ქართული ფარიკაობა 20 წლის შემდეგ ოლიმპიადაზე ბრუნდება!

AutoSharing Option
საქართველოს ექვსი წარმომადგენელი მონაწილეობდა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მოფარიკავეთა ევროპის ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირში, რომელსაც კონტინენტიდან ქალთა და ვაჟთა შორის რიოს ოლიმპიადის 6-6 ლიცენზიატი უნდა დაესახელებინა.

ჩვენებურთაგან ახალგაზრდა მოხმალავეთა შორის ევროპის ორგზის ჩემპიონმა სანდრო ბაზაძემ (მწვრთნელი მერაბ ბაზაძე) ისახელა თავი - ოცწლიანი შესვენების შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოს ფარიკაობაში ოლიმპიური თამაშების საგზური მოუტანა.

საბჭოთა პერიოდში ქომაგები განებივრებული იყვნენ ქართველ მუშკეტერთა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობითა და იქ მიღწეული წარმატებებით. ჩვენგან ოლიმპიური საფარიკაო ბილიკი პირველად 1952 წელს აკაკი მეიფარიანმა (დაშნა) მოსინჯა, შემდეგ ოლიმპიადებზე გამოვიდნენ: იური ოსიპოვი (1956,
რაპირა), რევაზ ცირეკიძე (1956, დაშნა), გურამ კოსტავა (1960, 1964, დაშნა), ნუგზარ ასათიანი (1960, 1964, ხმალი), ვლადიმერ აფციაური (1988, რაპირა). ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ გუნდურში ასათიანი და აფციაური, ბრინჯაოს ორი მედალი (გუნდურსა და პირადში) კოსტავამ დაიმსახურა. დამოუკიდებელი საქართველოს სახელით 1996 წელს ატლანტაში მოხმალავე არჩილ ლორთქიფანიძემ იასპარეზა.

და აი, 2016 წელს ოლიმპიურ ბილიკზე დადგება სანდრო ბაზაძე.

პრაღაში მან ექვსი შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ერთხელ დათმო ორთაბრძოლა: ჯგუფში ზედიზედ სძლია ენვერ ილდირიმს (თურქეთი, 5:1), ნიკოლაი ზაპოროჟენკოს (მოლდოვა, 5:1), მარკო კლაიჯიჩსა (სერბეთი, 5:1), და იოსიფ ბრაიდიჩს (ხორვატია, 5:0). ის ერთადერთი ორთაბრძოლა კონსტანტინ ვორონოვთან (ისრაელი) წააგო - 3:5. ამის მიუხედავად, პლეი ოფში გავიდა, სადაც პირველ პაექრობაში ესპანელ ფერნანდო კასარესს სძლია იოლად - 15:7, მეოთხედფინალში კი სწორედ ვორონოვს აჯობა - 15:12, რევანში აიღო და ნახევარფინალში გავიდა, რითაც რიოს ოლიმპიური თამაშების საგზური დაიბევა.

რადგანაც გუნდური ხმალი წლევანდელი ოლიმპიადის პროგრამაში არ შედის ქალთა გუნდური რაპირის მსგავსად, ამ სახეობებში პირად სალიცენზიო ტურნირზე ოთხ-ოთხი საგზური გათამაშდა. სანდროსთან ერთად რიოში გამგზავრების უფლება მიიღეს ანდრეი იაგოდკამ (უკრაინა), პანჩო პაშკოვმა (ბულგარეთი) და სეპე ვან ჰოლსბეკმა (ბელგია).

ბაზაძეს, სამწუხაროდ, მხარი ვერ აუბეს თანაგუნდელებმა, არადა, სხვებზე ახლოს იყო მიზანთან მოხმალავე თეოდორა კახიანი, რომელიც მესამე წელიწადია, ამერიკაში სწავლობს და იქვე იმაღლებს ოსტატობას ფარიკაობაში. ჯგუფში მან მხოლოდ ორი მეტოქე დაამარცხა - იტალიელი საბინა მატიასი (5:4) და ბელგიელი ალექსანდრა გევაერტსი (5:1), სამი პაექრობა კი დათმო. ამის მიუხედავად, მაინც გავიდა პლეი ოფში, სადაც პირველი შეხვედრა ისევ გევაერტს მოუგო - 15:11, შემდეგ მსგავსი ანგარიშით ესპანელი არასელი ნავარო ჩამოიშორა გზიდან. ნახევარფინალში ორი ჩხვლეტით დამარცხდა ბელარუს პალინა კასპიაროვიჩთან - 13:15, გაიყო მესამე ადგილი და ოლიმპიადაზე გამოსვლა ოთხი წლით გადადო, რადგან გოგონათა ხმალში მხოლოდ ერთი საგზური თამაშდებოდა. ის აზერბაიჯანის სახელით მოასპარე საბინა მიხინამ დაიბევა.

დაშნაში მარია ზაკირჩენკომ ჯგუფში მხოლოდ ერთ მეტოქეს სძლია - აგნე სველნიენეს (ლიტვა, 5:4), დანარჩენი წააგო და 21-ე ადგილი დაიკავა. ამავე სახეობაში 25-ე იყო მიქაელ მიქაელიანი. გოგონათა რაპირაში ოთხი საგზური თამაშდებოდა, მაგრამ თეონა გოგლიძემ ჯგუფში ყველა პაექრობა დათმო და პლეი ოფში ვერ გავიდა - საბოლოოდ 21-ე ადგილი ერგო. მე-15 ადგილით დაკმაყოფილდა ლუკა ღაღანიძე, რომელმაც ჯგუფში ლუკას ტეტერისსა (ლატვია, 5:3) და ფრანსის კუსაკს (ირლანდია, 5:3) აჯობა, მაგრამ პლეი ოფის პირველსავე პაექრობაში ანდრიი პოგრებნიაკთან (უკრაინა, 8:15) ვერაფერს გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული