გაისად, პრაღაში ლეივერის თასი გაიმართება

AutoSharing Option
გუშინ გაიმართა ჩოგბურთში ახალი გუნდური ტურნირის პრეზენტაცია, რომელსაც ლეგენდარული ავსტრალიელი ჩოგბურთელის როდ ლეივერის სახელი დაერქვა.

ლეივერი, რომელიც ახლა 78 წლისაა, გასული საუკუნის 70-იან წლებში ბრწყინავდა. იმ პერიოდში, ერთი ათწლეულის განმავლობაში, ლეივერმა "დიდი სლემის" 11 ტურნირი მოიგო ერთეულთა თანრიგში და ასევე ოთხჯერ გაიმარჯვა წყვილებში.

ახლა კი მისი სახელი დაარქვეს ყოველწლიურ არაოფიციალურ გუნდურ ტურნირს, რომელიც მომავალ წელს, 22-24 სექტემბერს გაიმართება. მასპინძელი ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა იქნება.

მონაწილეები ორ გუნდად დაიყოფიან: ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებებად, რომელთა მწვრთნელებიც, შესაბამისად, ბიორნ ბორგი და ჯონ მაკინროი
იქნებიან.

ბორგის გუნდში უკვე არის ორი სუპერვარსკვლავი - რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი. ცნობისთვის, სწორედ შვეიცარიელი ლეგენდის სააგენტო გახდა ამ ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

* * *
ამასობაში, როჯერ ფედერერმა, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ტოვებს 2016 წლის სეზონის დარჩენილ ნაწილს, ჟურნალისტებთან აღდგენითი პროცესის შესახებ ილაპარაკა.

"ყველაფერი კარგად მაქვს, ვემზადები ავსტრალიის ღია პირველობისთვის. სიმართლე გითხრათ, არასოდეს მეგონა, თუ ასეთი რთული წელიწადი მექნებოდა. ამ სეზონმა ბევრი რამ მასწავლა.

ჩემთვის ძალიან რთული იყო ოლიმპიადისა და აშშ-ის ღია პირველობის გამოტოვება, რადგან მიყვარს კონკურენცია. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სეზონის მეორე ნაწილის გამოტოვება იყო, ვინაიდან პირველ ადგილზე ჯანმრთელობას ვაყენებ", - მოჰყავს ფედერერის სიტყვები BBC-ის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული