თამამობა და დიდი არეკნი

AutoSharing Option
საქართველოს, გერმანიის, იტალიის, უკრაინის, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და სომხეთის 23-წლამდელი ხმლით მოფარიკავეები იასპარეზებენ ევროპის თასის ეტაპზე, რომელსაც დღეს და ხვალ საკალათბურთო კლუბ "აკადემიას" სპორტული დარბაზი უმასპინძლებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ამ შეჯიბრებასთან დაკავშირებით გუშინ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფარიკაობის ევროპის კონფედერაციის ტექნიკური დირექტორი, თასის გათამაშების ეტაპის მთავარი მსაჯი იულიუს კრალიკი (სლოვაკეთი), საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე გია გალდავა, ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ აფციაური, მსოფლიოს ჩემპიონი იური ოსიპოვი, ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელია და გენერალური მდივანი დავით სახვაძე ესწრებოდნენ.

პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ მხოლოდ
ვაჟები იასპარეზებენ, პირად და გუნდურ (3-3 წევრი) შეჯიბრებაში. საქართველოს სპორტულ ღირსებას ახალგაზრდებისა და კადეტთა ნაკრებები, ასევე, ქუთაისელთა გუნდი დაიცავს.

იულიუს კრალიკი: "ჩვენმა კონფედერეციამ ევროპის თასის ეტაპებს მესამე წელიწადია ჩაუყარა საფუძველი. გადავწყვიტეთ, იგი რეგიონების მიხედვით ჩავატაროთ. არ არის სასურველი, მთელმა კონტინენტმა ერთ ქალაქში მოიყაროს თავი, ამას ევროპის პირველობაც კარგად ართმევს თავს. 23-წლამდელთა ტურნირს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან ეს არის გარდამავალი ასაკი. ბევრი ახალგაზრდა მოფარიკავე, რომელიც თანატოლებში გამოირჩევა, უფროსებში საკუთარ ადგილს ვერ პოულობს, ადაპტაცია უჭირს და, არცთუ იშვიათად, დიდი სპორტისთვის იკარგება.
ეს რომ არ მოხდეს, დავაწესეთ 23-წლამდელთა რამდენიმე შეჯიბრება.

კარგია, რომ საქართველოს ფედერაციამ გამოიჩინა ინიციატივა თასის გათამაშების სამასპინძლოდ. ჩვენც აქტიურად დავუჭირეთ მხარი. გვახსოვს გასულ საუკუნეში ქართველ მოფარიკავეთა წარმატებები საერთაშორისო სარბიელზე. ახლა თქვენი ახალგაზრდა მუშკეტერები წლიდან წლამდე სულ უფრო თამამ განაცხადს აკეთებენ დიდ სპორტში. წლეულს მოხმალავე მიხეილ მარდალეიშვილმა კადეტთა მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს მედალი რომ მოიპოვა, ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო ფარიკაობის სამყაროსთვის, მაგრამ ქართველთა უწინდელ ტრადიციებს თუ გავითვილისწინებთ, მოულოდნელი არაფერი ყოფილა.

მეც თქვენსათვის მცირე ერის წარმომადგენელი ვარ, საქართველოს და სლოვაკეთს ბევრი რამ აქვს საერთო. ისევე, როგორც დიდ ქვეყნებს, ეკონომიკური პრობლემები ჩვენც ბევრ რამეში გვიშლის ხელს, თუმცა არ გვაკლია სწრაფვა, ჟინი და მონდომება, რამაც შეუძლებელია, გამარჯვებამდე არ მიგვიყვანოს. კატანიის (იტალია) მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე ვნახე თქვენი ახალგაზრდა სპორტსმენები, თუ როგორი თავდადებით იბრძოდნენ უფროს და ბევრად გამოცდილ ათლეტებთან. დარწმუნებული ვარ, მათ თუ სათანადო ხელშეწყობა ექნებათ, უპირველესად, სახელმწიფოსგან, წარმატებები აუცილებლად ექნებათ.

თქვენთვის, ალბათ, უცხო არ არის, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა: ფარიკაობა და, საერთოდ, სპორტი პრევენციაა, რომელსაც შეუძლია ახალგაზრდობა ქუჩას მოწყვიტოს, ცხოვრების ჯანსაღი წესი დაამკვიდროს, ამიტომ მისთვის გაღებული თითოეული ევრო ხვალ-ზეგ ათმაგად დაგვიბრუნდება. ეს კი დიდ სპორტში წარმატების საწინდარიცაა".

არჩილ გოგელია: "ევროპის თასის ეტაპის თბილისში ჩატარება ქართული ფარიკაობისთვის სტიმულია, რათა მან თამამად გაიკაფოს გზა საერთაშორისო სარბიელისკენ. გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ჩავარდნა, ახლა კი ჩვენი სახეობის აღორძინება იწყება, რისი დასტურიც ახალგაზრდების, განსაკუთრებით მიხეილ მარდალეიშვილსა და სანდრო ბაზაძის წარმატებებია მნიშვნელოვან შეჯიბრებებში. თბილისური ტურნირი დიდი არეკნი იქნება პრობლემათა გადასალახავად და ფარიკაობის სამყაროში კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად.

თუ როგორ ვუმასპინძლებთ ამ ასპარეზობას, ამაზე დიდად იქნება დამოკიდებული, მსოფლიოს თასის ეტაპი ჩვენთან ტრადიციული გახდება თუ არა. საამისოდ კი ძალღონეს არ დავიშურებთ. გვერდით გვიდგას სპორტის სამინისტრო და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ამ შეჯიბრებისთვის სპორტის სამინისტრომ ჩვენს ფედერაციას 47 ათასი ლარის ინვენტარი, მათ შორის - ალუმინის 4 საფარიკაო ბილიკი და 3 ფიქსატორი (ფარიკაობის აპარატი) შეგვიძინა. ღონისძიებისთვის აუცილებელი თანხის 80 პროცენტი გაიღო. მადლობის მეტი რა გვეთქმის".

გია გალდავა: "ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ საქართველოში ფარიკაობა ნელ-ნელა უწინდელ ტრადიციებს იბრუნებს. ასათიანის, აფციაურის, კოსტავას, ოსიპოვის სამშობლოში შეუძლებელია, ფარიკაობა წარმატებული სპორტის სახეობა არ იყოს. ეროვნულმა ფედერაციამ სწორი გზა აირჩია, უმთავრესი აქცენტი ახალგაზრდებზე რომ გადაიტანა. საერთაშორისო და ევროპის ფედერაციებიც მხარს უჭერენ ამგვარ მიმართულებას, რაც თბილისში კონტინენტის თასის ეტაპის ჩატარებითაც გამოიხატა. ასეთი დონის შეჯიბრება ფარიკაობაში ჩვენთან არასდროს გამართულა, ამიტომ ქართველი სპორტსმენებისთვის ეს დიდი სტიმული უნდა გახდეს.

ქართველ მოფარიკავეებს წლების განმავლობაში საკუთარი ჭერი არ ჰქონდათ - ხან სად იყვნენ შეხიზნული და ხან - სად. სულ მალე კი მათ ექნებათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი დარბაზი, სადაც არა მარტო ვარჯიშები, არამედ, ნებისმიერი დონის შეჯიბრებები გაიმართება.

სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის თანადგომით ბოლო დროს ჩვენმა მოფარიკავეებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. იმედია, ისინი თბილისის ტურნირზეც ისახელებენ თავს ევროპის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებთან პაექრობაში, და ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი უწინდელი ტრადიციების დასაბრუნებლად. სამომავლოდ უკეთეს შედეგებს ველით, საამისოდ პოტენციალი ნამდვილად გვაქვს".

ფოტო: მარცხნიდან - გია გალდავა, იულიუს კრალიკი, არჩილ გოგელია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული