ორმაგად სასიხარულო - მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა

AutoSharing Option
ბულგარულ პლოვდივში გრძელდება 23 წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც ქართველი მუშკეტერებიც მონაწილეობენ.

პირველ მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, შესანიშნავად იასპარეზა ახალგაზრდებში კონტინენტის ორგზის ჩემპიონმა, მოხმალავე სანდრო ბაზაძემ, რომელმაც ამას წინათ პრაღაში რიოს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.

ჯგუფში სანდრომ ზედიზედ სძლია ბრინმორ საუნდერსს (დიდი ბრიტანეთი, 5:1), ემილი დე ვისშერს (ბელგია, 5:2), ფრანჩესკო ბოსტანტოს (იტალია, 5:4), მიხაილ აკულას (ბელორუსი, 5:2), დამიან ზვონირსკის (პოლონეთი, 5:0) და პლეი ოფში გავიდა. ქართველი სპორტსმენის შეჩერება იქაც ვერავინ შეძლო: პირველ შეხვედრაში თანაგუნდელ მიხეილ მარდალეიშვილს მოუგო - 15:6, მერე
მადალინ ბუკურისა (რუმინეთი, 15:14) და იაკუბ ოსინსკის (ისრაელი, 15:9) აჯობა, ნახევარფინალში რუსი ალექსანდრ ტრუშაკოვი დაჯაბნა - 15:13, გადამწყვეტ პაექრობაში კი იტალიელი ფრანჩესკო დარმიენტო დაამარცხა - 15:10 და ახალგაზრდებში ევროპული კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მესამედ ავიდა.

საგულისხმოა, რომ ჯგუფებიდან ასპროცენტიანი შედეგით მხოლოდ ბაზაძე, ტრუშაკოვი და დარმიენტო გავიდნენ.

ევროპის ჩემპიონს პლოვდივში დავუკავშირდით:

- რთული ტურნირი იყო, - გვითხრა სანდრომ. - ისეთ მეტოქეებს შევხვდი, განსაკუთრებით,  პლეი ოფში, რომ ნებისმიერს შეეძლო ტიტულის მოპოვება. ჩემპიონობა ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან ეს ოქრო იმ დღეს მოვიგე, როცა მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელნი ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

- განსაკუთრებით მაინც რომელ ორთაბრძოლას გამოჰყოფდი?
- ფინალში იტალიელ დარმიენტოს მოვუგე. აქამდე მასთან ორჯერ მივაღწიე წარმატებას მსოფლიოს თასებზე ბუდაპეშტსა და ვარშავაში. რუსი ტრუშაკოვი ევროპის პრიზიორი და მსოფლიოს ჩემპიონია ახალგაზრდებში. ორი წლის წინათ თბილისში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში სწორედ მას ვაჯობე 15:12.

- პრაღაში რიოს ლიცენზიის მოპოვების შემდეგ ამ ჩემპიონატისთვის, თითქოს, განსაკუთრებული მოტივაცია არ უნდა გქონოდა...
- მართალი ხართ, მაგრამ ჩემთვის ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია, მათ შორის - საქართველოს ჩემპიონატები და თასის გათამაშება. ამიტომ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და პირველობისთვის ვიბრძვი. ასე იყო პლოვდივშიც.

რიო დე ჟანეიროში გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში რუსებთან 39-45 წავაგეთ. არ მიყვარს არბიტრებზე ლაპარაკი, მაგრამ მიკერძოებული მსაჯობა რომ არა, მერწმუნეთ, ანგარიში სხვაგვარი იქნებოდა.

ახალგაზრდული გუნდი გვყავს და სულ მალე, მჯერა, მეტოქეებთან ერთად არბიტრებსაც გავუმკლავდებით. სწორედ ბრაზილიაში გულდაწყვეტილმა გადავწყვიტე, მიზნისთვის პლოვდივში მიმეღწია. უფლის ძალითა და შემწეობით ეს შევძელი.

- უახლოესი გეგმები?
- სამ მაისს გუნდური შეჯიბრებები გაიმართება. ორი წლის წინათ მოხმალავეებმა თბილისში ბრინჯაო მოვიპოვეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შედეგი პლოვდივში გავაუმჯობესოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული