მეუღლეთა ბენეფისი ფარიკაობაში

AutoSharing Option
თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, წყალტუბოს, აჭარისა და აფხაზეთის 100-მდე მოფარიკავე მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც გენერალური რეპეტიციაა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ. ეს შეჯიბრება კი 8-16 ოქტომბერს იტალიაში გაიმართება.

საფარიკაო ბილიკებზე პირველი მოხმალავენი გავიდნენ. ქალთა ნახევარფინალში ოლიმპიური ჩემპიონის ვლადიმერ აფციაურის ქალიშვილმა თათია აფციაურმა (თბილისი) ბათუმელ თამარ ტეტემაძეს 15:8 სძლია, ხოლო ქრისტინე ნოზაძემ სოფიო კახიანს (ორივე-თბილისი) აჯობა - 15:10. აფციაურს არც ფინალური პაექრობის მოგება გასჭირვებია - 15:9 დაჯაბნა ნოზაძე.

შეჯიბრებაზე უნდა გამოსულიყო ახალგაზრდა ნიჭიერი მოხმალავე თეოდორა კახიანი, მაგრამ ტურნირის დაწყებამდე აპენდიციტის მწვავე შეტევით საავადმყოფოში აღმოჩნდა.
შესაძლოა, ის ვერც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავროს.

ვაჟთა ნახევარფინალური ორთაბრძოლები უფრო დაძაბული აღმოჩნდა. აქ კვარცხლბეკისკენ გზა, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრების წევრებმა გაიკაფეს. სანდრო ბაზაძემ, რომელიც ბოლო დროს აშკარა აღმავლობას განიცდის, ჭაბუკებში წლევანდელი მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს პრიზიორ მიხეილ მარდალეიშვილს (ორივე-ქუთაისი) 15:13 მოუგო.

ასეთივე ანგარიშით კახა მაღრაძემ (თბილისი) ბექა ბაზაძეს (ქუთაისი) აჯობა. სამაგიეროდ, ძმის მარცხისთვის რევანში სანდრო ბაზაძემ აიღო - იოლად სძლია მაღრაძეს - 15:4.

რაპირაში ქალთა ნახევარფინალის პირველი შეხვედრა თეონა გოგლიძესა და რუსუდან წირქვაძეს (ორივე-თბილისი) შორის გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გოგლიძემ იგი ერთი ჩხვლეტის უპირატესობით (15:14) მოიგო, სამაგიეროდ, ბათუმელმა თინა ბოლქვაძემ იოლად აჯობა (15:3), ქუთაისელ მერი მიქაძეს.

გადამწვყეტ პაექრობაში უშეღავათო დაპირისპირებას ელოდნენ მაგრამ ვარაუდის საპირისპიროდ, ამ ორთაბრძოლაში გოგლიძემ აშკარად დაჯაბნა ზღვისპირელი მეტოქე - 15:4 და ოქროს მედალი დაიმსახურა.
ვაჟებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა 14 წლის ლუკა ღაღანიძე, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა პირველად მოიპოვა.

ლუკამ ნახევარფინალში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს, 27 წლის გამოცდილ ოსტატს ირაკლი ჭელიძეს აჯობა - 11:9 და ფინალში ქვეყნის შარშანდელი ჩემპიონის არჩილ უგულავას მძლეველ (15:6) სანდრო სიხარულიძეს შეხვდა. ღაღანიძეს არც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში გასჭირვებია გამარჯვება - 15:11.
ყველაზე მეტმა მონაწილემ დაშნაში მოიყარა თავი.

აქ 58 მოფარიკავე ეცილებოდა ერთმანეთს პირველობას. ქალებში სხვებზე უკეთ ისპარეზა ეკატერინა ალბრეხტმა. მისი ქალიშვილობის გვარია ჟულკოვა. წლების განმავლობაში რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდიოდა და გუნდურში ევროპის პირველობის ბრინჯაოს მედალიც აქვს მოპოვებული. სამი წლის წინათ მან ქართველ მოფარიკავე ანზორ ალბრეხტთან ერთად შექმნა ოჯახი.

შარშან შვილიც შეეძინათ. წელიწადიც არ არის, რაც ვარჯიში განაახლა და ნელ-ნელა იბრუნებს ჩვეულ სპორტულ ფორმას. საქართველოს ჩემპიონატზე ყველას სძლია.

ნახევარფინალში მან ძალების დაუძაბავად დაამარცხა ქუთაისელი ხატია ლელაძე - 15:5, ფინალში კი მის თანაგუნდელ მარიამ ზაკირჩენკოსაც აჯობა - 15:7. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში ბათუმელი ალექსანდრა ანანიაშვილი ჩამოიცილა გზიდან - 15:13. როგორც ფარიკაობის ფედერაციის მესვეურებმა გვითხრეს, ეკატერინა ალბერხტი იტალიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძოლებს.

მეუღლეს კარგად აუბა მხარი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა ანზორ ალბრეხტმა. ნახევარფინალური ბარიერის დაძლევის შემდეგ ოქროს მედლისთვის ბოლო წლების უცვლელი მეტოქეები - ალბრეხტი (ქუთაისელ გიორგი ნაცვლიშვილს მოუგო 15:0) და ქუთაისელი დავით არველაძე (თანაქალაქელ ოთარ ზანგურაშვილს აჯობა 15:13) დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შარშან საქართველოს თასის გათამაშებაში არველაძემ იმარჯვა, ეროვნულ ჩემპიონატში ალბრეხტმა რევანში აიღო. ანზორმა ამჯერადაც დაჯაბნა (15:11) მეტოქე და ჩემპიონობა შეინარჩუნა.

კვარცხლბეკი
ხმალი. ქალები. 1. თათია აფციაური, 2. ქრისტინე ნოზაძე, 3. სოფიო კახიანი (სამივე-თბილისი), თამარ ტეტემაძე (ბათუმი). ვაჟები. 1. სანდრო ბაზაძე (ქუთაისი, 2 კახა მაღრაძე (თბილისი), 3. ბება ბაზაძე, მიხელი მარდალეიშვილი (ორივე-ქუთაისი).
რაპირა. ქალები. 1. თეონა გოგლიძე (თბილისი), 2. თინა ბოლქვაძე (ბათუმი), 3. მერი გოქაძე (ქუთაისი), რუსუდან წირქვაძე (თბილისი). ვაჟები. 1. ლუკა ღაღანიძე, 2. სანდრო სიხარულიძე, 3. არჩილ უგულავა (სამივე-თბილისი), ირაკლი ჭელიძე (ბათუმი).
დაშნა. ქალები. 1 ეკატერინა ალბრეხტი (თბილისი ), 2. მარიამ ზაკირჩენკო, 3. ხატია ლელაძე, ალექსანდრე ანანიაშვილი (ორივე-ქუთაისი). ვაჟები. 1 ანზორ ალბრეხტი (თბილისი), 2. დავით არველაძე, 3. ოთარ ზანგურაშვილი, გიორგი ნაცვლიშვილი (სამივე-ქუთაისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული