სანდრო ბაზაძე - დიდი ჩემპიონების ნაკვალევით

AutoSharing Option
სანდრო ბაზაძე
დაიბადა 1993 წლის 29 ივლისს თბილისში. ფარიკაობა დაიწყო 2008 წელს მამის - მერაბ ბაზაძის ხელმძღვანელობით. 2009 წელს საქართველოს პირველობა მოიგო ხმალში ჯერ ჭაბუკებში, მერე - ახალგაზრდებში; უფროსებში საქართველოს ჩემპიონი გახდა 2010 წელს. მას შემდეგ კიდევ სამჯერ დაისაკუთრა ეს ტიტული. საქართველოს თასის სამგზის მფლობელია; ახალგაზრდებში საერთაშორისო ტურნირის სამგზის გამარჯვებულმა ერთხელ მსოფლიოს თასის ეტაპი (2012) მოიგო, ერთხელ მესამე ადგილზე (2013) გავიდა, ორჯერ კი (2011, 2011 წ.წ) 23-წლიანთა ევროპის თასის ეტაპებზე აჯობა ყველას. 2013 წელს 20-წლიანებში ევროპის ჩემპიონი გახდა, ახალგაზრდების მსოფლიოს
პირველობაზე მეხუთე იყო, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი მე-16 ადგილი დაიკავა.

ქართველი ყმაწვილების მსგავსად, სანდრო ბაზაძემაც სპორტული კარიერა ფეხბურთით დაიწყო.

ორი წელიწადი 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდში ვარჯიშობდა. მერე ტრავმა მიიღო და საყვარელ სახეობას ნაადრევად დაემშვიდობა.

- ფეხბურთიდან ფარიკაობაზე როგორ მოხვდი?
- მამა ყოფილი მოფარიკავეა - ახალგაზრდებში საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი, ბევრი საერთაშორისო ტურნირი აქვს მოგებული, წლების განმავლობაში საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდა.

დიდ სპორტთან განშორების შემდეგ მწვრთნელობას მიჰყო ხელი. ჩემს უფროს ძმას, ბექას მან შეაყვარა ფარიკაობა. მამას უნდოდა, მეც მოხმალავე გამოვსულიყავი, მაგრამ ბავშვობისას ჩემს სურვილს არ შეეწინააღმდეგა, ფეხბურთზე სიარული რომ მოვინდომე.

ტრავმის შემდეგ მამამ ფარიკაობის დარბაზში წამიყვანა და ჩემს ძმას შემაჯიბრა. აბა, მასთან რას გავხდებოდი, მაგრამ მაშინ გამიჩნდა დიდი სურვილი, მევარჯიშა და ძმასთან ტოლ-სწორად მეფარიკავა.

- მერე... გამოგივიდა?
- რა თქმა უნდა. მე და ბექა საქართველოს ჩემპიონატებში უკვე ოთხჯერ შევხვდით ერთმანეთს და ანგარიში თანაბარია, საქართველოს თასზეც 1:1-ია, 2011 წელს ყაზანში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბექას მეორე წრეში ვძლიე, შარშან კი მსოფლიოს თასზე მან მაჯობა მოსკოვში. ასე რომ, ჩვენ შორის თანაბარი (4:4) ანგარიშია.

- წლევანდელ 20-წლამდელთა ევროპის პირველობაზე რას იტყვი?
- ბუდაპეშტში სხვადასხვა ქვეყნის 76-მა მოხმალავემ მოიყარა თავი. ჯგუფში ექვსი შეხვედრა მოვიგე. შემდეგ პლეი ოფში გავედი, სადაც უნგრელი მარტინ სინგერი საკმაოდ ადვილად დავამარცხე - 15:6, მე-2 წრეში ბელორუს სიარჰეი კისელს ვძლიე - 15:4, მეოთხედფინალში რუს ვიაჩესლავ ისკანდეროვს ვაჯობე - 15:10, ნახევარფინალში, ასევე, რუსი სპორტსმენი კამილ იბრაგიმოვი ჩამოვიშორე გზიდან - 15:10 და გადამწყვეტ პაექრობაში უკრაინელ კონსტანტინ ვორონოვს მოვუგე - 15:14.

საინტერესოა, რომ ამ შეხვედრას 10:14-ს ვაგებდი, რადგან მსაჯმა ორთაბრძოლის ადრე დაწყების მცდელობისთვის ორი ქულით დამაჯარიმა. ამის მიუხედავად, შევძელი ძალების მობილიზება და წარმატებას მივაღწიე.

ჩემპიონობა პირველმა მამამ მომილოცა, რომელიც იქვე, საფარიკაო ბილიკთან იდგა, როგორც ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ჩვენი სიხარული ევროპის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჩეხმა ფრანტიშეკ იანდამ და სახელოვანმა უნგრელმა მოფარიკავემ, ენო კამუტიმ გაიზიარეს.

- შენ და კამილ იბრაგიმოვს, როგორც ვიცით, დიდი მეტოქეობა გაქვთ...
- დიახ, უკვე სამჯერ შევხვდით ერთმანეთს. ევროპის პირველობაზე მე მოვუგე, მან რევანში უფროსების ევროპის ჩემპიონატზე ამიღო ჯგუფში, ხოლო რუსეთ-საქართველოს გუნდურ შეხვედრაში ორთაბრძოლა ფრედ დავამთავრეთ - 5:5.

20-წლიანთა მსოფლიოს რეიტინგში ამჟამად იბრაგიმოვი 158 ქულით პირველ ადგილზეა. 147 ქულით მეორე ადგილზე ვარ. მესამეზე მყოფი ანდრეს ზატმარი (უნგრეთი) 9 ქულით ჩამომრჩება.

- წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგით კმაყოფილი ხარ?
- მას შემდეგ, რაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურს გაუსინჯავ გემოს, სხვა შედეგი აღარ გაკმაყოფილებს. მართალია, მსოფლიოს ჩემპიონატზე 10-15 წლით უფროს მოფარიკავეებს ვეჯიბრებოდი, რომლებსაც, ცხადია, მეტი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ყოველივე ეს მე-16 ადგილის გასამართლებლად არ გამომადგება.

საჭიროა მეტი ვარჯიში და საშეჯიბრო გამოცდილება, რომ მნიშვნელოვან ტურნირებში მაღალ შედეგებს მიაღწიო. ჩვენთან ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონობით ვერავის გააკვირვებ - ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები და უფროსებში მსოფლიოს ჩემპიონები გვყავს. ამიტომ ჩემი მიზანია, სწორედ სახელოვანი ქართველი მოფარიკავეების ნაკვალევით ვიარო.

- ესე იგი, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონობა გაქვს მიზნად...
- ერთ ძველ გამოთქმას გავიმეორებ: ისეთ ჯარისკაცს რა ვუთხარი, ვინც გენერლობაზე არ ფიქრობსო.

- ფარიკაობის გარდა რა გიტაცებს?
- ფეხბურთი და კალათბურთი. ფეხბურთში "მანჩესტერსა" და ინგლისის ნაკრებს ვქომაგობ, კალათბურთში - "ლეიკერსს", კობი ბრაიანტსა და ზაზა ფაჩულიას.

ძალიან მინდა, რომ ტრავმირებული ფაჩულიას და შენგელიას გარეშეც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სლოვენიაში წლეულს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზოს.

- მხოლოდ სპორტი გიყვარს?
- თანამედროვე მუსიკა, სათავგადასავლო თხზულებები.

- კერპი?
- მერაბ ბაზაძე... არა იმიტომ, რომ მამაჩემია. მე მისი მჯერა.

- ჰობი?
- ხატვა.

- რომელ კერძებს აძლევ უპირატესობას?
- ჩახოხბილს და, როგორც ყველა ქართველი, მწვადსა და ხინკალს, ოღონდ ხშირად გემოზე ჭამას ვერიდები, რომ წონის პრობლემა არ შემექმნას.

- სასმელი?
- სანამ დიდ სპორტში ვარ, სასმელს არ გავეკარები.

- ზოდიაქო?
- ლომი. იცოცხლე, კარგი ნიშანია, თუ გამომადგა.

- უახლოესი გეგმები?
- ახლა ორი კვირა დავისვენებ და სექტემბრიდან ვარჯიშს შევუდგები. მადლობა ფარიკაობის ეროვნულ ფედერაციას და ვეტერან მუშკეტერებს, რომლებიც ყურადღებას არ მაკლებენ. ახალ სეზონშიც ფედერაციის მიერ დაგეგმილ შეჯიბრებებში გამოვალ. გაისად თბილისი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ჩემი მთავარი საზრუნავი სწორედ ამ შეჯიბრებისთვის საფუძვლიანი მომზადებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული