US OPEN 2016: სერენობა გადავარდა

AutoSharing Option
პარასკევს, აშშ-ის ღიაზე ისტორიული ამბავი მოხდა - დასრულდა ქალთა პროფესიულ ტურში სერენა უილიამსის ბატონობა. ამერიკელის შეხვედრას კაროლინა პლიშკოვასთან ყველა დიდი ინტერესით ელოდა, რადგან ეს უნდა ყოფილიყო ძალისმიერი სტილის ჩოგბურთელთა დუელი.

თუმცა, პირველ სეტში ეს სტილი ჩეხმა ჩოგბურთელმა უკეთ მოირგო, სერენა კი თავის თავს არ ჰგავდა. პლიშკოვას ყველა ძლიერი დარტყმა მეტოქის მოედნის ხან ერთ და ხან მეორე კუთხეში ეცემოდა. მრისხანე ამერიკელი მის ფონზე უმწეო გოგონად გამოიყურებოდა. საბოლოოდ, კაროლინას ნახევარ საათზე ნაკლები დასჭირდა ორი ბრეიკის შესასრულებლად და სეტის მოსაგებად.

თუმცა, მთელი მატჩის
განმავლობაში უილიამსის წინააღმდეგ ასეთ სტილში თამაში ძალიან რთულია. და მეორე სეტში, კორტზე სიტუაცია გათანაბრდა. ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ, რომელშიც მრავლად იყო დრამატული მომენტი: ჯერ პლიშკოვა გავიდა წინ - 3:0, შემდეგ ზედიზედ ოთხი ქულა სერენამ აიღო. საქმის ბოლომდე მიყვანაში უილიამსს ხელი შეუშალა ორმა ორმაგმა შეცდომამ, თან ერთი მატჩბოლის დროს - 2:6, 6:7(5).

ასე რომ, ჩეხი, რომელიც ადრე არასოდეს ყოფილა "დიდი სლემის" ტურნირებზე მესამე წრეზე შორს, აშშ-ის ღიას ფინალისტი გახდა, სერენა კი ზედიზედ მეორე წელია, ნიუ იორკში ნახევარფინალში აგებს.

გარდა იმისა, რომ ამერიკელი ბრძოლას ჩამოშორდა, მან ვერ შეძლო ორი რეკორდის დამყარება: ჯერერთი, ვერ გაუსწრო შტეფი გრაფს "დიდი სლემის" ჩემპიონატებში მოგებების რაოდენობით (ორივეს - 22-22), გარდა ამისა, 186 კვირაზე შეწყდა მისი ზედიზედ ლიდერობა WTA-ის რეიტინგში. უილიამსმა აქაც გრაფის რეკორდი გაიმეორა.

* * *
დღეიდან, მსოფლიოს ახალი პირველი ნომერი ანჟელიკ კერბერი იქნება. ამ სტატუსით, ოღონდ ჯერ არაოფიციალურით, გერმანელმა ნახევარფინალში ძალიან იოლად დაამარცხა დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი - 6:4, 6:3. გერმანელმა ისევ აჩვენა ბრწყინვალე ფიზიკური მომზადება, რომლითაც მთელი სეზონია იწონებს თავს. მან ორივე სეტში ნაადრევი ბრეიკები გააკეთა, რითაც სრულიად განაიარაღა მეტოქე. დანიელი მხოლოდ ორივე პარტიის ბოლოს ახერხებდა გაბრძოლებას, მაგრამ ორივე შემთხვევაში, მისი მონდომება დაგვიანებული იყო.

კერბერის დრო მოვიდა
ქალთა ფინალის წინ ძალიან რთული იყო ფავორიტის დასახელება. ერთის მხრივ, კერბერი დე-ფაქტო პირველი ჩოგანი იყო და დიდი ფინალების უფრო მდიდარი გამოცდილება ჰქონდა - თუნდაც ამ სეზონში მესამედ იყო გასული "მეიჯორის" გადამწყვეტ მატჩში. მეორეს მხრივ, ყველას ახსოვდა ცინცინატის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის ფინალი, რომელშიც კერბერმა პლიშკოვას მხოლოდ ოთხი გეიმი აართვა. ასევე ჩეხის სასარგებლოდ ლაპარაკობდა ის, რომ მან ნიუ იორკში ორივე უილიამსი დაამარცხა. ასე რამ კი ხშირად არ ხდება.

ფინალი ძალიან ემოციური, ნერვული და დაძაბული გამოდგა. რაც მთავარია, ჩოგბურთის ხარისხი იყო მაღალი. მატჩის დასაწყისში პლიშკოვა შესამჩნევად ნერვიულობდა. სასტარტო სეტში მან 17 უნებლიე შეცდომა დაუშვა - 14-ით მეტი, ვიდრე მისმა მეტოქემ. სულ მატჩში კი კაროლინა 47-ჯერ შეცდა (კერბერი - 17-ჯერ). გერმანელი კარგად იცავდა თავს, მეტოქეს გრძელ გათამაშებებში ითრევდა, მოკლედ, თავის სტილში მოქმედებდა და ეს შედეგს იძლეოდა.

პირველ სეტში კერბერმა თავიდანვე წაიყვანა ანგარიში ბრეიკით, 5:3-ზე კი კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება - 6:3. ამის შემდეგ, გარკვეული ხანი, ინიციატივა პლიშკოვას მხარეს გადავიდა. გერმანელმა ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მაგრამ მნიშვნელოვან მეშვიდე გეიმში მეხუთედ ამის გაკეთება ვერ შეძლო. ეს უპირატესობა ჩეხმა შეინარჩუნა და შესაბამისად, ანჟელიკმა ამ ტურნირზე პირველად წააგო სეტი.

მესამე პარტიის დასაწყისიც პლიშკოვასი იყო. გერმანელმა საკუთარი შეცდომებით წააგო თავისი გეიმი და ჩეხი 3:1 დაწინაურდა. მაგრამ რამდენიმე წუთში უკვე კაროლინას შეცდომების ჯერი დადგა და ანგარიში ისევ გათანაბრდა - 3:3. გადამწყვეტი ბრეიკი კერბერმა მეათე გეიმში შეასრულა - პლიშკოვა დაეხმარა სამი უხეში შეცდომით.

"ანჟელიკმა დაამტკიცა, რომ ის ნამდვილი პირველი ნომერია, - თქვა ჩეხმა დაჯილდოვების ცერემონიაზე. - ვიცოდი, თამაში რთული იქნებოდა და ბედნიერი ვარ, რომ საერთოდ მესამე სეტამდე მივაღწიე. ვამაყობ საკუთარი თავით, მიუხედავად იმისა, რომ ფინალის მოგება ვერ შევძელი. გავაცნობიერე, რომ შემიძლია საკუთარი ჩოგბურთის თამაში მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების წინააღმდეგ. იმედია, წინ კიდევ უფრო მეტი ფინალი მელოდება".

"ეს ფანტასტიკურია. ერთ სეზონში "დიდი სლემის" ორი ტურნირი მოვიგე. ეს საუკეთესო წელია ჩემს კარიერაში. ბავშვობაში ვოცნებობდი გავმხდარიყავი პირველი ჩოგანი და მომეგო "დიდი სლემის" ტურნირები. დღეს ჩემი ოცნებები ახდა", - განაცხადა აშშ-ის ღიას ახალმა ტრიუმფატორმა.

ქალები
1/2 ფინალი
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 10)-ს. უილიამსი (აშშ, 1) 6:2, 7:6(5)
კერბერი (გერ, 2)-ვოზნიაცკი (დან) 6:4, 6:3

ფინალი
კერბერი (გერ, 2)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 10) 6:3, 4:6, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული