არჩილ გოგელია: დიდი სპორტის სათავე სკოლაა

AutoSharing Option
შარშან შემოდგომაზე ტიციან ტაბიძის სახელობის თბილისის 43-ე საჯარო სკოლაში (დირექტორ თინათინ აბუთიძე) ფარიკაობის კლუბი ჩამოყალიბდა. ინიციატორი გახლდათ ტიციან ტაბიძის შვილიშვილი, ვეტერანი მოფარიკავე, ახალგაზრდეში მსოფლიოს და სსრ კავშირის სამგზის ჩემპიონი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკოლოზ ანდრიაძე, რომელიც ამჟამად კარდიო-რეანიმაციული ცენტრის დირექტორია.

კლუბის ჩამოყალიბებიდან წელიწადი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ახალგაზრდა მწვრთნელების - ქეთევან ერემეიშვილისა და გიორგი პაიჭაძის ხელმძღვანელობით აქაურმა მოფარიკავეებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს. 43-ე სკოლის მეექვსეკლასელი ნიკა შენგელია თანატოლებში საქართველოს ჩემპიონი და გურამ ლორთქიფანიძის თასის მფლობელია, მისი თანაკლასელი ანა აფრასიძე საქართველოს პრიზიორია
(ორივე-ხმალში), ხმალსა და რაპირაში მე-2 ადგილები დაიკავა მერვეკლასელმა სოფიო წიქარიშვილმა.

ნიკოლოზ ანდრიაძის სახელობის საფარიკაო კლუბში სხვა სკოლების წარმომადგენლებიც მეცადინეობენ. 37-ესკოლელი არიადნა მანუსაჯევა თანატოლებში საქართველოს ორგზის ჩემპიონია, ხოლო ქრისტინე ნოზაძემ (54-ე სკოლა) წლეულს იუნიორებში მე-2 ადგილი დაიკავა...

გუშინ 43-ე სკოლაში ზეიმით აღინიშნა კლუბის დაარსების წლისთავი. ამ თარიღს მიეძღვნა კლუბის ღია პირველობა. გოგონათა ფინალში ელენე ნანობაშვილმა სოფიო წიქარიშვილს სძლია 8:7, ხოლო ვაჟთა გადამწყვეტ პაექრობაში ნიკა შენგელიამ სეხნია - ნიკა ჭეიშვილს აჯობა 8:4. გამარჯვებულები და პრიზიორები, ასევე, ნორჩი მოფარიკავეები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

მამუკა ახვლედიანი: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სპორტის სხვადასხვა სახეობა. ფარიკაობა, მოგეხსენებათ, ელიტარული სპორტია და წარმატებების მოპოვება იოლი არ არის. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ათლეტები საერთაშორისო სარბიელზე უწინდელი ტრადიციების დაბრუნებას ცდილობენ. საწყისი სწორედ საჯარო სკოლების ბაზები უნდა გახდეს, მსგავსად დედაქალაქის 43-ე საჯარო სკოლისა. დიდ სპორტზე რომ არაფერი ვთქვათ, ასეთ კლუბებში ახალგაზრდების მოზიდვა ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და ჰარმონიულად განვითარებული ახალგაზრდების აღზრდაში დაგვეხმარება, ამიტომ თითოეული ჩვენგანი მსგავს კლუბებს გვერდით უნდა დაუდგეს".

არჩილ გოგელია, საქართველოს ფარიკაობის ფედერაცის პრეზიდენტი: "მოხარული ვარ, რომ სკოლებში ნელ-ნელა ინერგება ფარიკაობა. 43-ე სკოლა ამ საქმეში მაგალითისა და ტონუსის მიმცემია. მადლობელი ვარ სკოლის დირექტორის - ქალბატონ თინათინ აბუთიძისა, რომელიც მწვრთნელებსა და სპორტსმენებს ყოველმხრივ უწყობს ხელს.

მე თუ მკითხავთ, დიდი სპორტი სკოლებში უნდა იღებდეს სათავეს. ჩვენ იმდენი ბაზა თუ დარბაზი არ გვაქვს, რომ ყველა მსურველი დავიტიოთ, ამიტომაც გვჭირდება საჯარო სკოლების მხარდაჭერა და თანადგომა.

კარგია, რომ ბოლო დროს საქართველოში სპორტი სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება. მადლობა მინდა ვუთხრა დღევანდელი ლამაზი ღონისძიების ორგანიზატორებს. ნიკოლოზ ანდრიაძის სახელობის ფარიკაობის კლუბს ჩვენი ფედერაციის თანადგომაც არ მოაკლდება".

ნიკოლოზ ანდრიაძე: "ჩვენმა ჩანაფიქრმა გაამართლა: 43-ე სკოლის საფარიკაო კლუბში უკვე ფრთიანდებიან ჩემპიონები, თუმცა მისი ჩამოყალიბებიდან სულ რაღაც წელიწადი გავიდა, თანაც ახლო-მახლო სკოლების წარმომადგენლებიც მიიზიდა. რომ არა თბილისის საკრებულოს, პირადად მამუკა ახვლედიანის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის ხელმძღვანელის ზაზა დოლიძის, საკრებულოს წევრ მარი დგებუაძის აქტიური თანადგომა, წარმატებების მიღწევა გაგვიჭირდებოდა. საგულისხმოა ისიც, რომ ამერიკელ ლეგიონერთა ხელშეწყობით საფარიკაო ფორმებისა და ინვენტარის ნაკლებობასაც არ ვუჩივით. ამგვარი ერთსულოვნება თუ იქნება, ჩემპიონებს მომავალშიც გავზრდით.

ფოტოზე: მარცხნიდან: ნიკოლოზ ანდრიაძე, ნიკა შენგელია, ანა აფრასიძე, არიადნა მანუსაჯევა, სოფო წიქარაშვილი და ქეთევან ერემეიშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული