ბაზაძე რეიტინგში გერმანელთან ერთად მეწინავეობს

AutoSharing Option
ამას წინათ თბილისში 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის თასის ეტაპზე ქართველმა მოხმალავე სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა.

ნახევარფინალში მან უკრაინელი ევგენი სტაცენკო დაჯაბნა. ამ სპორტსმენების გზები გუშინ ისევ გადაიკვეთა - ამჯერად კიევში ახალგაზრდა მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის ეტაპზე, სადაც 17 ქვეყნის 67 წარმომადგენელი ცდიდა ძალებს. ბაზაძემ ქვეჯგუფში ხუთ მეტოქეს სძლია, მეთექვსმეტედფინალში უკრაინელი კონსტანტინ ვორონოვი დაამარცხა 15:12, არადა, თავიდან შეხვედრას 8:13-ს აგებდა.

მერვედფინალში სტაცენკოს დაუპირისპირდა, ამჯერადაც 15:12 აჯობა. კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზაზე სანდროს კიდევ ერთი უკრაინელი გადაეღობა - იური ცაპი. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა
დავით სახვაძემ კიევიდან გვაუწყა, რომ, როცა ანგარიში იყო 10:10, რუმინელმა მსაჯმა სამი ჩხვლეტა სანდროს ნაცვლად მასპინძელს ჩაუთვალა, რამაც ცაპს გადამწყვეტი უპირატესობა მოაპოვებინა და საბოლოოდ მან გაიმარჯვა კიდეც - 15:10.

ბაზაძე მე-6 ადგილზე გავიდა, რაც 18 წლის სპორტსმენისთვის დიდი წარმატებაა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ შედეგით მან 23-წლამდელთა ევროპულ რეიტინგში 32 ქულა მიითვალა და თანატოლებში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ქინდლერთან (გერმანია) ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.

კიევის მსოფლიოს თასის გათამაშებაში მონაწილეობდა 17 წლის ქართველი მოხმალავე, კადეტებში წლევანდელი მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი მიხეილ მარდალეიშვილი, რომელმაც ჯგუფში ექვსივე შეხვედრა მოიგო, მაგრამ მეთექვსმეტედფინალში ბელარუს აკულასთან დამარცხდა და მე-17-ე ადგილზე გავიდა. მთავარი პრიზი იური ცაპმა მოიპოვა - ფინალში მან რუს არტურ ოკუნევს აჯობა. მესამე ადგილები ევგენი სტაცენკოს უმცროს ძმას - ალექსის და ევგენი ტერიოშკინს (რუსეთი) ერგოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული