მსოფლიო რეკორდი 217 კგ-ით - ლაშა ტალახაძემ ევროპა მეორედ დაიპყრო [VIDEO]

AutoSharing Option
ხორვატიულ სპლიტში დამთავრდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ოთხმა ათლეტმა იასპარეზა.

შეჯიბრების ბოლო დღეს ფიცარნაგზე ორი მძიმეწონოსანი ქართველი გავიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ამჯერადაც შეუდარებელი გახლდათ.

მან ექვსივე ცდა წარმატებით გამოიყენა. მესამე ცდაზე 217 კილოგრამი აიტაცა და ირანელი ოლიმპიური ჩემპიონის - ბეჰდად სელიმის მიერ რიოში დამყარებული მსოფლიო რეკორდი კილოგრამით გააუმჯობესა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

211 კილოთი მეორე იყო სომეხი გორ მინასიანი, ხოლო რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსპრიზიორმა და ევროპის 2015 წლის ჩემპიონმა ირაკლი თურმანიძემ 201 კილოთი
მესამე ადგილი დაიკავა. სამწუხაროდ, მან ფეხის ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო, ამიტომ აკვრასა და ორჭიდში შეუფასებელი დარჩა.

სამაგიეროდ, აკვრაში ტალახაძემ მესამე ცდისას 250-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, ორჭიდის ჯამში 467 კილო მოაგროვა და ევროპის ჩემპიონობა შეინარჩუნა. მართალია, ეს მაჩვენებელი რიოს ოლიმპიადაზე მის მიერ დამყარებულ მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების რეკორდებს 6 კილოთი ჩამოუვარდება, მაგრამ ევროპისაზე 4 კილოგრამით მეტია.

ამ მოძრაობაში მეორე-მესამე ადგილებზე ესტონელი მარტ სეიმი (246) და სომეხი რუბენ ალექსანიანი (244) გავიდნენ.

სპლიტში იასპარეზა სასჯელმოხდილმა რუსლან ალბეგოვმა (რუსეთი). ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოსპრიზიორი, 2013-14 წლების მსოფლიოს და 2012-13 წლების ევროპის ჩემპიონი ამჯერად ორჭიდში 433 კილოგრამით (196+237) მეოთხე ადგილს დასჯერდა.

+105 კგ
1. ლაშა ტალახაძე (საქართველო) - 467 (217:250),
2. გორ მინასიანი (სომხეთი) - 446 (211+235),
3. რუბენ ალექსანიანი (სომხეთი) - 434 (190+244).

სპლიტში უნდა გამოსულიყო ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი ანასტასია გოტფრიდი, მაგრამ ასპარეზობის წინა დღეს ვარჯიშისას მან ტრავმა მიიღო და პირველობაში მონაწილეობა ვერ შეძლო.

* * *
საქართველოს ხუთმა წარმომადგენელმა იასპარეზა ბანგკოკში (ტაილანდი) 17-წლამდელთა მსოფლიო პირველობაში, რომელიც სალიცენზიო ტურნირიცაა. საქმე ის არის, რომ ამ შეჯიბრებაში ქვეყნები 2018 წლის მსოფლიო ახალგაზრდობის მესამე ოლიმპიური თამაშების (არგენტინა) საგზურებისთვისაც იბრძვიან.

ჩემპიონატის პირველ დღეს 62 კილოში გურამ გიორბელიძემ 231 კილოგრამით (100+131) 21-ე ადგილი დაიკავა.

69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორმა ჩვენებურმა მოსინჯა ძალები. არჩილ მალაყმაძე 271 კილოგრამით მე-13 იყო, ხოლო კახი ასანიძე 260 კილოგრამით მე-20 ადგილს დაყაბულდა.

საპრიზო ადგილებს ვერც 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ახალგაზრდები მიუახლოვდნენ: ედუარდ კაკაბაძემ მე-14, ხოლო ლომია თებიძემ მე-19 ადგილი დაიკავა.

ტაილანდში მსოფლიოს პირველობა დღეს დამთავრდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მინიმუმ 3 ოლიმპიადა უნდა აჩუქო შენს ერს - ქ ა რ თ ვ ე ლ ო !
glaxuna
19:02 10-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული