ქართულმა ხმალმა მადრიდშიც გაჭრა - სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს თასზე ვერცხლი მოიპოვა

AutoSharing Option
პლანეტის უძლიერესმა მოხმალავეებმა მოიყარეს თავი ესპანეთის დედაქალაქში, სადაც მოფარიკავეთა პირად-გუნდური მსოფლიოს თასი გათამაშდა.

საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლთა შორის სამი ქართველიც იყო - სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი. შეგახსენებთ, რომ სანდრომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჯერ რიოს ოლიმპიური თამაშების საგზური დაიმსახურა, მერე კი 23-წლამდელებში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, რაც ახალგაზრდებში მისი მესამე ტიტულია.

ქართველმა მოხმალავემ მადრიდშიც იყოჩაღა - უძლიერეს მეტოქეებთან პაექრობაში მეორე ადგილი დაიკავა, რაც ქართველი მუშკეტერის დიდ პოტენციალზე მიუთითებს.

სანდრომ ჯგუფში ექვსივე შეხვედრა მოიგო: ზედიზედ დაამარცხა გაბრიელ არმიჯო (აშშ, 5:3),
ინაკი ბრავო (ესპანეთი, 5:2), შოიჩი მორი (იაპონია, 5:1), მასიმილიანო მურილო (იტალია, 5:1), მატეუშ გოდლევსკი (პოლონეთი, 5:3), რუვენ რედვანსი (გერმანია, 5:0).

ქართველმა სპორტსმენმა წარმატებული სვლა პლეი ოფშიც განაგრძო - პირველ წრეში მსოფლიოს პრიზიორი მუჰამერ ამერი (ეგვიპტე, 15:12) ჩამოიშორა გზიდან, მერე 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ფრანჩესკო ბონსანტოს (იტალია, 15:8) დააყრევინა ფარ-ხმალი, მერვედფინალში ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისპრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების თითო ოქრო-ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მფლობელი, ევროპის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი ტიბერიუ დოლნიჩეანუ (რუმინეთი, 15:12) დაჯაბნა, მერე მის გზას გაუყენა პირად პირველობაში ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი, გუნდურში ორი ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების თითო ოქრო-ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მფლობელი, ევროპის ორგზის ჩემპიონი დიეგო ოჩიუზი (იტალია, 15:7), ნახევარფინალში 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის მეორე პრიზიორი ლუკა კურატოლი (იტალია, 15:14) დაამარცხა დაძაბულ ორთაბრძოლაში.

გადამწყვეტი პაექრობა კი 2008 წლის ოლიმპიურ ჩემპიონთან, მსოფლიოს ჩემპიონატების სამივე სინჯის მედლის კავალერ ვინსენტ ანსტეტთან (საფრანგეთი, 9:15) დათმო, მეორე ადგილზე გავიდა და პირადი რეიტინგი 26 ქულით გაიუმჯობესა.

მადრიდში მიხეილ მარდალეიშვილმა ხუთი ორთაბრძოლა მოიგო, ბექა ბაზაძემ ორ მეტოქეს აჯობა. საბოლოოდ მათ, შესაბამისად, 74-ე და 120-ე ადგილები დაიკავეს.

15 მაისს გუნდური შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა პირველ წრეში ყაზახეთის გუნდს სძლია - 45:30, მეორეში კი გერმანიასთან დამარცხდა - 35:45. ალემანებმა მთელი ტურნირი შეუფერხებლად განვლეს, ფინალში აშშ-ის გუნდი დაჯაბნეს (45:35) და მთავარი პრიზი მოიპოვეს.

ჩვენმა ბიჭებმა (სანდრო და ბექა ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი) დამამშვიდებელში ბელორუსები (45:35 და ეგვიპტელები (45:33) ჩამოიშორეს გზიდან, ირანელებთან კი ვერაფერს გახდნენ (28:45) და 22 ნაკრებს შორის მე-10 ადგილს დასჯერდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ სანდრო...! წარმატებები....
zaza
13:16 16-05-2016
0

სიახლეები პოპულარული