ალიზე დიადი? მეივეზერმა თავი ყველაზე მაღლა დააყენა

AutoSharing Option
ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ამერიკელი ფლოიდ მეიეზერი ტელეარხ ESPN-ზე არ დაეთანხმა წამყვანთა აზრს იმის შესახებ, რომ მოჰამედ ალი - უდიადესი მოკრივეა მსოფლიოში.

"რა კრიტერიუმებით ვაფასებთ მოკრივეს? თუ ჩვენ ვმსჯელობთ საკუთარი იდეალებისთვის ბრძოლის მიხედვით, მაშინ ის საუკეთესოა. მაგრამ თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები დარტყმა გავატაროთ და რეკორდები დავამხოთ, მაშინ ეს არის ფლოიდ მეივეზერი.

მოჰამედ ალი - ლეგენდაა. მან გაკვალა გზა ჩემთვის, რომ მე იქ ვყოფილიყავი, სადაც ახლა ვარ. მაგრამ, როცა ვლაპარაკობთ რეკორდებზე და ბრძოლების სტატისტიკაზე, ბევრს ავიწყდება,
რომ ალიმ წააგო თავისი ტიტული მოკრივესთან, რომელსაც მხოლოდ შვიდი ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული. ქედს ვიხრი ალის წინაშე, მაგრამ კრივს იმისთვის არ მივუძღვენი 40 წელი, რომ თქვან - არსებობს ჩემზე ძლიერი მოკრივე", - განაცხადა მეივეზერმა.

ფლოიდს მხედველობაში ჰყავდა ლეონ სპინქსი (შვიდი მოგება და ერთი ფრე), რომელთანაც მოჰამედმა წააგო საჩემპიონო ბრძოლა 1978 წელს. მატჩ-რევანშში ალიმ დაამარცხა სპინქსი და ტიტული დაიბრუნა.

"კრივის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ დაარტყა და თავად არ გაატარო დარტყმა. მიყვარს ალი, მაგრამ ბაგირებთან დგომა და მეტოქისგან დაზიანების მიღება - მაგარი სულაც არ არის. კარიერა დავასრულე 49 მოგებით და 0 წაგებით, ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგა. საკმარისი თანხა დავაგროვე, რათა განათლება მივცე ჩემს შვილებს და მაქვს შესაძლებლობა, ცოდნა გადავცე ახალგაზრდა მოკრივეებს", - აგრძელებს მეივეზერი.

თავის კარიერაში მთავარ ბრძოლად ფლოიდმა მენი პაკიაოსთან გამარჯვება დაასახელა.

"40 წუთში 300 მილიონი დოლარი გამოვიმუშავე", - აღნიშნა ამერიკელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული