ ყველაფერი. დავკარგე ყველა, ვისზეც ადრე ვზრუნავდი, ვინც მიყვარდა, ვის მიმართაც რომანტიკული გრძნობა მქონდა - ეს ყველაფერი დავკარგე. როცა ასეთი ხასიათი გაქვს და არანორმალური ხარ, ბუნებრივია, აშინებ ყველას, ვისაც უყვარხარ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერს დაკარგავთ. ცხოვრების რაღაც მომენტში, მოგინდებათ ისინი უკან დააბრუნოთ, მაგრამ ეჭვი მაქვს, ეს უკვე ჩვენი მზარდი ტკივილის ნაწილი გახდება. ვკარგავთ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად გვიყვარს და რომლებზეც ვზრუნავთ, რათა ცხოვრება თავიდან დავიწყოთ. სუფთა ფურცლიდან.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული