თბილისი მოფარიკავეთა ევროპის თასის ეტაპს უმასპინძლებს

AutoSharing Option
იტალიურმა კატანიამ მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს დელეგაცია (ხელმძღვანელი-ლევან კირკიტაძე, მთავარი მწვრთნელი მერაბ ბაზაძე, საერთაშორისო არბიტრი დავით სახვაძე) შეჯიბრებაზე 10 სპორტსმენით წარსდგა. მოხმალავეთა პაექრობებში 6 მუშკეტერი ცდიდა ძალებს.

სხვებზე უკეთ კახა მაღრაძემ იასპარეზა - ჯგუფში ყველა მეტოქეს სძლია, მერე ჰონკონგელი და ესპანელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, მაგრამ მესამე წრეში ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონ პილეს დანებდა და საბოლოოდ 31-ე ადგილით დაკმაყოფილდა.

ჩვენებურთაგან სანდრო ბაზაძემ, თეოდორა კახიანმა (ორივე-ხმალი) და სპარტაკ რაზმაძემ (დაშნა), რომელიც ხუთი წელიწადია, გერმანიაში ცხოვრობს და იქვე ვარჯიშობს, ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლიეს, მაგრამ
შემდეგ ჩამოშორდნენ ჯილდოებისკენ მიმავალ გზებს.

"სამწუხაროდ, თავიანთი შესაძლებლობები ვერ გამოავლინეს კადეტებში წლევანდელი მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს მედალოსანმა მიხეილ მარდალეიშვილმა, ბექა ბაზაძემ (ორივე-ხმალი), ეკატერინა და ანზორ ალბრეხტებმა, ელისო ხოშტარიამ (სამივე-დაშნა), რომლებიც ჯგუფებს ვერ გასცდნენ, თუმცა საერთაშორისო შეჯიბრებებში გამოსვლის კარგი გამოცდილება მიიღეს.

ჩვენ ხომ დიდი ხანია, ამგვარ მნიშვნელოვან ტურნირებზე ასე მრავალრიცხოვანი სპორტსმენებით არ ვყოფილვართ. ფედერაციასთან ერთად სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, თბილისისა და ქუთაისის მერიების დახმარებით შევძელით ჩემპიონატზე 10 მოფარიკავის წაყვანა.

მართალია, კატანიაში საოლიმპიადე საგზურებს ვერ შევწვდით, მაგრამ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის შანსი არ დაგვიკარგავს: გაისად გაზაფხულზე (აპრილი) ბრატისლავაში საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირი გაიმართება, სადაც საგზური 2-ხმალსა და 4 დაშნაში გათამაშდება. ვეცდებით დანაკლისი იქ შევივსოთ. მანამდე დიდი დროა და ხარვეზების გამოსწორებას მოვასწრებთ.

ამჯერად ჩვენი საზრუნავია 23-წლამდელებში ევროპის თასის ეტაპის მასპინძლობა, რომელიც 29-30 ოქტომბერს თბილისში, სპორტის სამინისტროს შენობაში საკალათბურთო კლუბ "აკადემიას" დარბაზებში ჩატარდება. 15 ქვეყნის წარმომადგენლებს ველით. ყველაფერს ვიღონებთ საიმისოდ, რომ სტუმარ-მასპინძლები კმაყოფილნი დარჩნენ," - გვითხრა ფარიკაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით სახვაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული