ქართველმა ძალოსნებმა სამი ოლიმპიური საგზური გაინაღდეს

AutoSharing Option
ძალოსნობაში ქართველმა სპორტსმენებმა "ლონდონი-2012"-ისთვის სამი საგზური გაინაღდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ოლომპიური კომიტეტიდან აცნობეს, პარიზში დასრულებულ მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოდან 6 სპორტსმენი მონაწილეობდა, რომელთაგანაც საუკეთესო შედეგი წლევანდელი ევროპის პირველობის ვერცხლის პრიზიორმა გია მაჭავარიანმა (105 კგ) აჩვენა.

მან ატაცში 187 კილოგრამი დაიმორჩილა და მცირე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა, ხოლო აკვრაში 222 კილოგრამი ასწია და ორჭიდის ჯამში 409 კილოგრამი დაუგროვდა. აღნიშნული საკმარისი აღმოჩნდა მეოთხე ადგილისთვის. ქართველ ძალოსანს კვარლცხლბეკამდე მხოლოდ კილოგრამი დააკლდა.

პარიზის ფიცარნაგზე ასევე ძალები მოსიჯნეს გიორგი ლომთაძემ (69კგ), რომელიც სამწუხაროდ უადგილოდ დარჩა,
რაულ ცირეკიძემ (85კგ) - მან მე-16 ადგილი დაიკავა, ლაშა ტალახაძემ (მძიმე წონა) - იგი "ბ" ჯგუფში ასპარეზობდა და თავი ვერაფრით გამოიჩინა. ირაკლი თურმანიძემაც (მძიმე წონა) "ბ" ჯგუფში სცადა ბედი და ასევე წარუმატებლად. დავით გოგიამ (105კგ) საერთო ჯამში 376 კილოგრამით მე-17 ადგილი დაიკავა.

"საფრანგეთის დედაქალაქში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატს სხვა უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც ჰქონდა. ქართველი ძალოსნების მთავარი ამოცანა შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე დაგროვილი ქულები და მოპოვებული 3 ოლიმპიური ლიცენზია უნდა შეენარჩუნებინათ, რაც ჩვენმა სპორტსმენებმა შეასრულეს და "ლონდონი-2012"-ისთვის სამი საგზური გაინაღდეს", - აცხადებენ ოლიმპიურ კომიტეტში.

არსებული მონაცემებით, ქართველ ათლეტებს სულ 10 ოლიმპიური ლიცენზია აქვთ.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული