2016 წლის მთავარი მოვლენები და გმირები ქართულ ჩოგბურთში

AutoSharing Option
გმირი
ბოლო რამდენიმე წელიწადია, საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრების ლიდერია ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც წარმატებით გამოდის საერთაშორისო ტურნირებში. წლეულს მან რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ავსტრიულ კიცბუელში დაკავებული მეორე ადგილი - მაშინ ქართველი ჩოგბურთელი ფინალში იტალიელ პაოლო ლორენცთან დამარცხდა.

ავსტრიაშივე, ოღონდ ვენის საერთაშორისო ტურნირზე ბასილაშვილმა სტარტი საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო - ზედიზედ სძლია ბრაზილიელ ბელუჩის, მოლდოველ ალბოტს, ძირითადი ბადის პირველსავე წრეში კი მე-2 ნომრად განთესილ რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფ ტომაშ ბერდიხს (ჩეხეთი) მოუგო, ხოლო მეორე წრეში მსოფლიო კლასიფიკაციით 53-ე კარენ ხაჩანოვი (რუსეთი) ჩამოიშორა
გზიდან. მაშინ ბასილაშვილი 107-ე იყო.

ქართველ ჩოგბურთელს კლასიფიკაციაში საუკეთესო მაჩვენებელი - 86-ე ადგილი 2015 წლის 19 ოქტომბერს ჰქონდა, ამჟამად რეიტინგით 94-ეა.

საგულისხმოა ისიც, რომ წლეულს მან ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა და რიოს ოლიმპიადაზე მოსინჯა ძალები.

მოვლენა
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრებმა ფედერაციის თასზე ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში ზედიზედ ორ მეტოქეს სძლია - სამხრეთი აფრიკა (2:1) და ბულგარეთი (2:1), ხოლო დიდ ბრიტანეთთან წააგო (1:2). მარცხის მიუხედავად, ქალთა ნაკრებმა ზონაში ადგილი შეინარჩუნა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა დევისის თასის ევროაფრიკული ზონის მე-2 ჯგუფში შინ ორი შეხვედრა გამართა.

გაზაფხულზე ახალ სპორტის სასახლეში დანიის ნაკრებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია - მატჩი 0:5 დათმო, სამაგიეროდ, "მზიურის" კორტებზე ზიმბაბვეს აჯობა 3:2 და გაისადაც მე-2 ზონაში იბრძოლებს პირველ ეშელონში დასაწინაურებლად.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს: ყოფილი კაპიტანი - ვლადიმერ გაბრიჩიძე დავით კვერნაძემ (კაპიტანი) და ირაკლი ლაბაძემ (გუნდის ხელმძღვანელი) შეცვალეს.

მარიამ ბოლქვაძემ წლეულს 18-წლამდელთა უიმბლდონის ტურნირზე წყვილებში ამერიკელ ქეით მაკნეილთან ერთად ფინალური პაექრობა წააგო და მეორე ადგილს დასჯერდა.

მარიამ დალაქიშვილმა
იტალიაში 16-წლამდელთა მასტერსის ტურნირი მოიგო.

რიცხვი
24 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის ტურნირის მეთექვსმეტედფინალში ტომაშ ბერდიხს აჯობა - 6:4, 6:7, 7:5, ხოლო 26 ოქტომბერს კარენ ხაჩანოვს მოუგო - 6:2, 7:5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული