ქართველმა მოცურავეებმა საერთაშორისო ტურნირზე ორი ბრინჯაო მოიპოვეს

AutoSharing Option
გერმანიის დედაქალაქში დამთავრდა მოცურავეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელიც წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის (ივლისი, ბარსელონა) სალიცენზიო შეჯიბრებაც იყო.

ევროპის 27 ქვეყნის 1500 წარმომადგენელს შორის ოთხი ჩვენებურიც (ირაკლი რევიშვილი, ირაკლი ბოლქვაძე, დავით სიხარულიძე, თემურ კობახიძე, დელეგაციის ხელმძღვანელი ირინა მინჟულინა) სცდიდა ძალებს. ქართველმა სპორტსმენებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ირაკლი ბოლქვაძემ 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში 2.10,55-ით მე-3 ადგილი დაიკავა. იგი 2012 წლის ევროპის ახალგაზრდული პირველობის ბრინჯაოსპრიზიორია 200 მეტრზე ბრასში, მერე ლონდონის ოლიმპიურ თამაშებშიც იასპარეზა.

როგორც ირინა მინჟულინამ გვითხრა, ბოლქვაძეს ამ დისციპლინაში უკვე აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური,
ახლა 200 და 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში იბრძოლებს ლიცენზიებისთვის. 200 მეტრზე კომპლექსში მისი საუკეთესო შედეგია 2.05,30 (სალიცენზიო ნორმატივი 2.04,19). კობახიძეს 400 მეტრი კომპლექსით 4.29,61-ში აქვს დაფარული, საგზურის მოსაპოვებლად კი ეს დისტანცია 4.28,30-ში უნდა გაცუროს, რაც მისთვის პრობლემა არ უნდა იყოს.

ბერლინში საქართველოს დელეგაციას მეორე ბრინჯაო თემურ კობახიძემ მოუტანა 1995-1996 წლებში დაბადებულთა შორის - 100 მეტრი ბატერფლაით 56,99 წამში დაფარა (სალიცენზიო ნორმატივი - 54,41), 50 მეტრზე ბატერფლაით (25,45) მე-4 ადგილი დაიკავა.

ამ შედეგით თანატოლებს შორის ევროპულ რეიტინგში მეშვიდეა. საქართველოს ჩემპიონატში თემურმა 50 მეტრის გაცურვას 0,04 წამით ნაკლები მოანდომა, რითაც ქვეყნის რეკორდი გააუმჯობესა.

აქ სალიცენზიო ნორმატივია 24,80 წამი. კობახიძემ ბატერფლაით 200 მეტრზეც მოსინჯა ძალები და მე-8 (2.10,33) ადგილი დაიკავა. საგულისხმოა, რომ წლეულს ივლისის დასაწყისში იგი ევროპის ახალგაზრდულ პირველობაში (პოლონეთი) იასპარეზებს.

ირაკლი რევიშვილმა ბერლინში 200 მეტრი თავისუფალი ყაიდით წუთსა და 55,89 წამში გაცურა.

არადა, შარშან თურქეთში სალიცენზიოზე (1.52,21) ნაკლები დრო (1.51,81) აჩვენა, ოღონდ ის შეჯიბრება საგზურებს არ იძლეოდა. ასე რომ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების პრობლემა რევიშვილს არ უნდა შეექმნას; არც დავით სიხარულიძეს - საფუძველს ამ დისტანციაზე მისი საუკეთესო შედეგი (1.54,07) იძლევა.

ოთხივე ქართველი მოცურავე ახლა მონდომებით ემზადება მორიგი სალიცენზიო ტურნირისთვის, რომელიც 4-7 აპრილს ეინდოვენში (ჰოლანდია) გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული