დაბედებაც ასეთი უნდა

AutoSharing Option
ამას წინათ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ოლიმპიური ჩემპიონის, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის კეთილმოწყობილი ახალი დარბაზი გაიხსნა.

გასულ უქმეებზე აქ აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის (პრეზიდენტი გიორგი კეპულაძე), ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს ერთობლივი ძალისხმევით, 1999-2002 წლებში დაბადებულთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა აფხაზეთის თასზე, რომელშიც მასპინძლებთან ერთად თბილისის, ქუთაისის, აჭარის, რუსთავის, გურიის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ჩრდილო ოსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სასიამოვნო სიურპრიზი იყო საფარიკაო ბილიკებზე გურიის რეგიონის 7 სპორტსმენის გამოჩენა. ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომის საჯარო სკოლის ფარიკაობის სექციაში ორი წელიწადია,
სპორტის მასწავლებლის, მალხაზ კვაჭაძის ხელმძღვანელობით 15-ამდე გოგონა და ვაჟი ვარჯიშობს.

მოზარდებმა გამოცდილების მიღების მიზნით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, უკვე მოასწრეს ბათუმსა და ქუთაისში ასპარეზობა, საერთაშორისო ტურნირში კი დებიუტი ჰქონდათ.

გურულთაგან განსაკუთრებით გელა მჟავიამ იყოჩაღა დაშნაში - მან მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმო ვლადიკავკაზელ ალან კესაევთან ერთი ჩხვლეტით (9:10). გიორგი კვაჭაძე რვა საუკეთესოში მოხვდა, ხოლო ნინო ბარამიძე პერსპექტიული მოფარიკავისათვის განკუთვნილი პრიზით დაჯილდოვდა.

კარგი შთაბეჭდილება დატოვეს აფხაზეთის ნაკრების (მთავარი მწვრთნელი ზურაბ ლოლუა) წევრებმა, რომლებმაც ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი და აფხაზეთის დამსახურებული მწვრთნელების - როზა ჯოლოგუას და თამაზ კაკულიას პრიზები დაიმსახურეს.

აქვე გაგაცნობთ ტურნირის გამარჯვებულებს და პრიზიორებს:

გოგონები. ხმალი. 1. ელენე ნანობაშვილი, 2. ანა აფრასიძე (ორივე - თბილისი), 3. თამარ კენჯია (აფხაზეთი), ნარმინ ჯაფაროვა (აზერბაიჯანი). რაპირა. 1. ლიკა ჯიჯეიშვილი (თბილისი), 2. მარიამ ცუხიშვილი (რუსთავი), 3. ანა შუბაშვილი (თბილისი), მარიამ ველიკოვა (აზერბაიჯანი). დაშნა. 1. მანანა საუმოვა, 2. ალიონა სურაშენკო, 3. მარინა კესაევა (სამივე - ვლადიკავკაზი), ნინო გაბუნია (ქუთაისი).

ვაჟები. ხმალი. 1. ნიკა შენგელია (აფხაზეთი), 2. ჯავანშირ აგაკიშიევი (აზერბაიჯანი), 3. ვაჟა რეჭია (აფხაზეთი), გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი). რაპირა. 1. გივი ხართიშვილი (თბილისი), 2. გიორგი ჭუმბურიძე (ქუთაისი), 3. არმენ დალაქიანი, კარენ სორსუნათიანი (ორივე - სომხეთი). დაშნა. 1. ალან კესაევი (ვლადიკავკაზი), 2. გელა მჟავია (ოზურგეთი), 3. ნიკა კილასონია (რუსთავი), არსენ არაზიანი (სომხეთი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული