ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დეკემბრის მიწურულს შეაჯამეს შედეგები და 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე ცნეს. ამის შემდეგ საქართველოს სპორტულმა ჟურნალისტებმაც დაასახელეს წლის საუკეთესო ათლეტი - მათი რჩეულიც ლაშაა.

2016 წლის 16 აგვისტო ახალი ფურცელია ქართული სპორტის მატიანეში: ამ დღეს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ახალი ლეგენდა დაიბადა - საჩხერელმა გოლიათმა ლაშა ტალახაძემ ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში ოლიმპიური ჩემპიონობა ორჭიდში მსოფლიოს რეკორდით მოიპოვა. მასთან ერთად იდგა კვარცხლბეკზე ჩაქველი მძიმეწონოსანი ირაკლი თურმანიძე, რომელსაც ბრინჯაოს მედალი ხვდა.
1964 წლის ოლიმპიადის (მაშინ ტოკიოს თამაშებზე ანზორ კიკნაძე და ფარნაოზ ჩიკვილაძე გახდნენ ბრინჯაოს პრიზიორები მძიმე წონაში) შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ერთბაშად ორმა ქართველმა ათლეტმა ერთ წონაში მოიპოვა მედლები.

უკვე ლეგენდად ქცეული ქართველი ძალოსანი "ლელოს" ახალი წლის დადგომამდე ელაპარაკა. საუბარი, ცხადია, დავიწყეთ რიოს თამაშებით, რომელმაც იგი უკვდავების მწვერვალზე აიყვანა.

სამიზნედ რიოს ოქრო
- ოლიმპიადაზე პირველად ვიყავი, ამიტომ რიოში ყველაფერს დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი. - გვითხრა ლაშამ. - ოლიმპიურ სოფელში ყოველგვარი პირობა შეგვიქმნეს სავარჯიშოდ და დასასვენებლად. ბრაზილიაში ჩასულს კიდევ უფრო განმიმტკიცდა იმის რწმენა, რომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე ნაჩვენებ შედეგებს გავაუმჯობესებდი.

- ნორვეგიული ფორდედან ევროპის ჩემპიონობითა და რეკორდით რომ დაბრუნდით, მაშინ გკითხეთ, ოლიმპიადაზე ათვლის წერტილად რა გექნებათ-მეთქი, რა თქმა უნდა, გაუხმაურებელ თქვენს პირად რეკორდებს ვგულისხმობდი, რადგან მწვრთნელები მეუბნებოდნენ, ტალახაძე ასფურცელასავით კვირიდან კვირამდე იზრდებაო.
- ნებისმიერი შეჯიბრებისთვის ინტენსიურად ვემზადები. ასე იყო ევროპის ჩემპიონატისთვისაც. ფორდეში ექვსივე ცდა წარმატებით გამოვიყენე - 212 კილოგრამი ავიტაცე და ევროპის რეკორდი დავამყარე, 251 კილოგრამი ავკარი და ორჭიდში 263 კილოგრამით პირველი ადგილი დავიკავე. არადა, დაძაბული ასპარეზობა იყო, განსაკუთრებით - ფსიქოლოგიურად.

ცხადია, ყველა სპორტსმენი მოტივირებულია, მნიშვნელოვან ტურნირზე რაც შეიძლება, უკეთესი შედეგი აჩვენოს. მაშინ ატაცში ევროპულ რეკორდს დავჯერდით. მართალია, არც ირანელი ბეჰდად სალიმის მიერ 2011 წელს დამყარებული მსოფლიოს რეკორდი ჩანდა მიუწვდომელი, მაგრამ, უფლის ნებით, რაც შევძელი, იმითაც კმაყოფილი დავრჩი, რადგან ევროპული რეკორდი ჩვენთვის თვითმიზანი არ ყოფილა, უბრალოდ, შეჯიბრებას და აზარტს მოჰყვა, ამიტომ ამის იქით არ წავსულვართ.

- ალბათ, ამიტომაც მშვიდად ელოდებოდით ფიცარნაგზე ყოველ გამოძახებას. მართლა, არ ღელავდით?
- ემოციების აქტიურად გამოხატვას ბავშვობიდან გადავეჩვიე. ამის მიუხედავად, ფიცარნაგზე გასვლის წინ, მართალი გითხრათ, ვღელავდი, მაგრამ არ მინერვიულია, რადგან, როგორც გითხარით, საფუძვლიანი მომზადება გავიარე და დიდი სიმძიმეების ასაწევად მზად ვიყავი.

ბოლო შეკრებებზე არაერთხელ 215 კილო ავიტაცე და 260 კილო ავკარი. ვფიქრობდი, რომ რიოში ამ შედეგებს თუ ვაჩვენებდი, უმედლოდ არ დავრჩებოდი, შესაძლოა, ეს ჯილდო ოქროსიც ყოფილიყო, როგორც ხედავთ, მე და ჩემი მწვრთნელები არ შევმცდარვართ.

- იქნებ, უფრო დაწვრილებით გვიამბოთ რიოს ოლიმპიადაზე...
- წინასწარ მონაცემებში ექვს სპორტსმენს ორჭიდში 450 კილო გვეწერა. მსგავსი რამ, მგონი, არც ერთ ოლიმპიადაზე არ ყოფილა. ერთბაშად ექვსი ათლეტი აცხადებდა ოქროსთვის პრეტენზიას. წინა შეჯიბრებებიდან რამდენიმე ძალოსნის მაჩვენებლები ვიცოდი და ვეჭვობდი, რომ მათ ასეთი შედეგისთვის მიეღწიათ, მით უმეტეს ოლიმპიადაზე. ასეც მოხდა.

- მძიმე წონის უპირველეს ფავორიტად ირანელ ოლიმპიურ ჩემპიონ ბეჰდად სალიმ კორდასიაბს მიიჩნევდნენ...
- არცთუ უსაფუძვლოდ. მართალია, ჩვენ რიომდე შეჯიბრებებზე არ შევხვედრივართ ერთმანეთს, მაგრამ ვიცოდი, რომ ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული მაღალი შედეგებისთვის მზად იყო, რაც ატაცში დაადასტურა კიდეც.

- რიომდე ატაცში 200 და აკვრაში 238 კილოზე მეტი საწყის წონად არასდროს შეგიკვეთავთ. ოლიმპიადაზე კი საკმაოდ მაღალი წონებით დაიწყეთ შეჯიბრება.
- ვარჯიშებისა თუ ასპარეზობისას წონას მწვრთნელები განსაზღვრავენ, რადგან მათ უკეთ იციან, რა ტაქტიკით იმოქმედონ, რაც ფრიად მნიშვნელოვანია: შეჯიბრებისას ბევრი რამ უნდა გათვალო და გაითვალისწინო, მარტო საკუთარი შესაძლებლობები არ კმარა. სპორტსმენს კი საამისოდ არ სცალია - იგი ასაწევ წონაზეა ორიენტირებული და კონცენტრირებული. ამიტომ მწვრთნელები განსაზღვრავენ, რომელ ცდაზე რა წონაზე მიხვიდე, როდის უნდა გარისკო.

ატაცში შეჯიბრების დაწყებამდე ირანელს 206 კილო ჰქონდა შეკვეთილი. მწვრთნელებს ვთხოვე, ჩემი საწყისი წონა გაეზარდათ, რომ ფიცარნაგზე ირანელის შემდეგ გავსულიყავი. მათ კი შეჯიბრების დაწყება 205 კილოთი მირჩიეს და მეც დავთანხმდი. მოგეხსენებათ, ირანელი ატაცში ძალიან ძლიერია, მას ეკუთვნოდა მსოფლიოს რეკორდი - 2014 კილო. მესამე ცდაზე მე ეს შედეგი კილოგრამით გავაუმჯობესე, მაგრამ ჩემმა მსოფლიოს რეკორდმა მხოლოდ რამდენიმე წუთი იარსება, რადგან სალიმმა მესამე ცდაზე 216-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა.

მართალი გითხრათ, ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, რადგან დარწმუნებული ვიყავი, აკვრაში ვაჯობებდი ოლიმპიურ ჩემპიონს. პირველსავე ცდაზე 242 კილო ავკარი და ვერცხლის მედალი გავინაღდე. ფიცარნაგიდან რომ ჩამოვედი, მწვრთნელებს ვთხოვე, სალიმი სამივე მისვლას რომ გამოიყენებს, მეორე ცდაზე მერე მიმიშვით-მეთქი. გიორგი ასანიძესა და ავთანდილ გახოკიძეს ჩემი თქმა არც სჭირდებოდათ, რადგან უკვე ასე ჰქონიათ ჩაფიქრებული, რადგან ხვდებოდნენ, რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი დიდი სიმძიმეების ასაწევად.

მეორე ცდის შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, რადგან მეჰდადმა საწყისი წონა - 245 კილო ვერ დაძლია.

შეუვალი ჟიური და გაავებული ქომაგები
- მსაჯებმა და ჟიურიმ ირანელს ორი ცდა არ ჩაუთვალეს, რამდენად სამართლიანი იყო მათი გადაწყვეტილება, რომელსაც სალიმის ქომაგთა გულისწყრომა მოჰყვა.
- წონის დასაფიქსირებლად მხოლოდ შტანგის აწევა არ არის საკმარისი. მას თავისი წესები აქვს - ირანელ სპორტსმენს ორივე ცდისას ხელი მოხრილი ჰქონდა და მერე გამართა. მსგავსი შეცდომისას ნებისმიერ სპორტსმენს გაუუქმებდნენ მოძრაობას. შარშან ჰიუსტონში მსოფლიოს ჩემპიონატისას მეც ამიტომ არ ჩამითვალეს მეორე ცდა 247 კილოგრამით. ასე რომ, ირანელი გულშემატკივრების აგრესია მსაჯების მიმართ უსაფუძვლო იყო. ადამიანურად გული დამწყდა, ასეთმა დიდმა სპორტსმენმა ასპარეზობა ნულოვანი შეფასებით რომ დაასრულა.

- ირანელი ქომაგების აგრესია ახსენეთ...
- რომელმაც მსაჯებიდან ჩემზე გადმოინაცვლა. სალიმის მწვრთნელმა საჯად ანუშირავანიმ თქვა, ჩემს შეგირდს ოქროს მედალი მსაჯებმა წაართვესო. როცა მორიგი წონების ასაწევად გავდიოდი ფიცარნაგზე, დარბაზში ხმაური იყო, რაც წესებით დაუშვებელია. თუმცა მე იმ სიტუაციისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.

- ორი ცდის შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონი იყავით. უმოტივაციომ რატომ გადაწყვიტეთ ახალ წონას შესჭიდებოდით?
- ეს აუცილებელი იყო, რომ ირანელი ქომაგებისა და ზოგიერთებისთვის ჩემი შესაძლებლობები დამემტკიცებინა. 258 კილოგრამის აწევით ორჭიდში 473 კილო მოვაგროვე, რაც კილოგრამით მეტია 16 წლის წინათ, 2000 წელს, ირანელი ჰოსეინ რეზა ზადეს მიერ დამყარებულ მსოფლიოს და ოლიმპიურ რეკორდებზე.

- მწვრთნელების შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონობა ვინც მოგილოცათ, სალიმი იყო...
- ირანელი ძალოსანი არა მარტო ტიტულოვანი სპორტსმენი, არამედ დიდი პიროვნებაცაა. კაცურად მოიქცა - ჯერ ჩემს გამოსვლას უყურა, მერე გამარჯვება მომილოცა.

ისე, მეჰდადმა 216 კილო რომ აიტაცა და მოსათელ დარბაზში შემოვიდა, მეც მივულოცე მსოფლიო რეკორდის დამყარება. ადამიანი ბოღმიანი და შურიანი არ უნდა იყო - პატივი უნდა სცე შენზე ძლიერ მეტოქეს და ეცადო, პატიოსან ბრძოლაში აჯობო მას.

- ლონდონის ოლიმპიადის ირანელი ჩემპიონი სალიმი ძლიერი სპორტსმენია. - ჩაერია საუბარში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, რომელიც იქვე იდგა და ყურს გვიგდებდა. - ქომაგებიც მისგან სამ ოქროს ელოდნენ. ისიც რიოში ტიტულის შენარჩუნების მიზნით ჩავიდა და ქადილის ძალაც შესწევდა, რაც ატაცში დაამტკიცა კიდეც. აი, აკვრაში კი არ გაუმართლა. არბიტრებმა მას ორი ცდა არ ჩაუთვალეს.

ასეთი რანგის შეჯიბრებაზე მსგავსი რამ, ფაქტობრივად, არ ხდება. დარბაზში ვიყავი და ასპარეზობის ყველა ნიუანსი ვერ დავინახე. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ძალოსნობაში პროტესტი არ იწერება, რადგან სპორტსმენის გამოსვლასა და არბიტრების შეფასებას ჟიურის ხუთი წევრი აკონტროლებს. ამდენად, აქ არაობიექტურობა გამორიცხულია, მით უმეტეს, რვავემ მიიჩნია, რომ ირანელმა აკვრისას წესები დაარღვია და გადაწყვიტეს, მისთვის წონა არ ჩაეთვალათ.

სალიმი პროტესტის ნიშნად იატაკზე დაჯდა, შემდეგ მსაჯებსა და საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს მიმართა სიტყვიერად, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ. მართალი გითხრათ, ადამიანურად შემეცოდა ირანელი ათლეტი, თანავუგრძნე კიდეც. ხმა არ ამოუღია. ლაშამ ოლიმპიური ოქრო მსოფლიოს რეკორდით რომ მოიპოვა. სალიმი ქართველ მეტოქეს გადაეხვია და ჩემპიონობა მიულოცა, რითაც საკუთარ კაცობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი...

- ლაშა, მესამე ცდისას გრიფს რომ ხელი შეავლეთ, რა გაიფიქრეთ?
- მართალი გითხრათ, არაფერი მახსოვს, ისე ვიყავი ემოციებით სავსე: მე ოლიმპიური ჩემპიონი ვარ, ირაკლი ბრინჯაოს პრიზიორი - მეტი როგორ უნდა გაგვეხარებინა ქომაგები და გვესახელებინა სამშობლო. შტანგასთან მიახლოებისას იმის განცდა არ მქონია, რომ ამ წონას ვერ დავიმორჩილებდი. უფლის ნებით ყველაფერი კარგად დასრულდა. ფიცარნაგზევე მწვრთნელები და ექიმი გადამეხვივნენ. იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ სიხარულისგან მინდოდა მეყვირა, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ემოციების გამოხატვა ნაკლებად შემიძლია და რიოშიც ასე იყო.

- საჩხერე როდის გამოჩნდა?
- ყოველ წუთს თვალწინ მედგა ჩემი კუთხე, მშობლები, მეზობლები, ახლობლები, მეგობრები. ვიცოდი, რომ საჩხერეში ჩემს გამოსვლას სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურებდნენ. ესეც ერთგვარი მოტივაცია იყო ჩემთვის. ყველაფერი გავაკეთე, რომ ქომაგებისთვის გული არ დამეწყვიტა. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და სჯეროდა ჩემი.

ხატის წინ დგას და ლოცულობსო
- აეროპორტში თბილი შეხვედრა მოგიწყვეს.
- მართლაც, გულისამაჩუყებელი იყო ყველაფერი... დაუვიწყარი სურათი... ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად.

- დედაზე მინდა გკითხოთ - ყოველთვის ასე მშვიდად და აუღელვებლად ხვდება თქვენს წარმატებებს?
- მამამ ძალოსნობაში ვარჯიში რომ დამაწყებინა, მართალია, დედას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ მაინც უნდოდა, უფრო სწავლაზე ორიენტირებული ვყოფილიყავი. როგორც მეუბნებიან, დედა ჩემს შეჯიბრებებს არ უყურებს - ხატის წინ დგას და ლოცულობს. მხოლოდ ასპარეზობის შემდეგ იგებს შედეგებს. აეროპორტში ემოციის პირველმა ტალღამ რომ გადაიარა, დედას ვკითხე, შეჯიბრებას ახლა მაინც თუ უყურე-მეთქი. შენ ხომ იცი, ჩემი ადგილი სად იქნებოდაო. დედამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა...

- უკვე ოცდასამი წლისა ხარ. ანტუან დე სენტ ეგზიუპერისა არ იყოს, ჩვენ, ყველანი, ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. როგორი იყო თქვენი ბავშვობა და ყრმობა?
- თანატოლების მსგავსად, მეც ბურთს დავდევდი, მერე ჭიდაობამ გამიტაცა, მაგრამ გენმა მაინც თავისი გაიტანა - შტანგას გავუშინაურდი. პირველი მწვრთნელი მამაჩემი - ყოფილი ძალოსანი კობა ტალახაძე იყო. იგი შვილს დღესაც ეხმარება რჩევა-დარიგებებით...

საერთაშორისო სარბიელზე პირველად 2010 წელს გავედი. მაშინ ესპანურ ვალენსიაში 17-წლამდელთა ევროპის პირველობა მოვიგე - სამი ოქროს მედალი მოვიპოვე: 158 კილოგრამი ავიტაცე და 188 კილოგრამი ავკარი. 2011 წელს რუმინეთშიც მოვიგე ევროპის ჩემპიონატი - ისიც სამი ოქროს მედლით: 185 კილო ავიტაცე და 217 კილო ავკარი. 2013 წელს ისრაელში 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დავიკავე, იმავე წელს პერუს მსოფლიოს პირველობიდან სამი პირველი ადგილით დავბრუნდი. მერე იყო ახალგაზრდებში ევროპის პირველობა ესტონეთში...

- რომელიც მწარედ დაგამახსოვრდათ...
- დიახ. იქაც სამი ოქრო მოვიხვეჭე, მაგრამ დოპინგთან დაკავშირებით მომხდარი გაუგებრობის გამო მედლებიც ჩამომართვეს და ჩემპიონის წოდებაც. დღემდე ვარ დარწმუნებული, რომ მაშინ არაფერი გამომიყენებია, უბრალოდ, არ მჭირდებოდა. სამწუხაროდ, ორწლიანი დისკვალიფიკაცია მომაკერეს. ამის მიუხედავად, ფიცარნაგი არ მიმიტოვებია - ინტენსიურად ვვარჯიშობდი. ოღონდ ეს იყო, რომ შეჯიბრებებზე გამოსვლის უფლება არ მქონდა.

ვერ წარმოიდგენთ, როგორ მწყდებოდა გული, როცა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებს ტელეეკრანზე ვუყურებდი და ვხედავდი, რომ ჩემ მიერ ვარჯიშებზე ნაჩვენები შედეგები ტურნირების მედალოსანთა მაჩვენებლებზე უკეთესი იყო.

- ლაშა, ჰიუსტონის შარშანდელი ბატალიები მინდა შეგახსენოთ...
- ბედნიერი ვარ, რომ ორწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ აქტიურ სპორტს მსოფლიოს ჩემპიონატის მედლებით დავუბრუნდი...

- ალბათ, გინდოდათ გეთქვათ, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულითო...
- შარშან ნოემბერში მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჭიდში მეორე ვიყავი. ამერიკის ფიცარნაგზე რუსმა ლოვჩევმა გააოცა ყველა. მესამე ცდაზე 207 კილოგრამი ავიტაცე და მცირე ვერცხლის მედალი მერგო, რადგან რუსმა ალექსეი ლოვჩევმა გამოსვლა 211-ით დაასრულა.

აკვრა 238 კილოგრამით დავიწყე, მსაჯებმა მეორე ცდაზე 247 კილოგრამი არ ჩამითვალეს და თავიდან შევეჭიდე სიმძიმეს. ლოვჩევმა 264 კილოგრამი დაიმორჩილა, ორჭიდში 475 კილოს (211+264) მოუყარა თავი და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მერე რუს ძალოსანს სისხლში აკრძალული პრეპარატი იპამორელინი აღმოუჩინეს, რის გამოც მას ნებისმიერი რანგის შეჯიბრებაში მონაწილეობა აეკრძალა, მსოფლიოს ჩემპიონობა ჩამოერთვა და ტიტული ავტომატურად ჩემზე გადმოვიდა.

მედლები აღთქმული მიწიდან
- ბარემ, ეილათში მოპოვებულ სამ ოქროს მედალზეც ვთქვათ... არ მეგონა, ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონს 23-წლამდელებში ასპარეზობის ამბიცია თუ გექნებოდათ.
- (ეცინება). შეიძლება, ეს ერთგვარი ახირებაც იყო: ოქროს მედლები მქონდა 17- და 20-წლამდელთა ევროპის პირველობებზე. ჩემს სპორტულ კოლექციას მხოლოდ 23-წლამდელთა ჯილდო აკლდა და მისი შევსება მომინდა.

- მერე, მწვრთნელები?
- წინააღმდეგი არ ყოფილან: რადგან ფიცარნაგზე გამოსვლა გწყურია, ნება შენია, ოღონდ თავს გაუფრთხილდიო. რიოს ოლიმპიადის შემდეგ ემოციურმა შეხვედრებმა ძალიან დამღალა, თან მაჯის ტრავმა მაწუხებდა და რამდენიმე კვირა არ მივარჯიშია. დასვენება მაინც არ გამომივიდა, რადგან მოდუნება არ მინდოდა. მართალია, ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო არ მქონია, მაგრამ გამარჯვებაში არ დავეჭვებულვარ - ყველა მეტოქის შესაძლებლობებს ვიცნობდი. ყოველივეს მიუხედავად, რიოში იმდენი არ მინერვიულია, რამდენიც - ეილათში.

ხომ წარმოგიდგენიათ, ოლიმპიური ჩემპიონი ხარ და უნებლიე შეცდომის გამო მიზანს რომ ვერ მიაღწიო. 193 კილოგრამით პირველსავე ცდაზე ამ მოძრაობაში ოქროს მედალი მოვიპოვე, მერე ეშხში შევედი და მომდევნო ორ ცდაზე, შესაბამისად, 200 და 205 კილო დავძლიე, რუსი რუსლან ალბეგოვის 2011 წელს დამყარებული რეკორდი ერთბაშად 10 კილოთი გავაუმჯობესე.

- აკვრაში მესამე ცდა აღარ გამოგიყენებიათ...
- პირველ ცდაზე 222 კილო ავკარი და ორჭიდში ჩემპიონობა გავინაღდე. მეორე ცდაზე 235-კილოგრამიანი შტანგის დამორჩილებით ორჭიდში 440 კილოგრამით რეკორდი დავამყარე, სავჩუკი 42 კილოგრამით ჩამოვიტოვე და ჩემპიონატზე სინკლერითაც ყველას ვაჯობე. მესამე ცდის გამოსაყენებლად მოტივაცია აღარ მეყო.

- სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?
- ახლა რამდენიმე დღე დავისვენებ, საახალწლოდ ჩემს საჩხერეს ვეწვევი, მომენატრა ოჯახის წევრები, ახლობლები, მეზობლები, მეგობრები. მერე ისევ თბილისში დავბრუნდები და ვარჯიშს განვაახლებ, ნაახალწლევს კი საწვრთნელი შეკრებები დაგვეწყება. აპრილში ევროპის ჩემპიონატზე დავამტკიცებთ, რომ რიოსა და ეილათში მიღწეული შედეგები შემთხვევითი არ ყოფილა.

- ლაშა ტალახაძეს აქამდე იცნობდნენ როგორც ზრდილ თავმდაბალ ახალგაზრდას. ოლიმპიური ჩემპიონობა ხომ არ შეცვლის მას?
- ვიცი, ოლიმპიური ჩემპიონობა დიდი პატივიცაა და უმძიმესი ტვირთიც, ვეცდები, ღირსეულად ვატარო იგი. ჩემთვის უპირველესი ადამიანობაა და შემდეგ ჩემპიონობა. ასე აღმზარდეს და უფლება არ მაქვს, სხვაგვარად ვიფიქრო. თუ შევიცვლები, რწმენას დავკარგავ და ჩემგან არაფერი დარჩება.

- საბჭოთა პერიოდიდან რაც ძალოსნები მახსოვს, თუ არ ვცდები, მძიმეწონოსნების უმეტესობა არც ისე მაღლები იყვნენ. თქვენ კი - ორმეტრიან კაცს არ გიჭირთ შტანგის ამ სიმაღლეზე აწევა?
- ბევრს უთქვამს ეს ჩემთვის... მართალი გითხრათ, არასდროს დავფიქრებულვარ, ამ სიმაღლეზე შტანგის აწევა მართლა ძნელია თუ არა - უბრალოდ, ვწევ და ეს არის. წონაც ხელს მიწყობს.

- კვებაც განსაკუთრებული გექნებათ...
- ისეთი არაფერი, ქართული კერძები მიყვარს... ხინკალი, მწვადი, ხაშლამა. გამორჩეულად კი შემწვარ კარტოფილს ვეტანები ტყემალთან ერთად.

- დასალევი?
- არ ვსვამ. სანამ სპორტში ვარ, სპირტიან სასმელებს არ გავეკარები.

- არც დღესასწაულებზე?
- ოჯახის წევრები - მშობლები, ბებია-ბაბუა და და-ძმები როცა ერთად ვიკრიბებით, მაშინ ცოტას თუ მოვსვამ მამაჩემის დაყენებულ ღვინოს - ციცქა-ცოლიკაურის სუფთა წვენს. აი, ახლა, ახალი წლის ღამეს აუცილებლად დავლევ და სრულიად საქართველოს მივულოცავ შობა-ახალ წელს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
აი, პროფესიონალი სპორტსმენი და ღირსეული კაცი.
ეს ინტერვიუ ქართველ სპორტსმენებს უნდა წააკითხო, მათ შორის, წარმატებულებსაც და მოსთხოვო მსგავსი ფსიქოლოგიური მდგრადობის სწავლა...
ალბათ, მწვრთნელებსაც, რადგან სპორტსმენის ისტერიკულობაშიც და შეუპოვრობაშიც მწვრთნელების როლი დიდი იქნება.
ლაშა, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ და იმ ოჯახს დავლოცავ, სადაც შენ აღგზარდეს.
თბილისელი
21:40 02-01-2017
0
გაიხარე საამაყო და სასახელო კაცო!
დევი
15:16 02-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული