სანდრო ბაზაძეს მედლამდე ნაბიჯი არ ეყო

AutoSharing Option
ხორვატულ პორეცში გრძელდება კადეტ და ახალგაზრდა მოფარიკავეთა მსოფლიოს პირველობა.

უკვე გაუწყეთ, რომ ახალგაზრდებში წლევანდელმა ევროპის ჩემპიონმა სანდრო ბაზაძემ და 2010 წლის კადეტთა მსოფლიოს პირველობის მესამე პრიზიორმა მიხეილ მარდალეიშვილმა (ორივე - ხმალი) შესანიშნავად განვლეს შესარჩევი ეტაპი (ჯგუფში ექვს-ექვსი შეხვედრა მოიგეს).

პლეი ოფში პირველ ნომრად განთესილმა მიხეილ მარდალეიშვილმა სიარხეი კისელს (ბელორუსი) სძლია 15:11. სამწუხაროდ, მერვედფინალში ჩინელ ჟონთან ერთი ჩხვლეტით დათმო (14:15) პაექრობა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

უფრო შორს წავიდა სანდრო ბაზაძე. მან ჯერ ვენესუელელი ხესუს კარვაჯალი ჩამოიშორა გზიდან (15:8), მერე გერმანელ რიჩარდ ჰუბერს
აჯობა იოლად - 15:6. მედლამდე ნაბიჯიღა რჩებოდა.

მით უმეტეს, რომ უნგრელ ანდრაშ ზატმარისთან იგებდა შეხვედრას - 9:8, მაგრამ მას შემდეგ, რაც ანგარიში გათანაბრდა (10:10), ჩვენებურმა რამდენჯერმე მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის გამოც ორჯერ საჯარიმო ქულებით დაისაჯა, საბოლოო მობილიზებაც ვერ შეძლო, 11:15 დამარცხდა და მე-5 ადგილი დაიკავა, რაც ურიგო შედეგი არ არის, მაგრამ, სანდროს შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, მას შეეძლო, შეჯიბრებიდან უმედლოდ არ დაბრუნებულიყო.

მიხეილ მარდალეიშვილს მე-9, დავით უკლებას კი 67-ე ადგილი ერგო.

კვარცხლბეკზე კი ასე განაწილდა ადგილები: 1. კამილ იბრაგიმოვი (რუსეთი), 2. ანდრაშ ზატმარი (უნგრეთი), 3. ფრანჩესკო დარმიენტო (იტალია) და ელი დურშვიტსი (აშშ).

10 აპრილს ასპარეზობა დაამთავრეს გოგონებმა რაპირაში. უკვე გაუწყეთ, რომ თეონა გოგლიძემ წარმატებით იასპარეზა ჯგუფში, სადაც 3 მეტოქეს სძლია, მაგრამ პლეი-ოფის პირველსავე შეხვედრაში კანადელ ელეანორ ჰარვეისთან წააგო 10:15 და 41-ე ადგილს დასჯერდა. ნუცა იაგორაშვილი 84-ე იყო.

ჩემპიონობა იტალიელმა კამილა მანჩინიმ მოიპოვა, რომელმაც ფინალში ლეილა პირიევას (რუსეთი) აჯობა.

ლიი კიფერსა (აშშ) და ფრანჩესკო პალუმბოს (იტალია) ბრინჯაოს მედლები ერგოთ.

პორეცში 10 აპრილს დაშნით მოფარიკავეებიც ჩაებნენ შეჯიბრებაში. მარია ზაკირჩენკომ ჯგუფში ექვსიდან მხოლოდ ორი მეტოქე დაჯაბნა - კოლუმბიელი ორიანა ტოვარი (5:1) და ჩეხი მიხაელა ჰოფმანოვა (5:4). დანარჩენი ოთხ პაექრობაში დამარცხდა, მერე პლეი ოფში უკრაინელ ქსენია პანტელევას დანებდა 10:15 და 87-ე ადგილს დასჯერდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული