ძალოსნობა: უფროსები სპლიტში, ჭაბუკები ბანგკოკში

AutoSharing Option
1-9 აპრილს ხორვატიული სპლიტი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები (მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე) შეჯიბრებაში ხუთი სპორტსმენით გაემგზავრება.

2 აპრილს ჩვენებურთაგან ფიცარნაგზე გავა რამინ შამილიშვილი (62 კგ), 5 აპრილს გიორგი ლომთაძე (77), ხოლო 7 აპრილს ანასტასია გოტფრიდი (90) იასპარეზებს. შეჯიბრების ბოლო დღეს - 8 აპრილს, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსპრიზიორი ირაკლი თურმანიძე (ორივე - მძიმე წონა) მოსინჯავენ ძალებს.

უფროსების პარალელურად, შეჯიბრებში ჭაბუკებიც ჩაებმებიან - ტაილანდურ ბანგკოკში 3-10 აპრილს 17-წლამდელთა მსოფლიოს პირველობა გაიმართება. ჩვენი გუნდი (მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაური, მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა) ტურნირზე რვა სპორტსმენით იასპარეზებს. ქართველთა ტაილანდურ ფიცარნაგზე გასვლის გრაფიკი ასეთია: 6 აპრილი - გურამ გიორბელიძე (62 კგ), 7 - არჩილ მალაყმაძე და კახი ასანიძე (ორივე-69 კგ), 8 - ედუარდ კაკაბაძე და ლომია თებიძე (ორივე-77), 9 - ლაშა თაქთაქიშვილი (85), 10 - ზაზა ლომთაძე (94) და თორნიკე ტაბატაძე (+94).

"ამ შეჯიბრებას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იქ 2018 წლის მსოფლიო ახალგაზრდობის მესამე ოლიმპიური თამაშების საგზურები გათამაშდება, - გვითხრა ზურაბ ანთაურმა. - პირველ-მეშვიდე ადგილებზე გასული გუნდები არგენტინის ორ-ორ, ხოლო მერვე-მეჩვიდმეტე ადგილებზე გასულნი თითო ლიცენზიას მოიპოვებენ.

ჩვენი მიზანია, 17 საუკეთესოში მოვხვდეთ, რაც არც ისე იოლი იქნება, რადგან ჩემპიონატში 2000-03 წლებში დაბადებული ძალოსნები მონაწილეობენ, საქართველოს ნაკრები კი უმთავრესად 2002-03 წლებში დაბადებული სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული.

ტაილანდში საგზურს თუ ვერ შევწვდით, მაშინ მიზნის მისაღწევად გაისად ესტონურ ტარტუში ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ვიბრძოლებთ - არალიცენზირებულ ქვეყნებს შორის პირველ ოთხეულში მოხვედრა იქნება აუცილებელი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული