მწვრთნელის შეცვლა ხანდახან კარგია

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში, თანამედროვე ჩოგბურთში რამდენიმე ვარსკვლავმა შეიცვალა მწვრთნელი. ბოლო შემთხვევა რუს მარია შარაპოვას უკავშირდება, რომელმაც თავისი კარიერის პიკზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. მან მწვრთნელად ლეგენდარული ამერიკელი ჯიმი კონორსი აირჩია. ამ ახალი ტანდემის მუშაობის შედეგების შეჯამება წლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი, მანამდე კი ჩვენ გავიხსენებთ ექვს შემთხვევას, როცა მწვრთნელის შეცვლამ საჩოგბურთო ვარსკვლავებს დიდი წარმატება მოუტანა.

ივან ლენდლი - ტონი როჩი, 1985 წელი
ავსტრალიელ ტონი როჩთან თანამშრომლობის დაწყების მომენტში, ჩეხი ჩოგბურთელი უკვე ATP-ის ტურის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ მაინც მსოფლიო ჩოგბურთში გაბატონებული ჯონ მაკინროის
ჩრდილში იმყოფებოდა. სწორედ ამერიკელის საჩოგბურთო ტახტიდან ჩამოგდება განიზრახეს ივანმა და ტონიმ 1985 წელს.
ყველაფერი ბრწყინვალედ გამოვიდა. მომავალ წლებში, ლენდლმა “დიდ სლემზე” თავის ერთადერთ ტიტულს კიდევ შვიდი დაუმატა, აგრეთვე სამი წელი იმყოფებოდა რეიტინგის პირველ საფეხურზე. ერთადერთი მიზანი, რომელსაც ივანმა ვერ მიაღწია, უიმბლდონზე გამარჯვება იყო – ეს ტიტული მან მხოლოდ მწვრთნელის რანგში მოიგო.

პიტ სამპრასი - პოლ ანაკონე, 1995 წელი
ამერიკელი არ აპირებდა მწვრთნელის შეცვლას, მაგრამ ბედმა აიძულა ამის გაკეთება. ტიმ გალიქსონი – სამპრასის ძველი მეგობარი და მწვრთნელი საქმეებს მძიმე ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა (ის 1996 წელს გარდაიცვალა). სამპრასმა სცადა პატრიკ რაფტერისთვის ტონი როჩის “წართმევა”, მაგრამ მწვრთნელმა თავის თანამემამულესთან დარჩენა ამჯობინა.
მაშინ სამპრასი პოლ ანაკონეს მოელაპარაკა, რომელიც იმ მომენტში ტურის მოქმედი მოთამაშე იყო. ბევრი ამ თანამშრომლობას კრახს უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ახალგაზრდა მწვრთნელმა სამპრასისგან კიდევ უფრო მრისხანე და უღალატო იარაღი შექმნა, რომელმაც “დიდი სლემის” კიდევ ცხრა ტიტული მოიტანა.

ენდი როდიკი - ლარი სტეფანკი, 2009 წელი
2009 წელს, ენდი როდიკი თანდათან კარგავდა პოზიციებს და ხანდახან, პროფესიულ ტურში მეორეხარისხოვანი მოთამაშის როლს ასრულებდა. მისი ბრწყინვალე მოწოდება, პერიოდულად, კრახს განიცდიდა, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის სხვა სათამაშო ელემენტებს კი მეტოქეები უკვე კარგად მიეჩვივნენ.

ერთობლივი მუშაობის პირველ ორ წელს, ლარი სტეფანკიმ როდიკს არა მარტო თამაშისადმი ლტოლვა დაუბრუნა, არამედ დიდი გამარჯვებები გაახსენა. მწვრთნელმა ენდი უფრო უნივერსალურ მოთამაშედ აქცია, მისი ტაქტიკური აზროვნება ახალ დონეზე აიყვანა. შედეგად, როდიკმა 2009 წელს ავსტრალიის ღიას ნახევარფინალამდე მიაღწია, მოიგო 2010 წელს მაიამის სუპერტურნირი, 2009 წლის უიმბლდონზე კი როჯერ ფედერერს ფინალში ხუთსეტიანი მარათონი გაუმართა და მოგების ბრწყინვალე შანსი ჰქონდა.

როჯერ ფედერერი - პოლ ანაკონე, 2010 წელი
2010 წლის სეზონი როჯერ ფედერერისთვის არც ისე კარგად ვითარდებოდა. მართალია, მან მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, მაგრამ ვერ დაიცვა ტიტული უიმბლდონზე და ისევ დაუთმო რაფაელ ნადალს პირველი ჩოგანის ტიტული. შვეიცარიელი 30 წლის ასაკს უახლოვდებოდა და არ იცოდა, რა გზით განევითარებინა თავისი კარიერა.

როგორც შემდეგ გაირკვა, ამ სიტუაციაში ფედერერმა ერთადერთი სწორი გზა აირჩია. 2010 წლის ივლისში, შვეიცარიელი თანამშრომლობაზე მოელაპარაკა პოლ ანაკონეს - სავსებით ლოგიკური სვლა, მით უმეტეს, რომ ფედერერი დიდი ხანი სამპრასის მემკვიდრედ აღიქმებოდა. ამ თანამშრომლობას მოყვა მეშვიდე ტიტული უიმბლდონზე, მოგება ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე. რაც მთავარია, ანაკონე დაეხმარა როჯერს დაემხო სამპრასის რეკორდი კლასიფიკაციის პირველ საფეხურზე ყოფნის ხანგრძლივობით.

მარია შარაპოვა - ტომას ჰოგსტედტი, 2010 წელი
მარია შარაპოვას კარიერის სამ ნაწილად დაყოფა შეიძლება – 2005 წლის ავსტრალიის ღიამდე მას მსოფლიოს ჩოგბურთის მთავარ ვარსკვლავად მიიჩნევდნენ, რომელსაც უნდა დაემხო სერენა უილიამსი. 2005-09 წლებში, მარია უბრალოდ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი იყო, მაგრამ მხარის მძიმე ტრავმამ მთელი ცხრა თვით ჩამოაშორა დიდ ჩოგბურთს. ამასობაში, გუშინდელი მეტოქეები ერთ ადგილას არ იდგნენ და შორს წავიდნენ.

დაბრუნება პრაქტიკულად ნულიდან იწყებოდა და მარიამ გადაწყვიტა, რომ მას ამაში უნდა დახმარებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და კვალიფიციური მწვრთნელი – ტომას ჰოგსტედტი. შვედთან ორწლინახევრიანმა თანამშრომლობამ შარაპოვას “მეიჯორების” ოთხი ფინალი, როლან გაროსის ტიტული და კარიერული “დიდი შლემი” მოუტანა, აგრეთვე პირველი ადგილი მსოფლიოს რეიტინგში. ჰოგსტედმა რუსი ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ აქცია გრუნტზე. შეიძლება ითქვას, რომ ჯიმი კონორსმა "მზა პროდუქტი" ჩაიბარა.

ენდი მარეი - ივან ლენდლი, 2012 წელი
უნიკალური სიტუაცია - თანამედროვე ჩოგბურთში ერთ-ერთი წარმატებული ტანდემის ისტორია მწვრთნელის ინიციატივით დაიწყო - ლენდლმა ინტერვიუში განაცხადა, რომ სიამოვნებით იმუშავებდა ენდი მარეისთან. ივანს ბრწყინვალე, მაგრამ წარუმატებელი ბრიტანელი თავის თავს ახსენებდა ახალგაზრდა წლებში. და კიდევ, ჩეხს ახსოვდა, როგორ დაეხმარა მას ტონი როჩი.

სინამდვილეში, ლენდლმა ენდის ერთადერთი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მისცა - საჩემპიონო მენტალიტეტი. სხვა ყველაფერი “კოსმეტიკური ცვლილება” იყო. ჩეხი და ბრიტანელი წელიწადნახევარია ერთად მუშაობენ და ამ დროის განმავლობაში, მარეიმ ოთხჯერ ითამაშა “მეიჯორების” ფინალში, აქედან ორჯერ გაიმარჯვა, ასევე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ბევრს მიაჩნია, რომ სულ მალე ენდი იბრძოლებს მსოფლიოს პირველი ჩოგანის ტიტულისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარია შარაპოვას გარეშე რუსეთი არაფერია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული