საქართველოს თასი: ფავორიტები უკონკურენციოდ

AutoSharing Option
ქუთაისში სამ დღეს გრძელდებოდა ძალოსანთა საქართველოს თასის გათამაშება, რომელშიც 60-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ყველა უძლიერესს არ უასპარეზია, რადგან ზოგიერთმა ათლეტმა სხვადასხვა მიზეზით შეჯიბრებაში გამოსვლაზე უარი თქვა.

ამდენად, ფავორიტებს თავიანთ წონებში გასამარჯვებლად დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებიათ.

მაგალითად, ევროპის ჩემპიონმა რაულ ცირეკიძემ და ახალგაზრდებში კონტინენტის პირველობის მესამე პრიზიორმა ლაშა ტალახაძემ თასის მოსაპოვებლად ატაცსა და აკვრაშიც თითო ცდა იკმარეს.

ახლა კი წონითი კატეგორიების პირველ ადგილებზე გასულთა ვინაობას გაგაცნობთ.

56 კგ. რევაზ დავითიძე (თბილისი, 171=76+95 კგ)
62 კგ. რამინ შამილიშვილი (აჭარა, 240=105+135)
69 კგ. თორნიკე
თოდაძე (საჩხერე, 248=106+142)
77 კგ. ლაშა კოპალიანი (ქუთაისი, 311=140+171)
85 კგ. რაულ ცირეკიძე (ქუთაისი, 330=150+170)
94 კგ. ვაჟა ღონღაძე (ქუთაისი, 360=165+195)
105 კგ. დავით გოგია (ზუგდიდი, 390=180+210)
+105 კგ. ლაშა ტალახაძე (საჩხერე, 360=175+185)

გუნდურში საქართველოს თასი ქუთაისის ნაკრებმა მოიპოვა.

ნაახალწლევს ჩვენი ქვეყნის ნაკრების წევრები ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებენ. უკვე ცნობილია, რომ ლაშა ტალახაძე მაისში 20-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე გამოვა ლიმაში (პერუ).

მანამდე კი, აპრილში, ალბანეთი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც იასპარეზებენ: 2012 წლის ევროპის ჩემპიონი რაულ ცირეკიძე, კონტინენტის პირველობის ბრინჯაოსპრიზიორი და ლონდონის ოლიმპიადის მეხუთეადგილოსანი ირაკლი თურმანიძე, 23-წლამდელებში ევროპის პრიზიორი დავით გოგია და ალბერტ კუზილოვი.

შეგახსენებთ, რომ კორეაში 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კუზილოვმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ სინჯებში დოპინგის კვალი აღმოუჩინეს, რის გამოც მას ჯილდო ჩამოართვეს და ოთხი წლით დისკვალიფიკაციაც მისცეს. აქტიური სპორტიდან მოკვეთის მიუხედავად, მას ვარჯიში არ შეუწყვეტია.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ახალგაზრდა სპორტსმენის მონანიებას და თხოვნას ანგარიში გაუწია და დისკვალიფიკაცია გაუუქმა. ამდენად, კუზილოვი 2013 წლიდან საერთაშორისო სარბიელზე კვლავ საქართველოს სახელით გამოვა.

ამას წინათ გაუწყეთ, რომ ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ყრილობამ პრეზიდენტად ისევ დავით ბეჟუაშვილი აირჩია.

29 დეკემბერს გამგეობის სხდომა გაიმართა. ვიცე-პრეზიდენტებად სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კახი კახიაშვილის და ოლიმპიურ ჩემპიონ გიორგი ასანიძის, გენერალურ მდივნად კი რამაზ გურგენიძის კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული