მერაბ ბაზაძე: ამ ბედნიერი დღისთვის რამდენიმე წელიწადი ვემზადებოდით მონდომებით

AutoSharing Option
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მოფარიკავეთა ევროპის ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირში რიოს ოლიმპიადის 12 ლიცენზია (ქალთა და ვაჟთა შორის) გათამაშდა. წარმატებულ სპორტსმენებში დაიბევა ადგილი ქართველმა მოხმალავე სანდრო ბაზაძემ - 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში იგი საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავს.

ჩეხურ ბატალიებთან დაკავშირებით შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ მერაბ ბაზაძეს.

- ამ ბედნიერი დღისთვის რამდენიმე წელიწადი ვემზადებოდით მონდომებით, - გვითხრა მან. - კარგია, რომ თავდადებულმა გარჯამ უკვალოდ არ ჩაიარა. პრაღაში დაძაბული პაექრობები გაიმართა. დასტურად ისიც გამოდგება, რომ დაშნაში გერმანელი ოლიმპიური და მსოფლიოს
ჩემპიონი ბრიტა ჰეიდემანი ულიცენზიოდ დარჩა. ეს შეჯიბრება ევროპელი მუშკეტერებისთვის ბოლო საოლიმპიადე ტურნირი იყო. რადგანაც რიოს პროგრამაში ვაჟთა გუნდური ხმალი და ქალთა გუნდური რაპირა არ შედის, ამ სახეობებში 4-4 საგზური გათამაშდა, დანარჩენებში - თითო-თითო.

- და 12 ლიცენზიიდან ერთი ჩვენ გვერგო...
- მოხმალავე ვაჟებში სხვადასხვა ქვეყნის 20 წარმომადგენელი იბრძოდა, მათ შორის რვა სპორტსმენი მსოფლიო გრან პრისა და თასის ეტაპების გამარჯვებული ან პრიზიორი გახლდათ. ამის მიუხედავად, სანდრომ ჯგუფში ოთხი შეხვედრა იოლად მოიგო და მხოლოდ ერთი პაექრობა დათმო კონსტანტინ ვორონოვთან (ისრაელი). ეს მოფარიკავე ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ვიცე ჩემპიონია. კონტინენტის პირველობაზე გადამწყვეტი შეხვედრა მან სწორედ სანდროსთან დათმო.

ჯგუფში მასთან მარცხი ტრაგედიად არ აღგვიქვამს. აი, პლეი ოფში ესპანელი ფერნანდო კასარესის ძლევის (15:7) შემდეგ მეოთხედფინალში ისევ ვორონოვთან შეხვედრისას კი უკან დასახევი გზა აღარ იყო - ის ორთაბრძოლა უნდა მოგვეგო. პირველ ნახევარში სანდრო 8:2 დაწინაურდა.

შესვენების შემდეგ მეტოქემ ქულათა სხვაობა საგრძნობლად რომ შეამცირა და სიტუაცია დაიძაბა, ძალიან გამიკვირდა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ სანდრომ მითხრა, დიდი უპირატესობით რომ დავწინაურდი, თავი ოლიმპიადაზე წარმოვიდგინე და კონცენტრაცია დავკარგეო.

საბედნიეროდ, დროზე მოეგო გონს და ყველაფერი კარგად დასრულდა. ამ წარმატებაში ჩვენი დელეგაციის წევრების აქტიურმა ქომაგობამაც შეიტანა თავისი წვლილი. ქართველ მოფარიკავეებს აქტიურად გულშემატკივრობდნენ ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელია, საპატიო პრეზიდენტი, მსოფლიოს ჩემპიონი იური ოსიპოვი, ვეტერანი მოფარიკავე გივი ცაგარეიშვილი, საერთაშორისო არბიტრები - დავით სახვაძე და ზაზა მჭედლიძე, პრაღაში მცხოვრები ქართველები.

ესპანეთიდან სპეციალურად ჩამოვიდა ყოფილი ფეხბურთელი, ბატონ იურის მეგობარი ვლადიმერ ბენიაშვილი.

სალიცენზიო ტურნირზე შესანიშნავად იფარიკავა თეოდორა კახიანმა. ნიჭიერი გოგოა. საკმაოდ აიმაღლა ოსტატობა. რთული ორთაბრძოლები მოიგო. პლეი ოფში 15:11 დაამარცხა ძლიერი მეტოქე - ესპანელი ნავარო. ნახევარფინალში ორი ჩხვლეტით დამარცხდა ბელორუს პალინა კასპიაროვიჩთან და მესამე ადგილი დაიკავა, რაც რიოს საგზურის მოსაპოვებლად არ ეყო. თუ ასე განაგრძობს წვრთნას, დარწმუნებული ვარ, იგი ოთხი წლის შემდეგ ტოკიოში ფავორიტთა შორის იქნება.

- 25-27 აპრილს მოხმალავეთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება...
- დიახ. ამ შეჯიბრებას რიო დე ჟანეირო უმასპინძლებს. ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ზაზა მჭედლიძის ხელმძღვანელობით დღეს ასეთი შემადგენლობით გაემგზავრება: სანდრო და ბექა ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი და საბა სულამანიძე. მედლებისთვის 16 გუნდი იბრძოლებს. რეიტინგით ბოლო ადგილზე ვართ, პირველი კი ამერიკის ნაკრებია. თუ არაფერი შეიცვალა, შესაძლოა, პირველად სწორედ ოკეანისგაღმელებს დავუპირისპირდეთ. მოსაგებად ცუდი შანსიც არ გვაქვს... თუმცა, პროგნოზებს ჯობია, ცოტაც დავიცადოთ. მართალი გითხრათ, ახლა ჩვენთვის მსოფლიოზე მეტად მნიშვნელოვანი სანდრო ბაზაძის ოლიმპიური თამაშებისთვის სათანადო მომზადებაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული