US OPEN 2016. II დღე: ძველი სერენა დაბრუნდა

AutoSharing Option
ქალების ბადეში პირველი წრის ცენტრალური მატჩი გამოკვეთილი იყო. მსოფლიოს პირველი ნომერი სერენა უილიამსი ხვდებოდა რუს ეკატერინა მაკაროვას, რომელიც წელიწადნახევრის წინ TOP10-ში შედიოდა, თუმცა ამ სეზონში წარუმატებელი თამაშის გამო, განთესილთა ზონის მიღმა აღმოჩნდა.

რუსი ჩოგბურთელის გულშემატკვირებს იმედი ჰქონდათ, რომ მაკაროვა სერიოზულ ბრძოლას გაუმართავდა რეიტინგის ლიდერს, მაგრამ ასე არ მოხდა.

მატჩის წინ, ბევრი იყო სპეკულაცია სერენას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. უიმბლდონის შემდეგ, ამერიკელს მხარი აწუხებდა, რის გამოც ვერ ითამაშა მონრეალისა და ცინცინატის უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე, აგრეთვე სუსტად გამოვიდა რიოს ოლიმპიადაზე. ასევე ცეცხლზე ნავთი
დაასხა ფოტოებმა ვარჯიშიდან, სადაც უილიამსს მასაჟისტი მხარს უმუშავებდა.

მაგრამ შეხვედრამ აჩვენა, რომ ამერიკელს არანაირი პრობლემა არ აქვს. იდეალურად მუშაობდა მოწოდება - 12 ეისი ჩააწოდა, პირველ მოწოდებაზე კი ქულების 90 პროცენტი აიღო. მინიმალური იყო შეცდომები. სერენა რიგით სიტუაციებში ცდებოდა, მნიშვნელოვან მომენტებში კი საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არ აძლევდა.

საბოლოოდ, უმცროსი უილიამსის ეს დომინირება ასეთ ანგარიშში გამოიხატა - 6:3, 6:3. სერენას მეორე წრის საგზურის მოსაპოვებლად მხოლოდ საათი და ოთხი წუთი დასჭირდა.

ივანოვიჩი ელიტა აღარ არის
ქალთა ტურნირზე მთავარი სიუპრიზი ანა ივანოვიჩის წაგება იყო, მაგრამ პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს სიუპრიზი უკვე აღარავის გაკვირვებია.

სერბი, რომელსაც ინერციით მიიჩნევენ ტოპ-მოთამაშედ, დიდი ხანია ძალიან სუსტად გამოიყურება. ცოტა ხნის წინ, ანა ბასტიან შვაინშტაიგერზე გათხოვდა და თავში სულ სხვა აზრები უტრიალებს. გასაკვირი არ არის, რომ გუშინდელი მატჩის შემდეგ, ივანოვიჩს პირდაპირ ჰკითხეს - ხომ არ აპირებს კარიერის დასრულებას, რაზეც სერბმა უარყოფითი პასუხი გასცა.

ივანოვიჩმა 23 წლის ჩეხთან დენისა ალერტოვასთან წააგო. ეს ის ჩოგბურთელია, რომელმაც შარშან, აშშ-ის ღიას პირველ წრეში მეათე ნომრად განთესილი კარლა სუარეს ნავარო გააგდო, ახლა კი ივანოვიჩს გაუსწორდა ორ სეტში.

სერბი პირველ პარტიაში ორჯერ აწვდიდა სეტზე, მაგრამ უპირატესობა გაფლანგა და ტაი-ბრეიკზე დამარცხდა, რის შემდეგაც, მთლიანად ჩააგდო მეორე სეტი. ივანოვიჩის ანგარიშზე 41 უნებლიე შეცდომა იყო.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო ანას ზედიზედ მეხუთე მარცხი - ასეთი ცუდი სერია მას კარიერაში არასოდეს ჰქონია. კიდევ უფრო ცუდად მისდის საქმეები როლან გაროსის ნახევარფინალისტს, ჰოლანდიელ კიკი ბერტენსს - მან ზედიზედ მეექვსედ წააგო.

ქალები
I წრე
ს. უილიამსი (აშშ, 1)-მაკაროვა (რუს) 6:3, 6:3
ა. რადვანსკა (პოლ, 4)-პეგულა (აშშ) 6:1, 6:1
ჰალეპი (რუმ, 5)-ფლიპკენსი (ბელ) 6:0, 6:2
ვ. უილიამსი (აშშ, 6)-კოზლოვა (უკრ) 6:2, 5:7, 6:4
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 10)-კენინი (აშშ) 6:4, 6:3
სუარეს ნავარო (ესპ, 11)-პერეირა (ბრა) 6:0, 6:0
ბაშჩინსკი (შვეიც, 15)-დიატჩენკო (რუს) 6:1, 6:1
სტოსური (ავსტრა, 16)-ჯორჯი (იტა) 7:5, 6:7(4), 6:1
პავლიუჩენკოვა (რუს, 17)-ჩირიკო (აშშ) 6:1, 6:4
ვესნინა (რუს, 19)-კონტავეიტი (ესტ) 7:6(4), 4:6, 6:3
კონიუხი (ხორ)-ბერტენსი (ჰოლ, 20) 6:3, 2:6, 6:4
ვანგი (ჩინ)-კასატკინა (რუს, 23) 6:4, 2:6, 6:2
გარსია (საფ, 25)-პარმენტიე (საფ) 4:6, 6:3, 6:4
ზიგემუნდი (გერ, 26)-ტიგი (რუმ) 3:6, 6:3, 6:2
ალერტოვა (ჩეხ)-ივანოვიჩი (სერ, 29) 7:6(4), 6:1
ბაბოში (უნგ, 31)-ჰაასი (ავსტრია) 5:7, 6:3, 7:5
კინგი (აშშ)-ლოტნერი (გერ) 7:6(2), 6:3
ლარსონი (შვედ)-კნაპი (იტა) 6:4, 6:2
შვედოვა (ყაზ)-არუაბარენა (ესპ) 6:2, 6:3
ს. ჟანგი (ჩინ)-პერესი (ავსტრა) 6:1, 6:1
იანკოვიჩი (სერ)-დუკე მარინო (კოლ) 6:4, 6:1
ბეკი (გერ)-პოდოროსკა (არგ) 7:6(6), 6:3
ჰოგენკამპი (ჰოლ)-უოტსონი (ბრიტ) 6:2, 7:5
საფაროვა (ჩეხ)-გავრილოვა (ავსტრა) 6:4, 6:4
ბროუდი (ბრიტ)-რობსონი (ბრიტ) 6:7(4), 6:3, 6:4
სინიაკოვა (ჩეხ)-ბუშარი (კან) 6:3, 3:6, 6:2
ნარა (იაპ)-ფოგელი (შვეიც) 6:0, 7:5
ლეპჩენკო (აშშ)-პენგი (ჩინ) 4:6, 7:6(9), 6:3
გონსალესი (პარ)-კოვინიჩი (ჩერ) 7:5, 6:2
მლადენოვიჩი (საფ)-ჰიბინო (იაპ) 6:4, 7:5
გიბსი (აშშ)-კრუნიჩი (სერ) 6:1, 6:0
გორგესი (გერ)-ვიკმაიერი (ბელ) 6:3, 6:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული