ჩემპიონი დიდი ხნით: ენტონი ჯოშუა სუპერმძიმე კატეგორიის გადასარჩენად მოვიდა

AutoSharing Option
ლონდონში კვირას დასრულდა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში პირველი საჩემპიონო ორთაბრძოლა - 27 წლის ბრიტანელმა ენტონი ჯოშუამ მე-19 ბრძოლა ჩაატარა კარიერაში და მე-19 მოიგო, თან ყველა ნოკაუტით.

"უემბლიზე", 90 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, მან თვით ვლადიმირ კლიჩკოს მოუგო და როგორც ამბობენ, დიდი ხნით გაბატონდება ერთ დროს ყველაზე პრესტიჟულ წონით კატეგორიაში...

სცენარით, ეს გახდა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, სანახაობრივი და დრამატული ორთაბრძოლა.

თითქმის წელიწადნახევრიანი პაუზის მიუხედავად, ვლადიმირ კლიჩკო პუბლიკის წინაშე ბრწყინვალე ფორმაში წარსდგა. უკრაინელმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო ბრძოლა, პირველივე წამებიდან რინგის ცენტრში დაიკავა
ადგილი და იოლად გადაადგილდებოდა.

საწყისმა რაუნდებმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, მაგრამ მეხუთეში ჯოშუა აქტიურად წავიდა წინ და კლიჩკო ნოკდაუნში აღმოჩნდა.

მომდევნო ოთხი რაუნდი უკვე ვლადიმირს დარჩა, რომელიც აკონტროლებდა ბრძოლის მსვლელობას, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ჯოშუა კიდევ ერთ შეტევას ამზადებდა. მე-11 რაუნდში ჯოშუამ აპერკოტი მოახვედრა მიზანში, რის შემდეგაც, გაბრუებული კლიჩკო ორჯერ აღმოჩნდა ნოკდაუნში. ბრიტანელმა საქმე არ გადადო და რაუნდის დასრულებამდე 30 წამით მოამთავრა ყველაფერი. ასე რომ, ენტონი ჯოშუამ დაიცვა IBF-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, აგრეთვე მოიგო WBA-სა და IBO-ის საჩემპიონო ქამრები.

ამ ბრძოლით, ენტონიმ ორი რამ შეძლო: ოფიციალურად დაასრულა კლიჩკოს ეპოქა და ეს იდეალურად გააკეთა: უკრიანელს მოუგეს დამცირების გარეშე (კლიჩკო არ გათიშულა), მაგრამ კონკრეტულად და უალტერნატივოდ. გარდა ამისა, გადაარჩინა სპორტის ეს სახეობა. კლიჩკო ლეგენდაა, მაგრამ მისი მოგებები - მოსაწყენი სანახაობა იყო: გასაკვირი არ არის, რომ MMA-მ პოპულარობით გაუსწრო კრივს. მაგრამ, ახლა, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში გამოჩნდა ახალგაზრდა და "თავხედი" პანჩერი, რომლისთვისაც არ არსებობს ქულებით მოგება. და მისი წყალობით, კრივი ისევ ლიდერი გახდება, შერეული ორთაბრძოლები კი ისევ რანგით ქვემოთ იქნება.

ბრძოლის შემდეგ
ენტონი ჯოშუა: "როგორც უკვე ვთქვი, იდეალური არ ვარ, მაგრამ ვცდილობ. მსგავს ბრძოლებში თქვენს ეგოს კართან ტოვებთ და პატივს სცემთ საკუთარ ოპონენტს. ვლადიმირი - მისაბაძი მაგალითია რინგზეც და მის მიღმაც...

მე ძალიან ემოციური ვარ, რადგან ვიცი, რომ ბრძოლის წინ, ჩემში ეჭვი ეპარებოდათ. მაგრამ ძლიერი აღმოვჩნდი. როცა ასეთ ბრძოლებზე გადიხარ, აცნობიერებ - რას წარმოადგენ რეალურად...

"ფიური, ტაისონ ფიური, სად ხარ? არ ვარ წინააღმდეგი შენთან ჩხუბის. თუ შენ დაბრუნდები და საკუთარ თავს წესრიგში მოიყვან, მომავალში მინდა, რომ 90 ათასმა მაყურებელმა კიდევ ერთხელ ნახოს კრივის ბრწყინვალე ღამე..."

ვლადიმირ კლიჩკო: "დღეს მოიგო საუკეთესო მოკრივემ. ეს საოცარი ბრძოლა იყო, რომელშიც საუკეთესოები ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს. ჩხუბობდა ორი ჯენტლმენი. ეს ყველაფერი ნაღვლიანია ჩემთვის, რადგან იმედი მქონდა, რომ ბრძოლის ბოლოს, რეფერი ჩემს ხელს აწევდა, მაგრამ არ გამოვიდა. პატივს ვცემ ენტონის. ის დღეს ბოლომდე იბრძოდა".

ბრძოლის სტენოგრამა
I რაუნდი
ბრძოლა დაიწყო ჯებების დუელით. პირველი ზუსტი დარტყმა ჯოშუას ჰქონდა და პირველი კლინჩში კლიჩკო შევიდა. შემდეგ ბრძოლა გრძელი დისტანციიდან გაგრძელდა.

II რაუნდი
კლიჩკომ თავიდანვე მოარტყა მარჯვენა და უფრო აქტიური მოძრაობა დაიწყო. ჯოშუამ ზუსტი ჯებით უპასუხა. უკრაინელი აკავებდა დისტანციაზე მეტოქეს.

III რაუნდი
რთული რაუნდი კლიჩკოსთვის. ჯოშუა რამდენჯერმე აგრესიულად წავიდა წინ, მაგრამ უშედეგოდ. უკრაინელი კარგად იცავდა თავს, მაგრამ შეტევაში ნაკლებად აქტიური იყო.

IV რაუნდი
კლიჩკომ ისევ მოარტყა მარჯვენა რაუნდის დასაწყისში. ჯოშუამ კარგი ორმაგით უპასუხა. ბრიტანელმა კორპუსში დარტყმები სცადა, მაგრამ კლიჩკომ კარგად დაიცვა თავი, სამაგიეროდ, გავიდა ჯოშუას მარჯვენა გვერდითი დარტყმა.

V რაუნდი
ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო რაუნდი. ჯოშუამ აგრესიულად დაიწყო და უკრაინელმა რამდენიმე მძიმე დარტყმა გაატარა. კლიჩკომ სცადა კლინჩით გადაერჩინა თავი, მაგრამ აპერკოტი მიიღო და ნოკდაუნში ჩავარდა. ვლადიმირი ძალიან მალე წამოდგა. მარცხენა თვალთან ჭრილობა ჰქონდა, მიუხედავად ამისა, არ განავითარებინა უპირატესობა მეტოქეს, პირიქით, თავად მიიმწყვდია ჯოშუა ბაგირებთან.

VI რაუნდი
კლიჩკომ მოახერხა ბრძოლაში გარდატეხის შეტანა. ჯოშუა მძიმედ სუნთქავდა და მისთვის კინაღამ საბედისწერო აღმოჩნდა უკრაინელის მარჯვენა პირდაპირი დარტყმა, რომელმაც მასპინძელი ნოკდაუნში გაუშვა. კლიჩკომ, ალბათ, შეცდომა დაუშვა, როცა არ სცადა ინიციატივის განვრცობა და მხოლოდ ჯებებით მუშაობდა.

VII რაუნდი
ჯოშუა მძიმედ გადაადგილდებოდა და კლიჩკომ კიდევ ერთი რაუნდი მოიგო. ამ რაუნდში ზუსტი დარტყმები მხოლოდ უკრაინელს გამოსდიოდა, მაგრამ ტემპი ოდნავ დაბალი ჰქონდა.

VIII რაუნდი
ჯოშუა თანდათან გონს მოვიდა და მანაც აამოქმედა ჯები. მეტოქის მსგავსად, კლიჩკოსაც დაღლა დაეტყო და მის დარტყმებს უკვე აღარ ჰქონდა სისწრაფე და ძალა. ბრძოლა გათანაბრდა.

IX რაუნდი
შეხვედრა საბოლოოდ გადავიდა მშვიდ ტემპში. გახშირდა კლინჩში შესვლა. უკრაინელის არც ერთი დარტყმა მიზანში არ მოხვედრილა, ჯოშუამ კი პირველად დიდი ხანის პაუზის შემდეგ, ორჯერ აქცენტირებული დარტყმა შეასრულა მარჯვნიდან.

X რაუნდი
მეტოქეებმა დარტყმები გაცვალეს, რაუნდის მეორე ნახევარი მრავალრიცხოვანი კლინჩებით აღინიშნა. ბოლოს იყო დარტყმების გაცვლა, სადაც უფრო ზუსტად კლიჩკო გამოიყურებოდა.

XI რაუნდი
ამ რაუნდის დასაწყისი მეხუთეს ჰგავდა. ჯოშუამ ბოლო ძალები მოიკრიბა და შეტევაზე გადავიდა. თითქოს, კლიჩკომ იოლად მოიგერია ეს იერიში, მაგრამ უმძიმესი აპერკოტი გამოეპარა და ეს დასასრული აღმოჩნდა. ჯოშუამ ზედიზედ ორჯერ წააქცია უკრაინელი, კლიჩკო ორივეჯერ წამოდგა, მაგრამ ენტონის მესამე შტურმის შემდეგ, რეფერიმ ბრძოლა შეწყვიტა.

საინტერესოა, ქულების მიხედვით რა მდგომარეობა იყო იმ მომენტში, როცა რეფერიმ ბრძოლა შეწყვიტა. როგორც გამოცემა The Sun-მა დაადგინა, ენტონი ჯოშუა ქულებითაც იგებდა. ორი მსაჯის აზრით, ბრიტანელი წინ იყო - 96:93 და 95:93. კიდევ ერთი მსაჯი კლიჩკოს აძლევდა უპირატესობას - 95:93.

ასევე ქულებს ითვლიდა The Sun-ის მიერ დაქირავებული ექსპერტი ჯეფ პაუელი, რომელსაც 10 რაუნდის შემდეგ, უკრაინელს აგებინებდა - 95:94.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული