მარია შარაპოვა+ჯიმი კონორსი: პირველი წაგება

AutoSharing Option
ასევე მეორე წრის მატჩები დაიწყო ქალებს შორის და პირველი სენსაციაც მოხდა. თვენახევრიანი პაუზის შემდეგ კორტზე დაბრუნდა რუსი მარია შარაპოვა და ის პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდა ახალი მწვრთნელის, ჯიმი კონორსის ხელმძღვანელობით.

მათი თანამშრომლობის სტარტი წარუმატებელი გამოვიდა. რუსმა წააგო სასტარტო შეხვედრა ამერიკელ სლოუნ სტივენსთან, არადა, მარიასთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. ის 6:2, 2:0 გავიდა წინ და არაფერი მოასწავებდა კატასტროფას, მაგრამ, აქედან მოყოლებული, შარაპოვამ უამრავი შეცდომის დაშვება დაიწყო.

მის პრობლემებზე კარგად მეტყველებს მატჩის შემდეგ დაფიქსირებული სტატისტიკა - 16 "ვინერსი" და 62 (!) უნებლიე შეცდომა.
ამ მხრივ, ოდნავ უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა სტივენსს, რომლის ანგარიშზე 20 "ვინერსი" და 51 უნებლიე შეცდომა იყო. ამერიკელმა მეორე სეტში ტაი-ბრეიკზე გაიმარჯვა და მესამეში კი უკვე იოლად მიიყვანა საქმე მოგებამდე - 2:6, 7:6(5), 6:3. ეს არის სტივენსის კარიერაში მეორე მოგება TOP3-ის წევრთან. შეგახსენებთ, რომ მან წელს, ავსტრალიის ღიაზე სერენა უილიამსი ჩამოიცილა გზიდან.

ჩვენ 14 აგვისტოს შემოგთავაზეთ მარია შარაპოვას მინი-ინტერვიუ, რომელშიც მან თავისი თაყვანისმცემლები გააფრთხილა იმის შესახებ, რომ ხანგრძლივი პაუზის გამო ცინცინატიში ბევრი შეცდომა ექნებოდა. ასეც მოხდა, თუმცა მატჩის შემდეგ მარიამ ისიც თქვა, რომ შეცდომების გამო მისი წაგების გამართლება არ შეიძლება.

კიდევ ერთმა ფავორიტმა ითამაშა პირველი წრე. ისევე, როგორც შარაპოვამ, ვიქტორია აზარენკამაც გამოტოვა გასულ კვირას ტორონტოს უმაღლესი კატეგორიის ტურნირი. ამიტომაც ასევე არაფერი იყო ცნობილი ბელორუსის სათამაშო ფორმის შესახებ.

აზარენკასაც ამერიკელი მეტოქე ჰყავდა, ვანია კინგის სახით. პირველ სეტში ვიქტორიამ 28 წუთში "გადაუარა" მასპინძელს (6:1), მაგრამ მეორე პარტია 73 წუთი გაგრძელდა. ამ სეტში კინგი 3:0 გავიდა წინ და მეოთხე გეიმში ორმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა.

აზარენკა კარგად გამოვიდა ამ რთული სიტუაციიდან და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, მაგრამ იქ ხელმეორედ მოუწია სეტის გადარჩენაზე ზრუნვა, რადგან 0:3 ჩამორჩა, 5:6-ზე კი სეტბოლის მოგერიება დასჭირდა. მაგრამ აზარენკამ აქაც დაამტკიცა თავისი კლასი, ზედიზედ სამი ქულა აიღო და ტაი-ბრეიკი 8:6 მოიგო.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია საბინე ლისიცკის მარცხი ელენა იანკოვიჩთან - 6:7(5), 7:5, 2:6. ეს იყო ლისიცკის პირველი შეხვედრა უიმბლდონის ფინალის შემდეგ. არ გაუმართლა მეორე სერბს - ანა ივანოვიჩს, ის ასევე სამ სეტში დამარცხდა ფრანგ ალიზ კორნესთან. არადა, თითქოს გარანტირებული ჰქონდა მოგება, რადგან 6:2, 5:2 იყო დაწინაურებული, აგრეთვე ხუთი მატჩბოლი მიიღო, მაგრამ კორნემ სასწაულის წყალობით მოიგო ეს დრამატული შეხვედრა - 2:6, 7:6(8), 6:4.

როგორც ჩანს, კორნე იბრუნებს იმ ფორმას, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ ჰქონდა. ფრანგმა კოშმარული პერიოდი გადაიტანა - 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის ივლისამდე 26-დან 26 მატჩი წააგო TOP30-ის წევრებთან! გარდატეხა ამ ზაფხულს, ჰარდის სეზონის დაწყების შემდეგ მოხდა და ახლა კორნეს 4 მოგება და ერთი წაგება აქვს TOP30-ის ჩოგბურთელებთან: მოუგო სორანა კირსტეას (28-ე ნომერი), ელენა ვესნინას (22), მარია კირილენკოსა (16) და ახლა ანა ივანოვიჩს (14).

Western & Southern Open
ცინცინატი (აშშ). ჰარდი
საპრიზო ფონდი: $2 210 000

I წრე
ელენა ვესნინა (რუს)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ) 3:6, 6:1, 6:3; მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ)-იულია გორგესი (გერ) 6:2, 4:6, 6:4; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 10)-შუაი პენგი (ჩინ) 6:1, 6:1; ალიზ კორნე (საფ)-ანა ივანოვიჩი (სერ, 15) 2:6, 7:6(8), 6:4; ელენა იანკოვიჩი (სერ, 14)-საბინე ლისიცკი (გერ) 7:6(5), 5:7, 6:2; ეკატერინა მაკაროვა (რუს)-ანიკა ბეკი (გერ) 6:3, 6:2; ვარვარა ლეპჩენკო (აშშ)-ფლავია პენეტა (იტა) 6:2, 2:6, 6:2; მონა ბარტელი (გერ)-ლუსი საფაროვა (ჩეხ) 6:3, 6:4; მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-იანინა ვიკმაიერი (ბელ) 6:1, 6:2; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 2:6, 6:4, 6:1; ჯეიმი ჰემპტონი (აშშ)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს) 7:5, 4:6, 6:3; პოლონა ჰერცოგი (სლოვენ)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ) 6:2, 6:4.

II წრე
სლოუნ სტივენსი (აშშ)-მარია შარაპოვა (რუს, 3) 2:6, 7:6(5), 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2)-ვანია კინგი (აშშ) 6:1, 7:6 (6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მწვრთნელის შეცვლა ხანდახან კარგია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული