სოფიო შაფათავა: ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ ეს სპორტია და არა - საბავშვო ბაღი

AutoSharing Option
გუშინ, 6 მარტს, საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრების წევრი სოფიო შაფათავა სოციალურ ქსელში გულშემატკივართა კომენტარებს გამოეხმაურა, რომლებმაც "დევისის თასზე" განცდილი მარცხის გამო ჩოგბურთელები გააკრიტიკეს.

Sportall.ge სოფიოს დაუკავშირდა და ჩვენში გულშემატკივრობის კულტურასთან ერთად, "დევისის თასზე" ქართველი ჩოგბურთელების წარუმატებლობაზეც სთხოვა აზრის გამოთქმა.

- "სახლში თამაში ყველაზე ცუდია, რადგან თქვენგან მხოლოდ ნეგატივი მოდის" - ასე დაახასიათე ქართველი გულშემატკივარი. თავად თუ გქონია შემთხვევა, როცა საქართველოში გითამაშია და მხოლოდ ნეგატივი გიგრძვნია?
- სიმართლე გითხრათ, "დევისის
თასზე" არაფრის დაწერას ვაპირებდი, უბრალოდ, იმდენი ნეგატივი მოხვდა თვალს, ვეღარ მოვითმინე...

საერთოდ, სახლში თამაში რთულია - ძალიან დაძაბული ხარ. დიდი ხანია, თბილისში არ მითამაშია. ვერ ვიტყვი, რომ მაშინ, როცა ვითამაშე, მხარდაჭერა არ მიგრძვნია! უპირველეს ყოვლისა, ჩემი ოჯახის წევრებისგან ვიღებ საკმარის მხარდაჭერას! მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, მიღებულია არაჯანსაღი კრიტიკა. ძალიან ხშირად ხდება, რომ შეურაცხყოფას ისეთი ხალხი გაყენებს, ვინც არ გიცნობს.

პირადად მე მქონია შემთხვევები, როდესაც მოგებული თამაშების შემდეგაც მიმიღია ბევრი ნეგატივი! რა თქმა უნდა, არის ხალხი, რომელიც სულით და გულით გვგულშემატკივრობს და დიდი მადლობა მათ ამისთვის.

მაგრამ, ზოგადად, ტერმინი "გულშემატკივრობა" საქართველოში კარგად არ ესმით - როცა სპორტსმენს მხოლოდ გამარჯვების დროს უჭერ მხარს, ეს გულშემატკივრობა არაა! მხარდაჭერა სწორედ მაშინ სჭირდება სპორტსმენს, როდესაც ცუდად გრძნობს თავს და აგებს.

- ზოგადად, რით განსხვავდება ქართველი გულშემატკივარი უცხოელისგან?
- უცხოელი გულშემატკივარი უფრო ჯანსაღად გამოხატავს კრიტიკას. მათგან სპორტსმენის შეურაცხყოფა ნამდვილად არასდროს გამიგია. რასაკვირველია, ცუდი ხალხი არსად დაილევა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ სპორტში არაა ასეთი მიდგომა - ზოგადადაა მიღებული, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთან პირდაპირ გინებით გადადიან, ყველა თემასთან დაკავშირებით. თუ შეცდომა დაუშვი - ამ შემთხვევაშიც გლანძღავენ.

საქართველოში ჯანსაღი კრიტიკა და დისკუსია მკვდარია! ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის ავარიდო თავი ხმამაღალ განცხადებებს, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, გუშინ იმდენ ნეგატივს გადავეყარე, ვეღარ მოვითმინე.

- რაში ხედავ გულშემატკივრობის კულტურის დახვეწას?
- როგორც დავწერე, ჩვენ არავისთან ოფისში არ ავდივართ, რიგში არ ვდგებით და არ ვწერთ "ვაიმე, აი, ამ იურისტმა როგორი შეცდომა დაუშვა კონტრაქტში", "ამ მძღოლმა დაარღვია წესები" და ა.შ.

არ ვიცი, ალბათ ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ ეს სპორტია და არა საბავშვო ბაღი, ის კი სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ალბათ, ასეთი მენტალიტეტი გვაქვს: საკუთარზე მეტად სხვის შეცდომებს ვხედავთ, სხვას ვაკრიტიკებთ. ჩემი აზრით, სჯობს ყველამ ცოტა მეტად თავის საქმეებს მიხედოს.

მარტო სპორტზე არ მაქვს საუბარი. დღესდღეობით არცერთი სფერო არ გვაქვს ისე განვითარებული, რომ დავიკვეხოთ, ამიტომ სხვების კრიტიკას, სჯობს, საკუთარ პროფესიონალურ განვითარებაზე ვიფიქროთ. ალბათ, ამის მერე საქმე უკეთესად წავა, ბევრი სფერო განვითარდება.

ჩოგბურთელებს რაც შეეხება: არის მწვრთნელი, ფედერაცია, სპორტის სამინისტრო - კრიტიკა არავის აკლია, მაგრამ ნუ ღელავთ, ბევრი დიდი გამარჯვება გველის კიდევ წინ.

- "დევისის თასამდე" სანდრო მეტრეველმა ფინანსური პრობლემის საკითხი წამოსწია წინ. ქალების შემთხვევაში როგორაა საქმე, თქვენც გაქვთ პრობლემები?
- სანდროს თემაზე საუბარი არ მსურს - ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. ქალთა ნაკრებს რაც შეეხება, ხმამაღლა დასახელდა - იგივე 100.000 ლარია წელს.

საერთოდ, ქალთა ჩოგბურთის ნაკრებს გვქონდა პერიოდები, როდესაც საერთოდ არ გაგვაჩნდა დაფინანსება, მაგრამ მაინც სრული შემადგენლობით ვიყავით. ჩვენი ნაკრები თითქმის არ იცვლება და "ფედერაციის თასისთვის" ყოველთვის ყველა მზადაა, რომ მაქსიმალურად დაიხარჯოს.

არის რაღაცები, რაც შემოსავალზე არაა დამოკიდებული. ნაკრებში თამაში ერთ-ერთია! ქალთა ნაკრებში ყველას უყვარს კორტზე თეთრ-წითელი ფორმით გამოსვლა და თუნდაც სკამიდან გულშემატკივრობის მხრივაც კი არანაკლებ აქტიურები ვართ.

- სრული ფიასკო "დევისის თასზე", საქართველოს პირველი ჩოგანის მარცხი ურეიტინგო ჩოგბურთელთან... რას დავაბრალოთ?
- ჩოგბურთი ძალიან სპეციფიკური სპორტია. ეს არის სპორტი, რომელიც ფიზიკურ მზადყოფნას, ფსიქოლოგიურ გამძლეობას, სწრაფ ფიქრს მოითხოვს. თუ თამაშის დროს რომელიმე ასპექტი მოსუსტებულია, აგებ!

ტურნირის მსვლელობისას თბილისში არ ვყოფილვარ და ბიჭების მდგომარეობა არ ვიცი, ამიტომ ვერ შევაფასებ, რა და როგორ, მაგრამ ერთის თქმა კი მაინც შემიძლია: "დევისის" და "ფედერაციის" თასები ის შეჯიბრებებია, სადაც რეიტინგს და ქულებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

აქ ზოგჯერ მოთამაშეები, ვისაც ტურნირზეც კი არ უთამაშიათ, კარიერაში თავიანთ საუკეთესო მატჩებს ატარებენ.

რაც შეეხება ნიკას მეტოქეს, ეის ჯუნიორს, ეს ბიჭი პატარაა. როდესაც ხარ პატარა, უქულო და ეთამაშები ფაქტობრივად ასეულის მოთამაშეს, კორტზე თავისუფლად გადიხარ, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, რადგან შენგან მოგებას არავინ მოითხოვს.

ხშირია შემთხვევა, როცა "ჯუნიორები" თავიანთ პირველ წელს შეუდარებლად ატარებენ, რადგან ჯერ მათგან არავინ არაფერს ელის და თავისუფლად გადიან კორტზე. ეგ ფაქტორი თავისთავად, მათი პლუსია. თანაც, როგორც ვიცი, ნიკა 100%-ზე მზად არ იყო. არა უშავს, დაუმარცხებელი სპორტსმენი არ არსებობს - ოდესღაც ყველა აგებს.

კიდევ არაერთ შეხვედრას მოვიგებთ, ამისთვის კი გულშემატკივართა მხრიდან გვერდში დგომა და მხარდაჭერაა საჭირო და არა ჩვენი გადათელვა. ამით ფსიქოლოგიურ ტრავმას გვაყენებენ. არცერთი ჩოგბურთელი წასაგებად არ გადის კორტზე!