ქართველი ჩოგბურთელები: ეკატერინე გორგოძის დუბლი სტამბოლში

AutoSharing Option
სტამბოლში, ჩოგბურთელ ქალთა 15.000-იან საერთაშორისო ტურნირში ორი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა. შესანიშნავად ითამაშა ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ეკატერინე გორგოძემ, რომელმაც ერთბაშად ორი პრიზი დაიმსახურა.

ერთეულებში მან ზედიზედ სძლია მანონ პერას (საფრანგეთი) - 6:2, 6:3, ვასილისა აპონასენკოს (რუსეთი) - 6:2, 6:3, ჟოზეფინ ბუალეს (საფრანგეთი) - 6:0, 6:3 და კაროლინ რომეოს (საფრანგეთი) - 6:2, 6:2. გადამწყვეტ პაექრობაში ასევე იოლად დაამარცხა ამერიკელი სანაზ მარანდი - 6:2, 6:1 და პირველი ადგილი დაიკავა.

ამავე ტურნირში იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის მარიამ ბოლქვაძე. იგი განთესვით მეორე იყო. სტარტზე პაულინა ბაკაიტეს (ლიტვა)
აჯობა - 7:5, 6:1. შემდეგ მის გზას გაუყენა ანეტ მუნოზოვა (შვედეთი) - 6:2, 6:1 და ლუიზ ლამა (საფრანგეთი) - 6:1, 6:2, ნახევარფინალში კი სანაზ მარანდს ვერ გასცდა - 6:7, 3:6.

წყვილებში გორგოძე და ბოლქვაძე პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი. სტარტზე მათ ბოიანა მარინკოვიჩისა (სერბეთი) და კატერინ პესკლის (ავსტრია) დუეტი ჩამოიშორეს გზიდან - 6:2, 6:7, 10:2, შემდეგ მანონ პერასა და კაროლინ რომეოს (ორივე - საფრანგეთი) მოუგეს - 6:3, 3:6, 10:4, ხოლო ფინალში პეტია არშინკოვა (ბულგარეთი), იპეკ ოზი დაჯაბნეს - 6:1, 6:3 და მთავარი პრიზი მოიპოვეს.

ორივე ქართველი ჩოგბურთელი თელავის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) ჩაებმება. სავარაუდოდ, ისინი აქაც პირველ-მეორე ნომრებად იქნებიან განთესილნი. საკვალიფიკაციო ტურნირიდან აიღებენ სტარტს დალიდა ქადარია, ანა სანიძე, ქრისტინა ფუხაევა, თამარ ჭალაგანიძე, თათია მიქაძე და ლიზი მორგოშია.

რადგან თელავის ტურნირი ვახსენეთ, აქვე აღვნიშნავთ, რომ ქალთა შეჯიბრების პარალელურად, აქ ვაჟთა 15.000-იანი მეორე ასპარეზობაც გაიმართება. პირველი გასულ კვირას დამთავრდა. ერთეულებში საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ცივაძემ ორი წრე განვლო - ჯერ ალექსეი ბარიშევს (რუსეთი, 6:2, 4:6, 6:2) მოუგო, მერე მესამე ნომრად განთესილი ბოსნიელი ნერმან ფატიჩი დაამარცხა - 6:2, 6:2, მეოთხედფინალში კი ჩვენებურს ფრანგმა ლორენ დიეპმა დააყრევინა ფარ-ხმალი - 7:5, 6:2.

მხოლოდ ერთ მეტოქეს - მაქსიმ მალიშევს სძლია (6:3, 7:5) ალექსანდრე ბაკშიმ, ფრანგ ვალენტინე ვაჩეროსთან კი ვერაფერს გახდა - 4:6, 7:5, 4:6. პირველივე წრიდან დაემშვიდობნენ შეჯიბრებას მიხაილო კვანტალიანი (უნგრელ ვიქტორ ფილიპენკოსთან დამარცხდა - 2:6, 1:6), შოთა მეფარიძე (ლორენ დიეპთან წააგო - 3:6, 2:6) და ნიკოლოზ დავლიანიძე (მაკედონიელმა ტომისლავ იოტოვსკიმ აჯობა - 6:1, 6:3), ხოლო გიორგი რევაზიშვილმა, ვაჟა შუბლაძემ, ვასილი ჯუღაშვილმა, დავით ჭელიძემ, საბა ფურცელაძემ, ზურა ტყემალაძემ და ლექსო სვანიძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახეს.

წყვილებში გიორგი ცივაძემ და ალექსანდრე ბაკშიმ სტარტზე მეორე ნომრად განთესილი ნერმან ბატიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა) და ანტუნ ვიდაკი (ხორვატია) დაამარცხეს - 6:4, 6:1, მერე მე-4 ნომერ იაპონელებს - შინოსუკე ჰირამაცუსა და შუნსუკე ვაკიტას აჯობეს - 6:3, 7:5, ნახევარფინალში რუსები - ალექსანდრ და მაქსიმ მალიშევები გაისტუმრეს მაყურებლებში - 6:4, 6:3, გადამწყვეტი ორთაბრძოლა კი ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ბორის არიასისა და ფედერიკო ზებალოსის (ორივე - ბოლივია) ტანდემთან დაძაბულ პაექრობაში დათმეს - 6:7, 6:7.

დღეიდან ვაჟებში თელავის ახალი საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდიდან აიღებენ სტარტს შოთა მეფარიძე, ნიკოლოზ დავლიანიძე, მიხაილო კვანტალიანი და გიორგი რევაზიშვილი, ხოლო გიორგი ცივაძე, ალექსანდრე ბაკში, ვაჟა შუბლაძე და ზურა ტყემალაძე ძირითად ბადეში ითამაშებენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიხარია! წარმატებები! :)
ქუთაისელი
18:13 10-07-2017
0
სურათზე კარგი გოგოები არიან ორივე მაგრამ მარცხენა რაღაცნაირი საყვარელია. გაკოცეეე
0

სიახლეები პოპულარული