ქართველ მუშკეტერთა სალიცენზიო მარშრუტები

AutoSharing Option
ქართველმა მოფარიკავეებმა შარშან საერთაშორისო სარბიელზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. თუნდაც ის რად ღირს, რომ კადეტთა მსოფლიოს პირველობაზე ქუთაისელმა მოხმალავე მიხეილ მარდალეიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასეთ ოფიციალურ შეჯიბრებაზე მუშკეტერთა პირველი ჯილდოა.

ასევე, რიონისპირელმა ჭაბუკმა სანდრო ბაზაძემ ახალგაზრდებში მსოფლიოს და ევროპის თასების გათამაშების თითო ეტაპი მოიგო. იყო სხვა მიღწევებიც, თუმცა მთავარი სამკალი ჩვენებურებს წლეულს აქვთ - მოხმალავენი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურებისთვის პაექრობაში ჩაებმებიან.

პირველი სალიცენზიო ტურნირი - პლოვდივის (ბულგარეთი) გრან პრი 4-5 თებერვალს გაიმართება. მუშკეტერები მხოლოდ პირად
პირველობაში მოსინჯავენ ძალებს. საასპარეზოდ უკეთ მომზადების მიზნით ქართველი მოფარიკავეები - ბექა და სანდრო ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი და კახაბერ მაღრაძე ნაკრების მთავარი მწვრთნელის - მერაბ ბაზაძის ხელმძღვანელობით 21 იანვრიდან მინსკში იმყოფებიან და მასპინძლებთან ერთად გადიან საწვრთნელ შეკრებას. ბულგარეთშიც სტაიკებიდან გაემგზავრებიან.

- პლოვდივის გარდა, მოხმალავეებს, კიდევ სამი სალიცენზიო ტურნირი ელით, - გვითხრა ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, საერთაშორისო არბიტრმა დავით სახვაძემ. - პლოვდივიდან ჩვენი ბიჭები იტალიაში ჩავლენ და რომის ოლიმპიურ ბაზაზე ჩაატარებენ 10-დღიან საწვრთნელ შეკრებას. პადოვაში (იტალია) 17-19 თებერვალს მსოფლიოს თასისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან, რომელიც პირად-გუნდური შეჯიბრებაა. 3-4 მარტს ბუდაპეშტი გრან პრის, ანუ პირად პირველობას უმასპინძლებს.

ტურნირის შემდეგ ოთხივე სპორტსმენი უნგრეთის დედაქალაქში ივარჯიშებს და 16-18 მარტს მსოფლიოს თასის მომდევნ ეტაპზე - "მოსკოვის ხმალზე" მოსინჯავს ძალებს. ამ ოთხი შეჯიბრების შედეგებით დარიცხული სარეიტინგო ქულებით გამოვლინდება რვა გუნდი და 24 მოხმალავე, რომლებიც ლონდონის ოლიმპიადის საგზურებს დაიბევებენ.

ევროპისთვის კვოტით დარჩენილი ორი ლიცენზია 21-22 აპრილს ბრატისლავაში გათამაშდება. მანამდე კი სანდრო ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი მეტოქეებს იუნიორთა მსოფლიოს პირველობაზე დაუპირისპირდებიან. ამ შეჯიბრებას აპრილის პირველ დეკადაში რუსეთის დედაქალაქი უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული