ალექსანდრე მეტრეველი ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტად კიდევ ოთხი წლით აირჩიეს

AutoSharing Option
25 აგვისტოს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში ჩოგბურთის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა, რომლის დღის წესრიგში ორი საკითხი შედიოდა - ფედერაციის პრეზიდენტისა და გამგეობის წევრების არჩევა.

ყრილობაზე აღინიშნა, რომ განვლილ საანგარიშო პერიოდში, განსაკუთრებით, ბოლო ორ წელიწადში სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანადგომით ბევრი რამ გაკეთდა ქართული ჩოგბურთის გასავითარებლად. საგულისხმოა თუნდაც ის, რომ ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრები შარშან დევისის თასის ევროაფრიკულ მეორე ზონაში გადმოვიდა, ხოლო წლეულს ზიმბაბვეს ნაკრების დამარცხებით აქ ადგილი განიმტკიცა.

ქალთა ნაკრები უკვე ორი წელიწადია, ფედერაციის თასის
გათამაშების ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფშია და ზედიზედ ამარცხებს ბულგარეთის უძლიერეს ნაკრებს.

"შარშან ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის "მზიურში" ცხრა ღია და ორი დახურული კორტი აშენდა, რომლებზეც უანგაროდ ემზადებიან ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები.

ჩოგბურთელებს აქ ვარჯიშისა და აქტიური დასვენებისთვის ყველა პირობა აქვთ, თუმცა ინვესტორების ჯგუფთან ერთად ვცდილობთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. კერძოდ, აშენდება საცურაო აუზი, სასტუმრო, რამდენიმე ახალი კორტი. ყველაფერი ეს საერთაშორისო ტურნირების მაღალ დონეზე ჩატარებაში დაგვეხმარება.

რადგან ტურნირებს შევეხეთ, ვიტყვით იმასაც, რომ შარშან ჩვენმა ფედერაციამ ვაჟთა ხუთ და გოგონების ექვს 10.000-იან, ასევე, ორ 25.000-იან საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა. მართალია, წლეულს ამდენი ტურნირი ვერ ჩავატარეთ, რადგან დევისის თასის გათამაშების ორი ტურის მასპინძლები ვიყავით. ვიმედოვნებთ, რომ გაისად ჩვენს ფედერაციას მეტი დაფინანსება ექნება და საერთაშორისო შეჯიბრებების რაოდენობასაც გავზრდით, რაც მომავალი თაობის დაოსტატებას შეუწყობს ხელს.

ამჟამად შეჯიბრებებს თბილისი, თელავი და ბათუმი მასპინძლობს. გაისად მათ რიგს ქუთაისიც შეემატება. ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შუამდგომლობა გაგვიწია ქალაქის ხელმძღვანელობასთან. მომავალი წლისთვის რიონისპირა ქალაქში რეაბილიტირებული კორტები ჩადგება მწყობრში.

მოზარდი თაობისთვის დიდი სტიმული იყო საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერ ნიკოლოზ ბასილაშვილის რიოს ოლიმპიადაზე მოხვედრა. საერთოდაც, 2017 წლიდან ახალგაზრდობას მეტი ყურადღება მიექცევა და წინა წლებთან შედარებით, მათ დასაოსტატებლად მეტი თანხა დაიხარჯება.

საანგარიშო პერიოდში, ცხადია, გვქონდა ხარვეზებიც, რომლებსაც გამგეობის წევრებთან ერთად აუცილებლად აღმოვფხვრით", - გვითხრა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელსაც ყრილობაზე ალტერნატივა არ ჰყავდა და დელეგატებმაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ფედერაციის პრეზიდენტად მის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული