ლევან კირკიტაძე: ქუთაისში ფარიკაობა ისევ დაბრუნდა

AutoSharing Option
ამ დღეებში თბილისში გამართულ კადეტ მოფარიკავეთა საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ქუთაისელმა მოფარიკავეებმა, რომლებმაც საერთო ჯამში 12 მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონები გახდნენ: გივი მერკვილაძე (ხმალი), თამარ ჭეიშვილი და ლევან ფცქიალაძე (ორივე - დაშნა). ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ოთარ შანიძე, ანა სინატაშვილი (ორივე ხმალი), მარია ზაკირჩენკო და ირაკლი ფანჩხავა (ორივე დაშნა). მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ: თამარ კენჯია (ხმალი), გიორგი ჭუმბურიძე (რაპირა), ნინო ფცქიალაძე, ქრისტინე მიქაძე და გიორგი ყურაშვილი (სამივე - დაშნა).

ქუთაისელი მოფარიკავეების წარმატებული გამოსვლა შემთხვევითი არ ყოფილა. რიონისპირა ქალაქში სპორტის ამ სახეობის მიმართ
დამოკიდებულება ბოლო წლებში არსებითად შეიცვალა.

გაუმჯობესდა სავარჯიშო პირობები, შეიქმნა იმერეთის რეგიონალური ფედერაცია, რომელსაც ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე ლევან კირკიტაძე ხელმძღვანელობს. ქუთაისსა და მთლიანად იმერეთში ფარიკაობის პერსპექტივებზე სწორედ რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელი გვესაუბრა.

"ქუთაისს ყოველთვის ჰყავდა კარგი მოფარიკავეები და ტრადიციები დღესაც გრძელდება. ხმალში სანდრო ბაზაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის თასის გამარჯვებულია. მიხეილ მარდალეიშვილი (ხმალი) იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია, ბექა ბაზაძე კი თავის ასაკში ევროპის მესამე პრიზიორია. კადეტთა შორის საქართველოს პირველობაზე ჩვენი მოფარიკავეების შესანიშნავი გამოსვლა იმის დასტურია, რომ ქუთაისში ფარიკაობა აღმავლობის გზას ადგას. კარგი თაობა მოდის და ალბათ, შორს არ არის ის დრო, როცა ოლიმპიადის ლიცენზიებს ამ სახეობაშიც მოვიპოვებთ."

- ინფრასტრუქტურაზე რას იტყვით?
- ქალაქის ხელმძღვანელობა და ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი დავით აბულაძე გვერდში გვიდგას.

მათი ხელშეწყობით გაკეთდა ფარიკაობის დარბაზი, სადაც ყველანაირი პირობები შეიქმნა ვარჯიშისა და შეჯიბრებების ჩასატარებლად.

სპორტსმენებისთვის შეგვიძინეს ფორმები. ერთადერთი პრობლემა ინვენტარის ნაკლებობაა, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამ მხრივ დახმარებას სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გვპირდება.

ქალაქის ხელმძღვანელობაც დაინტერესებულია, რომ ინვენტარი შევიძინოთ და, იმედია, ამ პრობლემას მალე გადავჭრით. წარმატებული მოფარიკავეები გვყავს და სამომავლოდ მათგან კიდევ უფრო დიდ შედეგებს ველოდებით.

მიხეილ მარდალეიშვილი, ბექა და სანდრო ბაზაძეები რომში იტალიისა და იაპონიის გუნდებთან ერთად ემზადებიან მსოფლიო თასის მორიგი ეტაპისთვის, რომელიც კვირის ბოლოს პადოვაში გაიმართება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოფარიკავეები იტალიაში წარმატებებს მიაღწევენ.

- ქუთაისი გარდა რეგიონის სხვა ქალაქებში თუ არსებობს ფარიკაობის ჯგუფები?
-საჩხერეში, ჭიათურაში, წყალტუბოში და ზესტაფონში მწვრთნელები მივავლინეთ და ფარიკაობის აღორძინება დავიწყეთ. ვცდილობთ სპორტსმენებს კარგი სავარჯიშო პირობები შევუქმნათ, მაგრამ ისევ და ისევ ინვენტარის ნაკლებობა გვიშლის ხელს. მთავარია, მრავალწლიანი უძრაობის შემდეგ ამ ქალაქებში ფარიკაობა ისევ დაბრუნდა და პრობლემებიც თანდათან გადაიჭრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული