ლაშა ტალახაძე: თუ საჭირო გახდება, ოლიმპიადაზე გავრისკავთ...

AutoSharing Option
გუშინ, 18 აპრილს, დილაუთენია, უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი თბილისის აეროპორტში - ისინი ოვაციებითა და ყვავილების თაიგულებით შეეგებნენ ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს ძალოსათა ნაკრების წევრებს.

უპირველესი სამიზნე, ცხადია, კონტინენტის პირველობის გმირი - სამი ოქროს და ერთი ევროპული რეკორდის მფლობელი ლაშა ტალახაძე გახლდათ.

- დღის კარიკატურა: ოქროს ბიჭი ლაშა

-  დღის თემა: ლაშა ტალახაძემ ევროპა ასწია! [VIDEO]

- ღმერთო ჩემო! - ლაშა ტალახაძემ რუსი კომენტატორები აღაფრთოვანა [VIDEO]

- დაძაბული შეჯიბრება იყო, - გვითხრა ლაშამ. - საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ცხადია, ყველა სპორტსმენი
მოტივირებულია, მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე რაც შეიძლება, უკეთესი შედეგი აჩვენოს, მაგრამ ამჯერად რისკს მოვერიდეთ, რადგან ბოლო დღეებში ტრავმამ შემახსენა თავი. ამან უფრო დიდ წონებზე მისვლაში შემიშალა ხელი. თუმცა, რაც ვაჩვენე, იმითაც კმაყოფილი ვარ. თუ საჭირო გახდება, ოლიმპიადაზე გავრისკავთ, რომ ქომაგები არ გავაწბილოთ.

- რიოს ოლიმპიადის წინ ეს იყო პირველი სტარტი. ამიტომ ამ ეტაპზე სპორტსმენთა მომზადების დონე და გუნდის საერთო მდგომარეობა უფრო გვაინტერესებდა, ვიდრე მედლები, - ჩაერია საუბარში საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე. - თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე ათლეტმა თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა, ნაკრების გამოსვლით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, მით უმეტეს, რომ გუნდური მე-5 ადგილი დავიკავეთ. რაც მთავარია, ამ შეჯიბრებაზე ჩვენი მზადების ბევრი პლუსი და მინუსი დავინახე, რომლებზეც ყურადღების გამახვილება გვმართებს.

- მედალოსნებზე რას იტყვით?
- ლაშა ტალახაძემ, მიმაჩნია, რომ ფენომენალური შედეგი აჩვენა: როგორც იცით, ევროპის რეკორდი გააუმჯობესა ატაცში, ხოლო ორჭიდში თავის საუკეთესო მაჩვენებელს გადააჭარბა. აქედან გამომდინარე, რიოს ოლიმპიადაზე მისი ფავორიტობა უფრო გამოიკვეთა. ლაშას ნებისმიერი ხარისხის ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლა შეუძლია, თუმცა, ნუ დაგვავიწყდება რომ გულშემატკივარს ნებისმიერი მედალი არ აკმაყოფილებს. ამიტომაც ვეცდებით, ეს ჯილდო უმაღლესი სინჯისა იყოს, იმის მიუხედავად, რომ ჩემს შეგირდს თამაშებზე საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ეყოლება.

რამდენჯერმე მკითხეს, ლაშა შეჯიბრების წინ თუ ღელავდაო. ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მთავარი ის არის, როგორ გადალახავ ამ მომენტს და ამ ღელვას შენ სასარგებლოდ როგორ გამოიყენებ. ჩემმა შეგირდმა შეძლო ეს. არც არის გასაკვირი - როცა ადამიანი ასეთ წონებს იმორჩილებს, ცხადია, ფსიქოლოგიურადაც ყალიბდება და მასში დადებითი განწყობა ჭარბობს, რაც წარმატების წინაპირობაა.

- ატაცში ევროპის რეკორდი წინასწარ გქონდათ დაგეგმილი?
- რეკორდების დამყარება ჩვენი თვითმიზანი არ არის. მთავარია, რაც შეიძლება მაღალ შედეგებზე გავიდეთ. იქ კი რეკორდებიცაა და წარმატებებიც. ლაშასთვის ყველა წონას, რომელსაც იგი დაძლევს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოლიმპიადისთვის - თვითდაჯერების უფრო მაღალი ხარისხი ექნება. ევროპის ჩემპიონატმა გვიჩვენა, რომ ნორვეგიაში ნაჩვენები შედეგები შეგვიძლია კიდევ რამდენიმე კილოგრამით გავაუმჯობესოთ. რიოში ოქროს მოსაპოვებლად არაფერს დავიშურებთ, დანარჩენი კი უფლის ნებაა.

- გოტფრიდზე არაფერი გვითქვამს...
- ანასტასიასაც მინდა წარმატება მივულოცო. წელიწადზე მეტია, იგი საქართველოს სახელით ასპარეზობს, ჩემპიონატზე ღირსეულად გაისარჯა - სამი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. მისი მიზანი არც ყოფილა ევროპის ჩემპიონობა - მთავარი იყო კარგი სტარტი და ოლიმპიური თამაშებისთვის საშეჯიბრო გამოცდილების მიღება.

- ბევრ შერისხულ სპორტსმენს დოპინგის მიღება აპატიეს. ლაშას რუს მეტოქეზეც ხომ არ იმოქმედებს ეს შეწყალება?
- არა მგონია. აკრძალული პრეპარატების მიღებას არავის პატიობენ. აქ ლაპარაკია პირველ მარტამდე ჩატარებულ სინჯებში მილდრონატის ჯგუფის მედიკამენტების კვალზე, რომელიც არ უნდა ჩაითვალოს დანაშაულად, ისეთ მცირე დოზაზეა მინიშნება. რაც შეეხება ლოვჩევს, ამ კატეგორიაში იგი არ მოიაზრება, რადგან იგი სხვა პრეპარატზე ჩავარდა. ასე რომ, არა მგონია, შეწყალება მასაც შეეხოს.

- ოლიმპიური გუნდის შემადგენლობას როდის გაგვაცნობთ?
- ეს ევროპის ჩემპიონატი არ წყვეტდა ოლიმპიური ნაკრების ჩამოყალიბების საკითხს, რადგან წინ გვაქვს საქართველოს ჩემპიონატი. მინდა, რომ თანაბარ პირობებში იყოს ყველა ის სპორტსმენი, რომლებსაც ოლიმპიურ გუნდში მოხვედრის შანსი აქვთ. მართალია, დღევანდელი მონაცემებით ორი გამოკვეთილი ლიდერია, მაგრამ ეს სპორტია და გამორიცხული არაფერია, ამიტომ ნუ ვიჩქარებთ - უმჯობესია, ეროვნულ ჩემპიონატს დაველოდოთ და დასკვნები მერე გამოვიტანოთ. ახლა ერთი კვირის განმავლობაში განტვირთვითი ვარჯიშები გვექნება. მერე საქართველოში, სავარაუდოდ, ბაზალეთზე გავაგრძელებთ მომზადებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დიდი მადლობა სულ გახარებული გევლოს
Nugzar
22:19 19-04-2016
0
დიდი მადლობა, ლაშა! ამ გაუბედურებულ საქართველოში, არაფერი რომ არ გიხარია, შენ და შენისთანა სპორტსმენები თუ გაგვახარებენ. გილოცავთ! სულ წარმატებით გევლოს შენ სპორტისა და ცხოვრების გზაზე!
alexandre
21:22 19-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული