ნოვაკ ჯოკოვიჩი: მთავარი მიზანი ნადალის როლან გაროსზე დამარცხებაა

AutoSharing Option
ჩოგბურთელები თანდათან გამოდიან არდადეგებიდან და იწყებენ მზადებას ახალი სეზონისთვის. შესაბამისად, სპორტის ამ სახეობის შესახებ ახალი ამბები მომრავლდა და ბევრი საინტერესო კომენტარიც გავრცელდა.

მაგალითად, ლეგენდარულ ამერიკელს, ჯონ მაკინროის მიაჩნია, რომ როჯერ ფედერერს შეუძლია "დიდი სლემის" ტურნირზე ნახევარფინალში ან ფინალში გასვლა, მაგრამ შვეიცარიელის გამარჯვება მისთვის გასაკვირი იქნება.

"როჯერს ყოველთვის აქვს მოგების შანსი, მაგრამ სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ამისთვის საჭირო იქნება შვიდი ხუთსეტიანი მატჩის მოგება. კიდევ ერთი სირთულე ისაა, რომ უნდა დაამარცხოს პირველი სამეულის წევრები. "დიდი სლემის" ტურნირებზე 17 გამარჯვების მიუხედავად, ჩემთვის როჯერის
კიდევ ერთი ტრიუმფი მეიჯორზე გასაკვირი იქნება. ნახევარფინალსა და ფინალში გასვლა კი შესაძლებელია"
.

შარაპოვას და გრიონეფელდის პერსპექტივები
წარსულში ცნობილი ბრიტანელი ჩოგბურთელი გრეგ რუსედსკი, რომელიც კარგად იცნობს რუსი მარია შარაპოვას ამჟამინდელ დამრიგებელს, სვენ გრიონეფელდს, პროგნოზს აკეთებს მათი მომავალი თანამშრომლობის შესახებ.

"რამდენიმე წელი სვენთან ერთად ვმუშაობდი და ვიცი, რომ ის შესანიშნავი მწვრთნელია, რომელსაც ტოპ-ათეულის წევრებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს. მან იცის, როგორ ითანამშრომლოს ვარსკვლავებთან. შარაპოვასთან მუშაობისას, თითქმის არ უნდა შეცვალოს მარიას სათამაშო სტილი, მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ცვლილება იქნება გასაკეთებელი.

უფრო მნიშვნელოვანია, ასწავლოს მას მატჩებზე კარგი განწყობით გასვლა და საკუთარი შანსების გამოყენება. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. ბევრი რამ უახლოეს ერთ ან ორ თვეში გაირკვევა, კერძოდ კი, ავსტრალიის ღია პირველობაზე".


ნადალი და ვუდსი
რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ გოლფის თამაშის დროს ისე იქცევა, როგორც ლეგენდარული ტაიგერ ვუდსი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესპანელი თითქმის არ გამოხატავს ემოციებს და მცირე ურთიერთობა აქვს სხვა გოლფისტებთან. "მე მაგალითს ვიღებ ტაიგერ ვუდსისგან. არაფერს ველაპარაკები მეტოქეებს რაუნდების დროს, არ ვულოცავ მათ კარგ დარტყმებს. ისინი წუწუნებენ ამის გამო, ხანდახან ბრაზდებიან ჩემზე.

ბევრი ამბობს, რომ გოლფის ტურნირების დროს უფრო აგრესიული ვხდები, ვიდრე საჩოგბურთო კორტზე ვარ. ჩემსა და ჩემს მეგობრებს შორის სხვაობა იმაშია, რომ ვერ ვხედავ გოლფში მონაწილეობის აზრს, თუ ბოლომდე არ დავიხარჯე მოედანზე".


კურიე და რუსები
დევისის თასზე აშშ-ის ნაკრების კაპიტანს, ჯიმ კურიეს მიაჩნია, რომ მარია შარაპოვა ამერიკელი ჩოგბურთელია, იმის მიუხედავად, რომ რუსეთშია დაბადებული. "მარია ამერიკელი ჩოგბურთელია. პროფესიონალი მოთამაშე ის აშშ-ში გახდა. მას შეეძლო ფედერაციის თასზე ამერიკის გუნდში ეთამაშა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ეს მისი არჩევანია. მე არ ვაპირებ ნაკრებში ასეთი ჩოგბურთელების მიწვევას".

მაკინროი და წყვილთა თანრიგის გაუქმება
ჯონ მაკინროის კიდევ ერთი საინტერესო გამონათქვამი ჰქონდა. მას მიაჩნია, რომ ATP-ის წყვილთა თანრიგი უნდა გააუქმონ! "მიყვარს წყვილთა თანრიგი, მაგრამ დღეს ვუყურებ დუეტების თამაშს და ვფიქრობ: "ეს რა არის?" წყვილებში თამაშობენ ნელი ბიჭები, რომლებსაც არ აქვთ უნარი, წარმატებას მიაღწიონ ერთეულებში. მიმაჩნია, რომ წყვილების ტურნირები უნდა გაუქმდეს და დაზოგილი ფული მოხმარდეს ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებას, რომლებიც კარგად გამოვლენ ერთეულთა თანრიგში".

ჯოკოვიჩის მთავარი მიზანი
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ნათლად გამოხატა თავისი ამოცანები მომავალი სეზონისთვის. ის შეეცდება მოიპოვოს ტიტული როლან გაროსზე, თან დიდი სურვილი აქვს, შეხვდეს "გრუნტის მეფეს" რაფაელ ნადალს. შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩს სწორედ საფრანგეთის ღია პირველობის ტიტული არ ჰყოფნის კარიერული სლემის მოსაპოვებლად.

"რაც მოხდა, მოხდა. უბრალოდ არაფერი ხდება. ნადალთან დასანანმა წაგებებმა მიმახვედრა, რომ კიდევ უფრო ძლიერი უნდა გავხდე. წინ ახალი სეზონია. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მინდა კარგი წელი მქონდეს. ჩემი მთავარი მიზანია - რაფაელ ნადალის დამარცხება საფრანგეთის ღია პირველობაზე".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი მაგრად ერთობიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული